ჩინეთში, შანხაის ისტორიული რაიონის, The Bund-ის ცენტრში, მდინარე ჰუანგპუს გასწვრივ მდებარეობს ქალაქისა და რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო, რომელიც აზიურ კულტურასა და ისტორიას დასავლეთში დამკვიდრებული სტილისა და გემოვნების აღქმასთან აერთიანებს.
Waldorf Astoria Shanghai ქალაქის ისტორიულ და ამავდროულად, პრესტიჟულ ნაწილში 2 კორპუსს აერთიანებს. ახლად აშენებული Waldorf Astoria Tower უდიდესი მემკვიდრეობის მქონე კომპლექსს - The Waldorf Astoria Club-ს უკავშირდება. შენობა იმ მცირერიცხოვან ღირსშესანიშნაობათა სიაში შედის, რომლებიც შანხაიში კვლავაც შემორჩენილია, ოდესღაც კი აქ ლეგენდარული Shanghai Club მდებარეობდა. ნეოკლასიკური არქიტექტურით ნაგები შენობა 1911 წელს აშენდა, რესტავრაციისა და განახლების მიუხედავად, საარქივო ფოტოსურათებისა და ჩანაწერების მიხედვით მისი პირვანდელი სახე 100 წლის შემდეგაც კი უცვლელად არის შემონახული.
უზარმაზარი, 252-ნომრისაგან შემდგარი სასტუმრო 2 ნაწილად: ისტორიულ Waldorf Astoria Club-ად და Waldorf Astoria Tower-ად არის გაყოფილი. შენობის ისტორიული ნაწილი რესტავრირებულ 20 ლუქს ნომერს აერთიანებს, სადაც ნეოკლასიკურ ინტერიერთან ერთად სტუმრებს მოჩუქურთმებული ხის კარადები, ფაიფურის ჭურჭელი და მდიდრული დასვენებისათვის საჭირო ყველა პირობა ელით. სასტუმროს თანამედროვე ნაწილი კი არტ-დეკოს სტილით არის შთაგონებული და ყვავილებით, ხის ელემენტებითა და შავ-თეთრი მარმარილოთი გაფორმებულ ნომრებს აერთიანებს.
შანხაის ისტორიული ნაწილის და ქალაქის კულტურული ძეგლის აღმოჩენასთან ერთად სასტუმრო სტუმრებს უმაღლესი კლასის სარესტორნო მომსახურებასაც სთავაზობს. იქ არსებული რამდენიმე რესტორანი როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სამზარეულოს კერძების დაგემოვნების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, რესტორანი Pelham მთლიანად ამერიკულ სამზარეულოზეა ორიენტირებული, ხოლო Wei Jing Ge სტუმრებს ტრადიციული კანტონური, შანხაისა და ჰუაი ინგის კერძებით უმასპინძლდება. გარდა ამისა, სასტუმროში სასაუზმე რესტორანი Grand Brasserie-ც ფუნქციონირებს, სადაც უმაღლესი კლასის შეფმზარეულების მიერ შექმნილი ომლეტი, ბელგიური ვაფლი, ბენედიქტი და სხვა სახის საუზმისათვის შესაფერისი კერძები დახვდებათ.
Waldorf Astoria Shanghai სპა მომსახურებითაც არის განთქმული. ძველი, ტრადიციული ჩინური და თანამედროვე პროცედურების შერწყმით შექმნილ, რელაქსაციასა და სიჯანსაღეზე ორიენტირებულ პროცედურებთან ერთად მაღალი სტანდარტების სპა ჰიდროთერაპიას, ორთქლის ოთახებს, ექსპრეს-თერაპიას, ღია და დახურულ აუზებსაც აერთიანებს. თუმცა, გამაჯანსაღებელ პროცედურებთან ერთად სტუმრებს საყვარელი ფიზიკური აქტივობა ფიტნესის დარბაზშიც შეუძლიათ.
ჩინეთის უმნიშვნელოვანეს ცენტრში მდებარე ისტორიული დანიშნულების მქონე სასტუმროში ძველი შანხაი თანამედროვე შანხაის ხვდება. Waldorf Astoria Shanghai აზიის კულტურული თავისებურების წარმოჩენასთან ერთად იდეალურად უსვამს ხაზს შანხაის, როგორც მულტიკულტურული ცენტრის განვითარებასა და დასავლეთთან თეორიულ სიახლოვეს. მრავალწლიანი ისტორიის, ორი შენობის, 252 ნომრისა და მაღალი კლასის სერვისის მქონე სასტუმრო ამჟამად Hilton Hotels & Resorts-ის მფლობელობაშია.
დაწერე კომენტარი