16 ნოემბერს გახმაურებული სერიალის, The Crown-ის ფინალური სეზონის პრემიერა შედგა. ინგლისის სამეფო ოჯახისა და ელიზაბეტ II-ის  ცხოვრებაზე შექმნილი სატელევიზიო შოუს ფინალური ნაწილი უინძორების ყველაზე მასშტაბური მოვლენის - პრინცესა დაიანას სიცოცხლის ბოლო პერიოდისა და მისი გარდაცვალების შესახებ გვიყვება. ერთი შეხედვით ფაქტების აშკარა გადმოცემისა და წარსული სურათების გაცოცხლების მიუხედავად, კრიტიკოსების მხრიდან სერიალის დასკვნითმა ნაწილმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

სეზონი 1997 წლის ზაფხულით იწყება და თავდაპირველი მოვლენები დაიანას გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ვითარდება. განქორწინების შემდეგ სერიალის სიუჟეტი დაიანას ცხოვრებაზეა ფოკუსირებული - ახალგაზრდა, თავისუფალი ქალი, სამეფო ოჯახის წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციებისაგან შორს უკანასკნელ ზაფხულს საფრანგეთში, სენ-ტროპეში,  მეგობრის, მუჰამედ ალ ფაიედის, იგივე მუ მუს, იახტაზე ატარებს. პარალელურად, წყვილის განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულზის ურთიერთობა უკვე საჯაროდ ვითარდება. ქვეყნის მომავალი მეფე სეზონის პირველივე სერიაში კამილას 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, სადაც დედოფალს მომავალი მეუღლის საიუბილეო თარიღზე დასწრებას სთხოვს. დედოფლის წვეულებაზე მისვლა კი წყვილისათვის თანხმობა და კამილასათვის ერთგვარი საჯარო აღიარება უნდა ყოფილიყო, თუმცა ელიზაბეტ II ამ ნაბიჯის გადადგმისაგან თავდაპირველად თავს იკავებს. 

პარალელურად, დაიანა შვილებთან ერთად დროს სენ-ტროპეზე ატარებს, და, რა თქმა უნდა, პაპარაცებისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრესის ყურადღება მთლიანად მასზეა გადატანილი. სწორედ ამ პერიოდში დაიანას ცხოვრებაში დოდი ჩნდება, რომელიც სერიალის სცენარისტების ვერსიით, დაიანას ცხოვრების ახალი სიყვარული და მისი მომავალი მეუღლე სულაც არ ყოფილა. მათი ურთიერთობა გრანდიოზული რომანით იწყება, თუმცა ორი ადამიანის მეგობრობით სრულდება, რომელთაც ოჯახების ზეწოლისა და მათი ზემოქმედების ქვეშ ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვთ. დოდისა და დაიანას მზიანი დღეები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე იდეალურ კონტრასტს ქმნის ბალმორალის ბნელ და ცივ სასახლეს შორის, სადაც ყოფილი უელსის პრინცესას ურთიერთობა და თავისუფლება ყოვლად მიუღებლად და სკანდალურად მიიჩნევა. პარალელურად, დაიანა ხმაურისა და მწვავე კრიტიკის მიღმა, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს. იგი ბოსნიაში ჩადის, რათა ომის შემდგომ ნაღმების საშიშროებასა და მათ საზიანო შედეგებზე მსოფლიო ყურადღება მიიპყროს. ამავდროულად, დოდის მამის, მუჰამედ ალ ფაიდის მოთხოვნით გადაღებული პაპარაცული სურათი წყვილის ურთიერთობის შესახებ, ვირუსულად ედება თითქმის ყველა მედიასაშუალებას, რაც სკანდალის კიდევ ერთ ახალ ტალღას იწყებს. წყვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, პარიზში მყოფი დაიანა შვილებთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს დაჟინებით ამტკიცებს, რომ დოდიზე დაქორწინებას არ აპირებს, რასაც შემდგომ დასმულ კითხვაზე მტკიცე პასუხითაც უარყოფს. 

სკანდალური და დრამატული მოვლენების სწრაფად განვითარებას დაიანას და დოდის მოულოდნელი სიკვდილი წყვეტს. თავდაპირველად, სეზონი ახალგაზრდა მამაკაცის სურათით იწყება, რომელიც პარიზის ქუჩებში, სწორედ იმ დროს, როდესაც ავტოავარიაში დოდი და დაიანა გარდაიცვლებიან, ძაღლს ასეირნებს. მოვლენების აშკარა და ადვილად პროგნოზირებადი განვითარების გარდა, კრიტიკოსების თქმით, სეზონი სერიალის რეალური სურათისაგან განსხვავებით ზედმეტად მსუბუქი და მელოდრამული იყო. განსაკუთრებული კრიტიკა კი დასკვნითი სერიის ერთ-ერთმა სცენამ გამოიწვია, როდესაც გარდაცვლილი დაიანა ყოფილ მეუღლესა და ელიზაბეტ II-ს ესაუბრება. თუმცა, სცენარის ავტორის, პიტერ მორგანის თქმით, ეს სცენა დაიანას მარადიულ სიცოცხლეს უსვამს ხაზს, რადგან იგი ადამიანების გონებაში აგრძელებს ცხოვრებას. ამასთან ერთად, საკმაოდ მწვავედ ჩანს ჩარლზის ემოციები დაიანას გარდაცვლების შემდეგ, რომელიც დედას ლონდონში დაბრუნებას და მისი ყოფილი მეუღლისათვის საჯარო დაკრძალვის ცერემონიის ჩატარებას ითხოვს. Პერსონაჟთა უცნაური განვითარება მე-6 სეზონში საკმაოდ მკაფიოდ ჩანს, ყველაზე ნათელი კი სწორედ პრინცი ჩარლზის დაინასადმი კეთილგანწყობაა, რომელიც მე-4 და მე-5 სეზონის განმავლობაში მის მიმართ მხოლოდ მცირედით თუ გამოუმჟღავნებია. თუმცა, საბოლოოდ, მისი თქმით, თუ სიცოცხლეში ვერა, სიკვდილის შემდეგ სურს მიაგოს საკადრისი პატივი და მოექცეს ისე, როგორც დაიანას შეეფერებოდა. სცენარის ავტორების მიხედვით კი დაიანას საჯარო დაკრძალვის ცერემონია, რომელსაც ათასობით შეკრებილი ადამიანი ესწრებოდა, სწორედ ჩარლზის დამსახურებაა. 

 Სერიალის, მეორე დასკვნითი ნაწილი 14 დეკემბერს გამოვა. აღნიშნული პერიოდი კი დაიანას სიკვდილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე გვიამბობს და 2005 წელს ჩარლზისა და კამილას ქორწინებით დასრულდება. 


ფოტო: Netflix, BBC, The Independent