17 ნოემბერს ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ემერალდ ფენელის ფსიქოლოგიური ტრილერის პრემიერა შედგა. ვარსკვლავური ქასთინგისა და სიუჟეტის საინტერესო განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ფილმის ესთეტიკა და გადასაღები მოედანი იქცევს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი ინგლისში მდებარე მე-11 საუკუნით დათარიღებულ სასახლეში გადაიღეს, რომელმაც კატონების უზარმაზარი რეზიდენციის როლი იტვირთა.
ინგლისის ეროვნული საგანძურის სიაში შესულ შენობათა კომერციული ნიშნით გამოყენება აკრძალულია, შესაბამისად, სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებში ნანახი ზღაპრული სასახლეები მხოლოდ რეპროდუცირებული ვერსიებია. Რეჟისორსა და ფილმის პროდიუსერს, ემერალდ ფენელს უნიკალური ადგილის პოვნა სურდა, სადაც არისტოკრატული კატონების სამყარო იდეალურად იქნებოდა წარმოჩენილი. სწორედ ასე აღმოაჩინეს, ფენელმა და წარმოების დიზაინერმა, სუზი დევისმა ჩრდილოეთ ჰემპტონშირში მდებარე 127-ოთახიანი სასახლე, რომელიც მათ ყველა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებდა. კერძო საკუთრებაში მყოფი სასახლის მფლობელებმა რეჟისორსა და ფილმის წარმოებაში ჩართულ გუნდს სრული თავისუფლება მისცეს, მათ საშუალება ჰქონდათ გადაეადგილებინათ ავეჯი ან შეეცვალათ დეკორაციები, თუმცა ერთი პირობით - არცერთ მათგანს სასახლის რეალური სახელწოდების გათქმის უფლება არ ჰქონდა.
სასახლე ოფიციალური ცნობების თანახმად დაახლოებით 1300 წელს აშენდა, თუმცა ამ ტერიტორიის შესახებ თავდაპირველი ინფორმაცია 1066 წლიდან მოიპოვება. 7 საუკუნის განმავლობაში სასახლემ ტრანსფორმაცია რამდენჯერმე განიცადა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 1700 წელს, როდესაც იმ დროს გაბატონებული ბაროკოს სტილის შთაგონებით განახლდა. ფილმში სასახლის არაერთი ოთახი გამოიყენეს, მათ შორის - აუზები, სამლოცველო და ბაღებიც. გამომდინარე იქიდან, რომ სიუჟეტი 2006 წელს ვითარდება, რეჟისორისა და წარმოების დიზაინერის სურვილით სასახლის ინტერიერს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებიც შეემატა, მათ შორის - ქანდაკებები და ავეჯიც, რომლებიც ლონდონში მდებარე ცნობილი საკვირაო აუქციონიდან, Lots Road Auctions-იდან მიიღეს. ამასთან ერთად, ფილმის საპროდიუსერო გუნდმა რაიან მოსლისა და კოლინ ჰარისის ნამუშევრების რეპროდუცირების ნებართვაც მიიღო, ხოლო კატონის ოჯახის წევრების პორტრეტები, რომლებიც სასახლის არაერთ ოთახს ამშვენებს, კინომხატვარ ჯეისონ ლაინს ეკუთვნის.
ფილმის კულმინაციური სცენისათვის აუცილებელ კომპონენტს ლაბირინთი წარმოადგენდა. მის შესაქმნელად კი წარმოების დიზაინერმა ლაბირინთის დიზაინერი, ადრიან ფიშერი დაიქირავა, თუმცა სასახლის ბაღებში მისი მთლიანად აგება შეუძლებელი შეიქნა. სწორედ ამიტომ, ლაბირინთის გარკვეული ნაწილის საჩვენებლად CGI-ს გამოყენება გახდა საჭირო.
Სასახლის არქიტექტურისა თუ ინტერიერის გრანდიოზული სილამაზის მიუხედავად, რეჟისორის მთავარი სურვილი არა მისი ბრწყინვალების წარმოჩენა, არამედ მისი როგორც ერთი ოჯახის სახლის ჩვენება იყო. სასახლეში მაყურებელი ხვდება სცენებს, სადაც სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლეები და ჭუჭყიანი ბროლის ჭურჭელი ჩანს, რაც ელეგანტურობასა და ზღაპრულობასთან ერთად, რეალურობის განცდას აღვივებს. როდესაც რეჟისორი ადგილს პირველად ეწვია, სასახლის შუაგულში მდებარე ბიუსტებს სულელური ქუდები ეხურათ. ერთი შეხედვით კომიკურმა მომენტმა ემერალდ ფენელი საკუთარი გადაწყვეტილების სიზუსტეში დაარწმუნა, რომ ეს გრანდიოზული სახლი გრანდიოზული ნივთებითვე პერსონაჟებისათვის ჩვეულებრივი, მხიარული სახლი უნდა ყოფილიყო, თავისი ყოველდღიური არეულობით. მისი თქმით, სასახლე კარავაჯოს ნახატს უნდა დამსგავსებოდა, რომელიც ელეგანტურობასა და ბრწყინვალებასთან ერთად, ამბის მსგავსად, მოულოდნელად დამახინჯდებოდა.
ფოტო: Architectural Digest, The Telegraph, Town & Country Magazine
დაწერე კომენტარი