მხატვარი და დიზაინერი, ანდრეს რეისინგერი ვირუსულად გავრცელებული ცნობილი ნამუშევრების სერიას - take over სულ მალე რეალურად აქცევს. არტისტი 4 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარე  Miami Art Week-ის ფარგლებში საჯარო ფიზიკურ ინსტალაციას - take over Miami-ს წარმოადგენს და ქალაქს თავისი უკვე კარგად ნაცნობი ვარდისფერი შემოქმედებითი ენერგიით აავსებს

ციფრულმა ხელოვანმა ცნობილი ნამუშევრების სერია 2023 წლის იანვარში დაიწყო. ეს პროექტი გლობალური დედაქალაქების არქიტექტურის ახლებური სახით წარმოდგენასა და მათ ვარდისფერ საბურველში გახვევას გულისხმობდა. ჰიპერრეალისტური შემოქმედება ფიზიკურ და ციფრულ ნამუშევრებს შორის საზღვრებს თითქმის მთლიანად აბათილებდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა, თუმცა ინოვაციურობით გაჯერებულმა ნამუშევრებმა ლონდონი, რომი, პარიზი, ტოკიო და ნიუ-იორკი ვირტუალურად მოიცვა, თუმცა ამჯერად მაიმის დიზაინის ოლქთან თანამშრომლობით ანდრეს რეისინგერი საკუთარ წარმოსახვას რეალობად აქცევს. პირველი ფიზიკური ინსტალაციის ფარგლებში არტისტი ხელოვნების მოყვარულებს იწვევს, რათა ერთად გარდაქმნან სივრცე ვარდისფერ ოცნებად, სადაც ფანტაზიისა და რეალობის საზღვრები ერთმანეთს ხვდება.