იაპონიის Aomori-ს ხელოვნების მუზეუმი იოშიტომო ნარას სოლო გამოფენას მასპინძლობს. სადებიუტო პერსონალური გამოფენიდან 10 წლის შემდეგ არტისტი მუზეუმში მეორე სოლო გამოფენით - The Beginning Place - ბრუნდება. გამოფენა ნარას წარსულსა და აწმყოში მოგზაურობის თემატიკას უკავშირდება და სტუდენტობის დროინდელ ნამუშევრებთან ერთად, 2011 წლის ტოჰოკუს მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გასული 12 წლის განმავლობაში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. The Beginning Place-ის გამოფენის ფარგლებში მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრები - ნახატები, ფოტოგრაფია, ჭურჭელი და ქანდაკებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, გამოფენა მკვეთრად უსვამს ხაზს იოშიტომო ნარას ომის საწინააღმდეგო თემებსა და საზოგადოებაზე მის გავლენას. 

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს წარმოდგენილ ნამუშევართა შორის ყველაზე გამორჩეული ძაღლის მონუმენტური სკულპტურა ხვდებათ, რომელიც Aomori-ს ხელოვნების მუზეუმის გარე სივრცის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ძაღლი დიდი ხანია ნარას შემოქმედების სავიზიტო ბარათად არის ქცეული, რომელიც გიგანტური საჯარო ქანდაკებების ფორმას საკმაოდ ხშირად იღებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი სწორედ 1997 წელს შექმნილ ძაღლის სკულპტურას უკავშირდება, რომელიც Your Dog-ის სახელით არის ცნობილი. Aomori-ს ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილ განახლებულ ძაღლის კოლოსალურ ქანდაკებას The Aomori Dog ეწოდა.  8,5 მეტრის სიმაღლისა და 6,7 მეტრის სიგანის  სკულპტურასთან ერთად დამთვალიერებლებს ადგილზე Miss Forest-ის ქანდაკებაც დახვდებათ. 

იოშიტომო ნარა ნაპოვნ ხის ნაჭრებსა და მუყაოზე მუშაობით არის განთქმული, სწორედ ამიტომ გამოფენისათვის შექმნილი სპეციალური ბილეთი ვაშლის ხის კვადრატულ ნაწილზეა შესრულებული. ფირფიტაზე ახალგაზრდა გოგონასთან ერთად წარწერაა გამოსახული, სადაც გადახაზულია სიტყვა “ხვალ” და ვკითხულობთ: “ხვალ შორს არის”. ფრაზა შესაძლებელია გამოფენის მთავარ მოტივს - დროში მოგზაურობას უკავშირდებოდეს. 

იაპონიის უდიდესი ხელოვნების მუზეუმი იოშიტომო ნარას ნამუშევრებს 1990 წლიდან აგროვებს, შედეგად Aomori დღეს არტისტის 170-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. ნარას შემოქმედების მსოფლიოში უდიდესი კოლექციით ექსკლუზიურად გამართულ გამოფენას ხელოვნების მუზეუმი 2024 წლის 25 თებერვლამდე უმასპინძლებს.


ფოტო: Designboom, Cool Hunting