ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, მაშინ როცა ერთი მათგანი 18 წელს მიუღწეველია - ასეთია ნაადრევი, იგივე ბავშვობის ასაკში, ქორწინების განმარტება, რომელიც, სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ერთად გენდერულ სტერეოტიპებთან, სოციალური, ეკონომიკური თუ განათლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე  მწვავე პრობლემაა, იმის მიუხედავად, რომ  სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ქორწინება ჩვენს ქვეყანაში გამონაკლისის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. როგორც ჩანს, აღნიშნული კანონი სათანადოდ ვერ მუშაობს, რადგან სინამდვილეში ამ ორი ადამიანის კავშირი ხშირ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანომდე  ვერც აღწევს, რჩება სტატისტიკის მიღმა და ნიშნავს იმას, რომ ისედაც შემაშფოთებელი რიცხვები რეალურად იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის 2018 წლის კვლევაშია მოცემული. ეს ფონდი უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლიოში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ იბრძვის და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად  მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. სულ ცოტა ხნის წინ მათ კომპანია "ბოდიშოპიც" შეუერთდა, რომელიც ადრეული ქორწინებს პრევენციის პროცესში თავის წვლილს შეიტანს.


გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევაში წარმოდგენილი ოფიციალური რეალობა კი ასეთია:  გამოკითხული 20-დან 24 წლამდე ასაკის ქალების დაახლოებით 14% სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე  დაქორწინდა, მაშინ როცა მამაკაცებში იგივე პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 0.5-ს აღწევს.  ეს ძალიან დიდი სხვაობა იმაზე მიანიშნებს, რომ ადრეული ქორწინება ჩვენს ქვეყანაში ძირითადად  გენდერული უთანასწორობითაა გამოწვეული, რაც არა მხოლოდ აქ მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებშია გავრცელებული, როგორც ეს სტერეოტიპულად მიიჩნეოდა, არამედ  მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ პრობლემას წარმოადგენს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც გოგონებში ადრეულ ქორწინებას უწყობს ხელს, განათლება და სიღარიბის გამო მასზე ხელმისაწვდომობაა. ხშირ შემთხვევაში სიღარიბეში მცხოვრები ოჯახისთვის გოგონების ადრეულ ასაკში "გათხოვება" სასურველი გამოსავალი და სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა, სამაგიეროდ კი შედეგი ასეთია: ადრეულ ასაკში დაოჯახებული გოგო იძულებულია სწავლას თავი დაანებოს და თავიდან ბოლომდე შვილების აღზრდას ან საოჯახო საქმიანობას მიჰყოს ხელი, როგორც ამას ისევ და ისევ გავრცელებული გენდერული დოგმები უკარნახებს. ამიტომაცაა, რომ  ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონების სტატისტიკაში მნიშვნელოვანი სხვაობაა - მათ შორის, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო და მათ შორის, ვისაც სწავლა საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ამ და სხვადასხვა მიზეზით აღარ გაუგრძელებია.


ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი არ არის და ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მიზეზი ამ პრობლემას მთლიანად ვერ აღწერს,  მით უმეტეს, რომ არსებობს დაუწერელი ტრადიციული და კულტურული ნორმები, რომელთა გამოც "მსხვერპლი" სინამდვილეში საერთოდაც ვერ იაზრებს, რომ მსხვერპლია, პირიქით,  ამ მანკიერი ცნობიერების გამო, თუკი ვიღაცისთვის ბავშვობის ასაკში ოჯახის შექმნა თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა, ვიღაცისთვის ის შესაძლოა სასურველი არჩევანი იყოს. გამოსავალი კი ორივე შემთხვევაში განათლებაა.


რიცხვები და სტატისტიკა განსხვავდება მრავალი ნიშნით და სულ სხვადასხვაა სოფლად და ქალაქად, ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებს შორის, სოციალურად დაუცველ თუ ეკონომიკურად მყარ  ოჯახებში, მათ შორის, ვისაც უმაღლესი განათლება ან მხოლოდ საშუალო სკოლის ატესტატი აქვს, თუმცა გავრცელებულია თანაბრად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა და ეს რომ ასე აღარ იყოს, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯები განათლების სასარგებლოდ და მათი  მხარდაჭერა, ვინც ჯერ დაკარგული ბავშვობის, შემდეგ კი სწავლის, განათლების, განვითარების  და ღირსეული მომავლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. 

მსგავსი მხარდაჭერა უკვე გამოთქვა კომპანია The Body Shop-მა, რომელიც  ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისთვის ისედაც დაარსების დღიდან იბრძვის. დღეს კი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის პროცესშიც ერთვება და გაეროს მსოფლიო ფონდის საქართველოს ოფისთან და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით სპეციალური სტიპენდიას სთავაზობს იმ მოზარდ გოგონებს, რომლებიც ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული რიგი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან.