„რაც თავი მახსოვს, ვხატავ. თუმცა, გარკვეულ ასაკამდე, წარმოდგენა არ მქონდა იმ შესაძლებლობებზე, რითიც ტექნიკის და ტექნოლოგიების სამყაროა სავსე. ვერ წარმომედგინა, რომ შემეძლო ჩემი ბავშვური გატაცება სერიოზულ საქმიანობად, რეალურ პროფესიად მექცია”. iTechnics-ის კამპანიის ამბასადორი — ბაიკო ფირცხალაიშვილი თვითნასწავლი ილუსტრატორია. არც კი ახსოვს, ხატვა როდის დაიწყო — უბრალოდ, იცის, რომ ყოველთვის ხატავდა. სწავლისას, მულტფილმების ყურებისას, მოწყენილობისას... ხატვა იყო მისი თამაშიც, გართობაც და გარესამყაროს აღმოჩენის გზაც. ხატვა თამაშით და თამაში ხატვით
„ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, პირველ რიგში, ხატვა მახსენდება. ფანქარი სულ ხელში მეჭირა. აი, სკოლაში ხომ არიან სხვადასხვა პერსონაჟები — ზოგი ხუმარაა, ზოგი ბევრს ლაპარაკობს, ზოგი ლამაზად წერს… ჩემი პერსონაჟი ყოველთვის მხატვარი ბაიკო იყო. ვგიჟდებოდი მულტფილმებზე და ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, ტელევიზორს რომ მივუჯდებოდი, ფერად-ფერად მულტფილმებს ვუყურებდი და თან, პარალელურად, ვხატავდი. ამაზე იდეალური გართობა ჩემთვის არ არსებობდა. ის შეგრძნება ახლაც მახსოვს — ხატვა, სიმშვიდე და მულტფილმების ხასხასა ფერები, რომლებიც მაშინდელ შავ-თეთრ გარემოს ახალისებდა. ვხატავდი ლამაზ ნივთებს და პერსონაჟებს. თან, ვთამაშობდი — დახატულ პერსონაჟებს ამბებს ვუფიქრებდი, გონებაში მათ შესახებ მულტფილმებს ვაწყობდი. მოკლედ, ხატვა იყო ჩემთვის თამაშიც, გართობაც, განტვირთვაც, ყველაფერი”.
დაახლოებით, პირველი კლასიდან, უკვე კომპიუტერთან ჰქონდა წვდომა და Paint-ის პროგრამაში ხატავდა. თუმცა, ბუნებრივია, თანამედროვე სახატავი პროგრამების შესახებ, ჯერ არაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა მისი პიროვნების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება იყო, თავდაპირველად, პროფესიად ქცევაზე არც კი უოცნებია. ვინ უნდა გამოვიდე?
„Paint-ის პროგრამა, კომპიუტერში ხატვა — ახალი სამყარო იყო. ძალიან მაინტერესებდა და მსიამოვნებდა. კომპიუტერის გამოყენება კარგად რომ არ ვიცოდი, ყველაფერს ხელს ვაჭერდი და ასე ვსწავლობდი. ვხატავდი გაუჩერებლად. ჩემ გარშემო, გარკვეულ ასაკამდე, ყველა ბავშვი ხატავდა, თუმცა, რომ გაიზარდნენ, შეწყვიტეს. მე კი, სულ ვხატავდი. თუმცა, ხატვის მიმართ ასეთი ძლიერი მიზიდულობის მიუხედავად, პროფესიად ქცევა ვერ წარმომედგინა. სამხატვროში რომ ჩამებარებინა, არ ვიცოდი, რა პროფესია მექნებოდა. ასეთი მოსაზრება იყო, რომ თითქოს, სამხატვროდან მხოლოდ ფერმწერი, ან ინტერიერის დიზაინერი გამოხვიდოდი. პრინციპში, მაშინ ასეც იყო. მე კი, არც ერთი მაინტერესებდა და არც მეორე. ერთი პერიოდი, არქიტექტურით დავინტერესდი. სკოლაში გოგოებს ჭრა-კერვის გაკვეთილს გვიტარებდნენ, ბიჭებს კი — ხაზვისას. მასწავლებელს ვთხოვე, ხაზვის ჯგუფში ჩავესვი, რადგან ხატვასთან და არქიტექტურასთან ახლოს იყო. თუმცა, ბოლოს არქიტექტურაც გადავიფიქრე. ძალიან რთულია, როცა მომავალი პროფესიის შერჩევა — ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გიწევს. არც გარემო, არც სკოლა არაა ორიენტირებული იმაზე, რომ მისწრაფებების გამოვლენაში, შესაძლებლობების გამოცდაში დაგეხმაროს, ან არსებულ პროფესიებზე ინფორმაცია მოგაწოდოს. საბოლოოდ, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ხატვით ვერაფერს მოვახერხებდი და სამსახურიც კი არ მექნებოდა. ამიტომაც, ყველაზე პრაგმატული ფაკულტეტი — ბიზნეს ადმინისტრირება ავირჩიე”.ხატვის ხელახალი აღმოჩენა
„ოდნავადაც არ მაინტერესებდა ის, რასაც ვსწავლობდი. უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ შედარებით ზოგადი მიმართულება იყო და სწავლის პროცესში, გარკვეული პროფილების შერჩევის შესაძლებლობა მექნებოდა. თუმცა, საბოლოოდ, ამან კიდევ უფრო დამაბნია. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მეკეთებინა, ვინ უნდა გამოვსულიყავი. ერთადერთი, რაც უნივერსიტეტში სწავლისას მომწონდა, პრეზენტაციების აწყობა იყო. გუნდურ ბიზნესპროექტზე რომ ვმუშაობდით, კურსელებმა მე ლოგოს აწყობა დამავალეს. მოკლედ, იქაც მხატვარი ბაიკო ვიყავი. ეს პერიოდი ძალიან სტრესული იყო. ჩემს ცხოვრებაში პირველად დადგა ეტაპი, როცა აღარ ვხატავდი. დავითრგუნე, ხალისი აღარ მქონდა. ვფიქრობდი, რომ ხატვა ვერანაირ სარგებელს ვერ მომიტანდა და უბრალოდ, დროის ფლანგვა იყო. დაახლოებით 4 წელი, საერთოდ არ დამიხატავს, სანამ ერთ დღესაც, Pinterest-ზე ნახატი არ შემხვდა, რომელიც ჩემი ბავშვობის ნახატებს წააგავდა. ამან ხატვის ნოსტალგია გამიღვიძა. სხვა ნამუშევრების დათვალიერება დავიწყე, მერე ერთ ტუტორიალზე აღმოვჩნდი და უცებ, ძალიან მომინდა, ისევ დამეხატა. დავხატე კიდეც — ორი ვერსია. ერთი ჩემით, მეორე კი, ტუტორიალის რჩევების მიხედვით. რომ შევადარე, მივხვდი, რომ ძალიან დიდი განსხვავება იყო — მეორე გაცილებით კარგი გამოვიდა. ამ დროს აღმოვაჩინე ტაბლეტიც — მოწყობილობა ციფრული ხატვისთვის. აღვფრთოვანდი, რომ თურმე, ამდენი შესაძლებლობა არსებობს საქმეში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს. მაგ დროს, მაგ დროს, ხატვა ისევ დავიწყე. თითქოს, ხელახლა აღმოვაჩინე”. ბაიკო შემოქმედებით ინდუსტრიაში
ამ დროიდან, დაიჯერა, რომ ხატვის პროფესიად ქცევა, სინამდვილეში, არც ისეთი წარმოუდგენელი იყო. გადაწყვიტა, საკუთარ ოცნებაზე უარი არ ეთქვა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი გატაცება ილუსტრაციების ხატვა იყო, იმ პერიოდში, ნახატის ტიპის ნამუშევრებს კომერციულ პროექტებში ნაკლებად იყენებდნენ. ამიტომაც, უფრო მეტად, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობდა, თუმცა, ესეც ძალიან აბედნიერებდა — უკვე ბევრად ახლოს იყო მიზანთან, რომელიც მთელი გულით ჩაიფიქრა.
„გამიჩნდა იმედი და რწმენა, რომ ამ მიმართულებით განვითარებას და დასაქმებას შევძლებდი. ამ პერიოდში გავიგე შემოქმედებითი სააგენტოების არსებობის შესახებ. ეს სფერო ჩემთვის კიდევ ერთი აღმოჩენა და შესაძლებლობებით სავსე სამყარო იყო — თურმე არსებობდა სივრცე, სადაც შეგეძლო საკუთარი შემოქმედებითი მხარე გამოგეცადა; ადგილი, სადაც შენი ყოველდღიური სამუშაო პროცესი კრეატიული იდეების შემუშავება და შენი ნაფიქრის აღსრულება იყო. განსაკუთრებით, კრეატიული სააგენტო ლივინგსტონით მოვიხიბლე. მათ ნამუშევრებს თვალი გადავავლე თუ არა, მაშინვე ჩემი ოცნების სამსახურად იქცა. რაღაცნაირად, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ იქ მოვხვდებოდი, ვიპოვიდი ყველაფერს, რაც მჭირდებოდა. ახლაც ცხადად, თვალწინ მიდგას ის მომენტი, რომ გავიფიქრე — ბევრს ვიმუშავებ, ვისწავლი და 2 წელიწადში ლივინგსტონში რეზიუმეს გავგზავნი, რომ სამსახურში ამიყვანონ-მეთქი. დღემდე არ მჯერა, რომ ეს ისტორია ჩემზეა, მაგრამ ზუსტად 2 თვეში, ლივინგსტონში ვმუშაობდი. ყველაფერი, რაც ვისწავლე, სწორედ ლივინგსტონის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც გუნდში დამხვდნენ. იმაშიც ძალიან გამიმართლა, რომ ჩემში გრაფიკულ დიზაინერზე მეტად, ილუსტრატორი დაინახეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომევლინა. მაშინ მივხვდი, რა კარგ სფეროში აღმოვჩნდი, რა კარგ ადამიანებთან ერთად გიწევს მუშაობა, როცა ამ ინდუსტრიის ნაწილი ხარ. მაშინ ვიპოვე ჩემი თავი. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობდი, ერთი მხრივ, როგორც ილუსტრატორი, მეორე მხრივ კი, როგორც შემოქმედებითი გუნდის წევრი. მაშინ გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებ, შინაარსი და სათქმელი ჰქონდეს. რომ ჩემი საქმიანობა, რეალურად, ძალიან პრაქტიკული, ლოგიკურია და ამოცანის ამოხსნას წააგავს. თითქოს, უამრავი საკვანძო სიტყვა გაქვს, რომლებიც უნდა შეკრიბო, მთავარი აზრი კი, ილუსტრაციით გადმოსცე. ან კონკრეტული პრობლემა გაქვს და შენი ნამუშევრით მის გადაწყვეტაზე უნდა იზრუნო. ძალიან შემიყვარდა ისეთ დავალებებზე მუშაობა, რომლებშიც შინაარსი დევს და დღეს აბსოლუტურად ყველა ბრიფს სწორედ ასე ვუდგები. ჯერ შინაარსს ვეძებ, ვიაზრებ, ვაფორმულირებ, აღსრულებაზე კი, ამის შემდეგ გადავდივარ”. ჯილდოები კანის ფესტივალზე
მიუხედავად იმისა, რომ განვლილ გზას თავად სწავლისა და განვითარების პერიოდად აფასებს, მისი განსაკუთრებულობა და პროფესიონალიზმი, ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე, არაერთხელ დადასტურდა. კანის ლომების ახალგაზრდულ კონკურსზე, ბაიკომ გამარჯვება, ზედიზედ, ორჯერ მოიპოვა და საქართველოს სახელით, გლობალურ ფესტივალზე იასპარეზა. „ამ ინდუსტრიაში ფეხის შემოდგმიდან ზუსტად მეორე დღეს, კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსზე გავედი. თითოეული მონაწილეობა — წაგებაც და მოგებაც, ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო. საკუთარი თავის შეფასების და გადამწყვეტ მომენტში, შენი ყველა უნარ-ჩვევის გამოცდის უნიკალური შესაძლებლობაა. პირველ ჯერზე, ქეთი ყიფშიძესთან ერთად, პრინტის კატეგორიაში გავიმარჯვე. პრინტების შექმნა ყოველთვის მიზიდავდა — დიდ და მნიშვნელოვან სათქმელს ერთ, მოკლე ანდაზად გადმოსცემ. პროცესს ძალიან მარტივად მივუდექით, ნაკლები სტრესის გარეშე — მხოლოდ სიამოვნებისთვის. აღმოჩნდა, რომ ამ მიდგომამ გაამართლა. შემდეგ წელს მარკეტერის კატეგორიაში მე და ელენე დანელიამ გავიმარჯვეთ. მარკეტერები ჩემთვის სრულიად ახალი სპეციფიკა იყო, რადგან პირდაპირ ჩემს პროფესიას არ უკავშირდებოდა. თუმცა, პროცესი იმაზე საინტერესო და ინტენსიური აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. შემოქმედებით იდეებზე ფიქრი ძალიან მიყვარს, ფიქრის პრინციპი კი, მაინც ერთია — უბრალოდ, საბოლოოდ, სხვადასხვა ფორმატის შედეგს იღებ".
სტერეოტიპები
„დიზაინერები არ ფიქრობენ, სხვის მოფიქრებულს აწყობენ — ეს ის სტერეოტიპია, რომელიც ჩემი კარიერის არცერთ ეტაპზე არ დადასტურებულა. არც მე მიმუშავია ასე და არც რომელიმე დიზაინერს, ვისაც ვიცნობ. ზოგადად, მჯერა, რომ როცა პროექტში საწყისი ეტაპიდანვე ერთვები, თავად იაზრებ, ფიქრობ და ყველაფერს ლოგიკურ შინაარსს სძენ, შემდეგ ეს პროექტი შენთვისაც უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი ხდება. აუცილებლად უნდა მჯეროდეს და მესმოდეს იმის, რასაც ვაკეთებ”. ხატვა თავისუფალ დროს
ყოველთვის მაინტერესებდა ე.წ ლეთერინგების – ასო-სიმბოლოების ხატვის მიმართულება. თან გული მწყდებოდა, რომ დიზაინ პლატფორმებზე ქართული ანბანის ლეთერინგები ნაკლებად მხვდებოდა. ვფიქრობდი, რომ ამ საქმეს კალიგრაფიის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა სჭირდებოდა და ძალიან დიდხანს, საერთოდ არ ვეკარებოდი. ერთხელაც, გავბედე და თავისუფალ დროს, ერთი სიმბოლოს ხატვა დავიწყე. შემდეგ მეორე, მესამე მიჰყვა და ბოლოს, 33-ვე ასო დავხატე. დღეს კი, ძალიან ხშირად ვხატავ ქართულ სიტყვებს, გზავნილებს, სხვადასხვა კომერციული პროექტისთვის. ზუსტად ასე ვუფრთხოდი პეიზაჟებსაც — ვფიქრობდი, რომ არ გამომივიდოდა. ერთხელაც, გადავწყვიტე, უბრალოდ მეცადა. დღეს კი, პეიზაჟებს კომერციული პროექტებისთვისაც ხშირად ვხატავ. მათ შორისაა ამერიკული Self Care Journal-იც, რომლის ყდის დიზაინზეც ვიმუშავე. პირადი პროექტებიდან განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი დახატული ზღაპარი. ჩემმა მეგობარმა მომიყვა, როგორ ეძებდა პატარაობისას, მიწაზე ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს. ეს ისტორია დამამახსოვრდა და ჩავიფიქრე, რომ დაბადების დღისთვის ამ ამბით შთაგონებულ პოსტერს დავუხატავდი. თუმცა, მონახაზის გაკეთება რომ დავიწყე, ერთ ილუსტრაციაში ვერ ჩავატიე. მეორე კომპოზიციაც დავხატე, შემდეგ მესამე მივახატე… საბოლოოდ, ნახატებთან ერთად, ტექსტიც დავწერე და ზღაპრად ვაქციე”.დღეს ბაიკო ფრილანსერია და დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობს. განსაკუთრებულად ახარებს, რომ ახლა საქმესთან ერთად, დრო პირადი ნამუშევრების შექმნისთვისაც რჩება.
„პირად პროექტებზე მუშაობისას ყველაზე მეტ სიახლეს აღმოვაჩენ და ვსწავლობ ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ განსაზღვრული დრო და შეზღუდვები არ მაქვს, ამიტომაც, თავს მეტის უფლებას ვაძლევ, უფრო ვრისკავ. ახლა, როცა უკვე ფრილანსერი ვარ, გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი ჩანაფიქრები — ის, რის განხორციელებასაც სრულ განაკვეთზე მუშაობისას ვერ ვახერხებდი, რეალობად ვაქციო. მაგალითად, ძალიან მინდა წიგნების ყდებზე მუშაობა და ამ მიმართულებით განვითარებას ვაპირებ. მჯერა, რომ შრომა და ცდა ყველაზე მნიშვნელოვანია. სულ უნდა გახსოვდეს, რომ თუ გაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ სამყაროში ის იპოვე, რისი კეთებაც გიყვარს — ესე იგი, ძალიან გაგიმართლა. ამიტომაც, ბევრი უნდა იშრომო, მუდმივად გაწვრთნა ხელიც და გონებაც. ამას, პირველ რიგში, ჩემს თავს ვეუბნები”. ტექნიკა და ხატვა
„რომ არა ტექნიკა — არ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ. განსაკუთრებით, ჩემს პროფესიაში უდიდეს როლს ასრულებს Apple-ის ტექნიკა. დიზაინერების ერთ-ერთი პრობლემა ყოველთვის ფერებია — ხშირად, სხვადასხვა მოწყობილობაში ნამუშევარი სულ სხვადასხვანაირად გამოიყურება. Apple კი, მაქსიმალურად ზუსტ ფერებსა და გამოსახულებას აჩვენებს. ამავდროულად, ძალიან კომფორტულია ის, რომ Apple-ის ინტერფეისში არაფერია ზედმეტი, რაც საქმეზე კონცენტრირებაში გეხმარება. ძირითადად, iMac-ზე ვმუშაობ — დიდი ზომის გამოსახულება ნამუშევრის უკეთ აღქმის საშუალებას მაძლევს. ამავდროულად, აქტიურად ვიყენებ iPad-ს — ვხატავ Procreate-ში, ილუსტრატორებზე გათვლილ პროგრამაში, რომელიც ექსკლუზიურად, Apple-ის მოწყობილობებთანაა თავსებადი. მოკლედ, ტექნიკა ჩემი ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინე. დღემდე, ხანდახან, ხატვის დროს, უცებ შევჩერდები ხოლმე და გამეღიმება — თითქოს, ხელახლა ვაფასებ ხოლმე, როგორ გამიმართლა”.
დაწერე კომენტარი