ცოტა ხნის წინ ქართული მოდის ინდუსტრიაში საინტერესო თანამშრომლობა შედგა, რომელმაც საერთაშორისო მოდის სფეროსა და წამყვანი სავაჭრო პლატფორმების ყურადღება დაიმსახურა.
ვიზუალური ხედვისა და ესთეტიკის იდენტურმა აღქმამ ორი ბრენდი - ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI და Mōule Jewelry ჯერ კიდევ კოლაბორაციამდე დააკავშირა. Mōule Jewelry-ის სამკაულები დიდი ხნის განმავლობაში ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI- ის კამპანიების ფოტოგადაღებებზე დიზაინერის სამოსს ამშვენებდა, თუმცა არაოფიციალურმა თანამშრომლობამ ძალიან მალე ფორმალური სახე მიიღო და კოლაბორაციის იდეა გაჩნდა. თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ კოლექციაზე დიზაინერები - ნიკო კეჟერაშვილი და ალექსანდრე ახალკაციშვილი 6 თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა თითოეული ნამუშევარი მათი დასახული მიზნისა და სურვილის შესაბამისი ყოფილიყო.
საბოლოოდ, 6-თვიანი უწყვეტი მუშაობის შედეგად მიღებული კოლექცია ბრენდებმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში შოურუმში წარმოადგინეს. მოდის დედაქალაქში ექსკლუზიურად წარმოდგენილმა კოლექციამ საერთაშორისო პლატფორმების ყურადღება მიიპყრო. შედეგად, მარტიდან ნამუშევრების შეძენა Ssense-სა და H.Lorenzo-ს პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი. თუმცა, გაზაფხულამდე ბრენდები pre-order გაყიდვების დაანონსებას გეგმავენ.
ALEKSANDRE AKHALKATSISHVILI - ალექსანდრე ახალკაციშვილის მიერ დაფუძნებული ქართული ბრენდია, რომელიც ქართულ თუ საერთაშორისო ბაზარზე დიდი წარმატებით მოღვაწეობს. ქართველი დიზაინერის სამოსი ისეთ გლობალურ საერთაშორისო პლატფორმებზეა წარმოდგენილი, როგორებიცაა Farfetch და Ssense. ამასთან ერთად, ბრენდის კოლექციების ფიზიკურად შეძენა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიათა ქსელებშია შესაძლებელი.
ბრენდის საინტერესო ესთეტიკა ბაზარზე ახლად გამოჩენილ სამკაულების ბრენდთან, Mōule Jewelry-სთან სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა. ქართული სამკაულების ბრენდი ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. არსებობის მცირე პერიოდის მიუხედავად, ბრენდმა გლობალურ ბაზარზე დიდი მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა. ამასთან ერთად, ოქროსა და ვერცხლის სამკაულების მრავალფეროვანი არჩევანი საერთაშორისო გამოცემების, Vogue-ს, Harper’s Bazaar-ისა და ELLE-ს ფურცლებზეც გამოჩნდა.
დაწერე კომენტარი