მარი ყალაბეგაშვილი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის მესამეკურსელია. მისი შემოქმედებისთვის ბევრ სხვადასხვა მედიუმში შექმნილი ფერწერული ტილოები, ობიექტები თუ ინსტალაციებია დამახასიათებელი, რაც თავის მხრივ ხელოვანის იმ სურვილს უკავშირდება, რაც შეიძლება მეტ მასალასა და მდგომარეობაში გამოცადოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. 

ჟურნალი Hammock-ისა და VAADS-ის თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ ხელოვან მარი ყალაბეგაშვილთან, რომელიც საკუთარი შემოქმედების, დამოკიდებულებებისა, მუშაობის პროცესის შესახებ გვიყვება. 



პირველად როდის დაინტერესდი და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდი ხელოვნებაში?

ეს კითხვა საკუთარი თავისთვისაც მაქვს დასმული და  ბევრჯერ მიცდია გამერკვია, თუ რატომ აღმოვჩნდი ხელოვნებაში. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ადამიანებს აინტერესებთ წარმომავლობა - არის თუ არა ოჯახში ერთი ხელოვანი მაინც, რადგან ხშირ შემთხვევაში შემდეგი თაობაც დაგროვებული გამოცდილებით ავტომატურად ამ გზაზე მიდის. ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. სხვათა შორის, ამ კითხვაზე პასუხი გააზრებულად  წელს მივიღე. სანამ კარანტინი დაიწყებოდა, მანამდე გერმანიაში ვიყავი, სადაც ქართველი არტისტი სალომე მაჩაიძე გავიცანი და მანაც სწორედ იგივე მკითხა. ამ მომენტში მივხვდი, რომ ბავშვობაში ხელოვნების სწავლისას გარდაცვლილ ხელოვანებსაც კი ისე აღვიქვამდი, როგორც ჩემი ოჯახის წევრებს. თითქოს ზურგს მიმყარებენ, მუდმივად შინაურული განწყობები მაქვს მათ მიმართ. უშუალოდ ხელოვნების სამყაროში კი VAADS-ის მეშვეობით აღმოვჩნდი.


გახსოვს პირველი ნამუშევარი?


ამ კითხვაზე მახსენდება ერთი მოგონება:  როდესაც ბაღში დავდიოდი, ხატვის გაკვეთილები გვქონდა და ყველა ბავშვი ადამიანს ხელებს წელამდე უხატავდა, მე კი სულ ისე ვხატავდი, როგორი სიგრძის ხელებიც გვაქვს. ყველას უკვირდა, რატომ ვხატავდი ადამიანებს მუხლებამდე ხელებით, თითქოს არ მოსწონდათ, მე კიდევ პირიქით, მათი ფიგურები მეუცნაურებოდა. ალბათ მაგ მომენტში მივხვდი პირველად, რომ დიდი არჩევანი მაქვს და თავი არ უნდა შევიზღუდო. დღემდე ამ არჩევანის მომენტს ვახსენებ ჩემს თავს. 


რა არის შენთვის ყველაზე დიდი შემოქმედებითი მუხტის წყარო? 

როდესაც რაიმეზე ვმუშაობ ან ჩანახატებს ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა დიდი ზომის იქნება ეს თუ პატარა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვხვდები, თუ რატომ გავაკეთე კონკრეტული ნამუშევარი. მაგალითად, წინა წელს ზაფხულში დავხატე სცენა, რომელშიც კაცის ფიგურას მიაქვს დროშა, თუმცა რატომ გადავწყვიტე ამ სიუჟეტის დადგმა, არ ვიცოდი. შემდეგ უკვე თამუნა ჭაბაშვილი გახდა ჩემი ლექტორი, რომელიც ერთ-ერთ გამოფენაზე მუშაობდა და მასში სტუდენტები კვლევის კუთხით ჩაგვრთო. როდესაც საბოლოო ინსტალაციამდე მივედით, აღმოვაჩინე, რომ ნამუშევრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ფოტოსურათი, რომელიც ჩემი ამ ძველი ჩანახატის ასლი იყო. აი სწორედ მსგავსი კავშირები მაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ხორციელდება. 



ბევრ სხვადასხვა მედიუმში მუშაობ... ყველაზე  კარგად  რომელი მასალით გამოგდის ჩანაფიქრი?

VAADS-ში ერთხელ თომას დიმენდი იყო სტუმრად, რომელიც ჩვენს ნამუშევრებს ათვალიერებდა და გვესაუბრებოდა. მახსოვს ჩემი კუთხე, სადაც უამრავი სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი თუ ფერწერული ნამუშევარი ეწყო.  როდესაც თომასს ვუთხარი, რომ ჯერ არ ვიცი,  საბოლოოდ რომელ მასალას ავირჩევ მეთქი, მიპასუხა, რომ არ ინერვიულო, შეგიძლია არჩევანი საერთოდ არ გააკეთოო. ამ სიტყვებმა რაღაცნაირად დამამშვიდა, რადგან შენზეა, თუ რომელ და რამდენ მედიუმში იმუშავებ. ახლა პატარა ობიექტებზე ვმუშაობ, თუმცა სულ ვცვლი მასალას და რა მომენტშიც რას ვთვლი საჭიროდ, ისე ვმოქმედებ.



Window Project-ის ჯგუფურ გამოფენაში შენი ნამუშევრებიც ვიხილეთ. მოგვიყევი მათ შესახებ… 

VAADS-ის ჯგუფური გამოფენისთვის, რომელიც Window Project-ის სივრცეში იყო განთავსებული, შევქმენი ნამუშევარი, რომელიც თავის მხრივ ჩემი ბავშვობის გამოცდილებას უკავშირდება. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნ ხის ჩარჩოებში ხავერდი და მცენარის ნაწილები ჩავსვი, საბოლოო ჯამში კი მთლიანი ობიექტი სარკეს ჰგავს, რომელიც გურჯაანში არსებული ჩემი სახლის დიდ სარკეს მაგონებს. ამ სარკეში ყურება ძალიან მიყვარდა ბავშობაში და ეს სარკეა სწორედ გადმოტანილი ამ ნამუშევარში. 



ცოტა ხნის წინ გააკეთე ნამუშევარი “აუზის სამკაული” - რა არის ამ ნამუშევრის კონცეფცია და რა იყო შენი შთაგონების წყარო მასზე მუშაობისას?

თბილისში, ჩემს სახლთან არსებობდა აუზი, რომელიც ახლა უკვე დანგრეულია და საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ერთხელაც გადავწყვიტე ჩემს მეგობართან ერთად მივსულიყავი, დამელაგებინა და მისთვის ახალი ფუნქცია მიმენიჭებინა. ვეცადე აუზი გამომეყენებინა, როგორც საგამოფენო სივრცე და მასში ჩემი ნამუშევრებით ავაწყვე ექსპოზიცია. თუმცა სამკაულის ისტორია უკავშირდება აუზის დალაგებისას აღმოჩენილ პატარა ქვებს, რომლებიც ვაქციე ყელსაბამად, როგორც რაღაც კონკრეტული ემოციისა თუ გამოცდილების მატარებელი. აქედან წამოვიდა ამ ნამუშევრის სერიის იდეაც.




თითქოს შენი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ფემინისტური განწყობები. როგორ ფიქრობ, რამდენად არის ან უნდა იყოს ხელოვნება პოლიტიკური?

თავად მუშაობისას არასდროს მიფიქრია, რომ კონკრეტული ნამუშევარი ფემინისტური განწყობების გათვალისწინებით შემექნა. ვფიქრობ, ეს აღქმა იქიდან მოდის, რომ მე თვითონ ვარ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.  მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებელს ჩემს ნამუშევრებში სხვადასხვა პოლიტიკური გზავნილი თუ კონტექსტი დაუნახავს, ჩემთვის მუშაობის პროცესში ნამუშევრის ამ მხრივ განვითარება საბოლოო მიზანს არ წარმოადგენს. ზოგადად, პოლიტიკური კონტექსტებით უფრო მარტივია ნამუშევრის შინაარსზე საუბარი და კომუნიკაციაც შედარებით ეფექტურია. თუმცა ჩემთვის ისაა საინტერესო, როცა ნამუშევარი მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და გარემოზე მორგების ნაცვლად, პირიქით, შენ გიწევს ნამუშევარს მოერგო. 


არსებობს თუ არა რაიმე თემები, რომლებსაც ინტუიციურად მუდამ უბრუნდები? 

ამ პერიოდში ვცდილობ, რომ რასაც ლექტორები გვავალებენ, მაქსიმალურად ავითვისო და გავარკვიო, თუ რა არის ჩემი ხედვის წერტილი. ჩემს ნამუშევრებს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ყველაზე დიდი დრო ადამიანის სხეულის თემატიკას დავუთმე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მომავალშიც სულ ამ საკითხს შევეხები. 


რა ტიპის გამოცდილება იყო სახელოსნოს გარეშე, სახლში მუშაობა და რამდენად შეუძლია ამ გამოცდილებას თანამედროვე ხელოვანზე პოზიტიური გავლენის მოხდენა?

გამიჭირდა უცებ განსხვავებულ გარემოში მოხვედრა, მით უმეტეს სახლში ისე კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, როგორც სახელოსნოში. ჩემს მეგობრებსაც რომ ვაკვირდებოდი, მივხვდი, რომ ყველას ერთად გვენატრება სახელოსნოში დაბრუნება. თუმცა ისე მოხდა, რომ წერა დავიწყე და ჩემი ნამუშევრების გადააზრება, რაც ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა იყო ჩემთვის. 


რაც შეეხება ლოკალურ სივრცეს, როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა რაიმე წინააღმდეგობა, რომელსაც ახალგაზრდა ხელოვანი შეიძლება წააწყდეს?

ისეთი განწყობა თუ შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანები თითქოს არ ინტერესდებიან ნამუშევრებით და არ უთმობენ ხელოვნებას დროს. ნებისმიერი გამოფენის გახსნისას უხერხულადაც ვგრძნობ ხოლმე თავს, რადგან გვერდზე მყოფ ახლობელ ადამიანებს ვერ ვაინტერესებ და არ ვიცი რამდენად მაქვს უფლება, უცხო ადამიანს ვუთხრა, რომ ნახოს ჩემი ნამუშევარი, წაიკითხოს ეს ინტერვიუ ან გამოფენაზე მოვიდეს. 



ამჟამად რაზე მუშაობ?

ახლა ვმუშაობ “აუზის სამკაულის” შემდეგ ინსტალაციაზე, რომელიც ამ პროცესის საბოლოო წერტილი იქნება. ეს სერია უკავშირდება გურჯაანში არსებულ სკოლა-ინტერნატს, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თუმცა საინტერესოა ის მომენტი, რომ მცხოვრებლები ამ დანგრეული შენობის აგურებს, ბლოკებსა თუ სხვა სამშენებლო ნივთებს თავისი შემოსავლის წყაროდ ან უბრალოდ რაღაც კონკრეტული საჭიროებისთვის იყენებენ. სწორედ იქ ნაპოვნი შუშის ობიექტებით ვქმნი მეორე ნამუშევარს. 

 

სამომავლო გეგმები… 

სულ მიჭირს საკუთარი თავის წარმოდგენა კონკრეტული პერიოდების შემდეგ. უფრო ვცდილობ გავიაზრო, ახლა სად ვარ და როგორ მოცემულობაში ვარ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა, რომ ამ დიდ ინფორმაციას, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში დავაგროვე, მე თვითონ დავეწიო და გადავიაზრო. შემდეგ წელს სადიპლომო ნამუშევრის გაკეთება მიწევს, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მნიშველოვანი და სენტიმენტალური მოვლენა იქნება ჩემთვის, ამიტომ, უფრო მეტად ამაზე ვფიქრობ, თუ როგორ შეიძლება ეს ამდენი დაგროვებული ცოდნა გამოვიყენო და რაღაც საინტერესო შევქმნა.