The Why Not Gallery-ში ხელოვან ნატა ვარაზის გამოფენა -„რბილ ქსოვილში შემალული“ მიმდინარეობს, რომელიც 25 თებერვლამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი ხელოვანის ფერწერული ტილოები, რომლებშიც მძაფრად ჩანს ხელოვანის ვიზუალური ენა, რასაც პედანტური, დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია. ნატა ვარაზის მხატვრული ხედვა არ ცდილობს აღწეროს რეალობა, ხელოვანი ქმნის სიზმრისეულ კომპოზიციებს, რომლებიც უკავშირდება ფანტასტიკურსა და ირაციონალურს. ეს სიურრეალისტური გამოსახულებები რეალობიდან ირეალურში გადასვლის მომენტებზეა, ნახატებში ხშირად მეორდება ფანჯარა, სარკმელი, გარღვეული კედელი, რომლებიც რამდენიმე პარალელურად მიმდინარე რეალობის კავშირს გვაჩვენებს. ამ სივრცეებს შორის კავშირად გამჭვირვალე, ქარში მოფრიალე ნაჭერი გვევლინება, მსუბუქი, როგორც ჰაერი, პლასტიკური, როგორც წყალი - ერთი სივრციდან მეორეში გადაედინება და ნახევრად ხილულ კავშირებს ქმნის.
ნამუშევრები ერთგვარი ექსკურსიაა ხელოვანის ბავშვობის გამოცდილებებსა და მოგონებებში, ფრთხილად შენიღბულ ტკივილებსა და სიხარულებში. ვარაზის ნამუშევრებს გააჩნია ემოციური სიღრმე, რომელიც დელიკატურად იჭრება ქვეცნობიერში და ნაზად აღწერს ემოციურ ქარტეხილებს, გრძნობებს, შიშებსა და შფოთვებს.
ხელოვანი თავისი ნახატების მთავარი გმირია, რომელიც სხვადასხვა სიმბოლოში გარდაიქმნება. იგი ყოველთვის შორიდან აკვირდება განვითარებულ მოვლენებს, რაც მის მეტად ინტროვერტულ განწყობას უსვამს ხაზს. უსაზღვრო ენერგიით გაჟღენთილ ნახატებზე მყიფე, მოუხელთებელი სუბსტანციები მაგიურ ძალებად გადაიქცევა და ადამიანის სულიერ მოგზაურობას აღწერს.
ფოტო: სერა ძნელაძე
დაწერე კომენტარი