ბრძოლა სულებით დასახლებული ტყის გადასარჩენად, ახალგაზრდა ჯადოქარი უცხო ქალაქში, ბიჭის სხეულში გამომწყვდეული მდინარის სული, რომელსაც საკუთარი სახელი არ ახსოვს და ოკეანის ბინადარი ურჩი თევზი, რომელსაც გოგონად გადაქცევა შეუძლია - მიუხედავად იმისა, რომ ჰაიაო მიაძაკისა და Studio Ghibli-ის ანიმაციები სავსეა სულებით, ჯადოქრებით, მოლაპარაკე ცხოველებითა თუ სხვა მისტიკური ქმნილებებით, მაყურებლისთვის თითოეული ისტორია ნაცნობი და ახლობელია. ამ გრძნობის მთავარი საიდუმლო ის რეალურობაა, რომელსაც პერსონაჟთა ნამდვილი თვისებების, იაპონიის ისტორიის, მითებისა და ლეგენდების გარდა, ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - საკვები და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო რიტუალები ქმნის. 


იაპონურ კულტურაში საკვებსა და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცესს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, რასაც თუნდაც მხოლოდ ის მოწმობს, რომ იაპონიის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ბრინჯი ითვლება. იაპონელებისთვის საკვების გემოზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი ვიზუალური მხარეა. მათ ჭურჭელზე კერძის განლაგების განსაკუთრებული წესებიც კი აქვთ, სახელად Moritsuke. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არაა, რომ საკვებს Studio Ghibli-ის ანიმაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რამენი, ოკაიუ, ტემპურა - ცნობილი იაპონური კერძები ანიმაციებს რეალურობის ელფერსა და შინაურობის სასიამოვნო განცდას სძენს, მომზადების საგულდაგულო პროცესის დეტალურობა კი თითოეულ სცენას მაყურებლისთვის შთამბეჭდავსა და საინტერესოს ხდის.


“მე ამბების ძალის მჯერა. მჯერა, რომ ისინი ადამიანის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ” - Studio Ghibli-ის ისტორიების მოყოლაში საკუთარი წვლილი საკვებსაც შეაქვს. მას ატმოსფეროსა და ადამიანებს შორის ურთიერთობების გადმოცემის საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრია. 


ანიმაციის, “მოჩვენებების მიერ გატაცებულნი” ისტორიაში საკვებს მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მთავარი გმირის, ჩიჰიროს თავგადასავალი სწორედ უკაცრიელ ადგილას გაშლილი სუფრით იწყება, რომელიც გოგონას მშობლებს ღორებად აქცევს. ანიმაციაში თვალისმომჭრელი და მრავალფეროვანი საკვები, რომლითაც უცნაური სამყარო ჯერ ჩიჰიროს მშობლებს, შემდეგ კი უსახოს უმასპინძლდება, შეიძლება სიხარბის შესახებ მიაძაკის გაკვეთილადაც აღვიქვათ. ნამუშევარში საკვები მიმღებლობასთანაც ასოცირდება - იმისთვის, რომ უცნაურ სამყაროში აღმოჩენილი ჩიჰირო არ გაქრეს, იქაური საკვები უნდა გასინჯოს. მოგვიანებით  ჰაკუ ატირებულ ჩიჰიროს იაპონური ონიგირით, ანუ ბრინჯის ბურთებით უმასპინძლდება - მეგობრის მიერ მოწოდებულ საკვებს ნებისმიერი ადამიანის დამშვიდების ძალაც აქვს. 



Studio Ghibli-ის ანიმაციებში საკვები ხშირად მთავარი გმირის ემოციურ მდგომარეობასაც გადმოსცემს. ანიმაციაში “ჰოულის მოსიარულე სასახლე” სახლიდან წამოსული მოხუცი სოფის საგზალი სევდიანად გამოიყურება - უბრალო პური და ყველი მთავარი გმირის მარტოობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამის საპირისპიროდ, პირველი საუზმე მოსიარულე სასახლეში - შემწვარი კვერცხი ბეკონით - თვალისმომჭრელი და მადისაღმძვრელია, რაც სოფის განწყობის ცვლილებაზეც მიუთითებს, რადგან მას, როგორც იქნა, ჰყავს ადამიანები, რომლებთანაც საკვების გაზიარებას შეძლებს. საკვები ხანდახან ერთადერთი რამაა, რაც ძველ ცხოვრებასთან გვაკავშირებს. სეიტასა და სეცუკოსთვის ასეთი ტკბილეულის თუნუქის ქილაა, რომელსაც სახლის, ოჯახისა და სიმშვიდის გემო აქვს.


საკვები ანიმაციებში ოჯახური ერთობის გამომხატველია და არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები ერთმანეთს სისხლით ენათესავებიან თუ არა. ანიმაციაში “კოკურიკოს ფერდობიდან” მთავარი გმირი, უმი სახლის სხვა მცხოვრებლებისთვის საკვებს ყოველდღიურად ამზადებს. ერთმანეთისგან განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ადამიანებს ოჯახად სწორედ საერთო სუფრა აქცევს. უმცროსი დისადმი სიყვარულს ტოტოროს მეზობელი გოგონა ყოველდღიურად ბენტოს მომზადებით გამოხატავს. ბენტოს იაპონელები კონტეინერში მოთავსებულ საკვებს ეძახიან, რომელიც სასწავლო დაწესებულებსა და სამსახურებშიც კი ძალიან ხშირად გვხვდება. ბენტო იაპონური კულტურის და, შესაბამისად, Studio Ghibli-ის ანიმაციების განუყოფელი ნაწილიცაა.


Studio Ghibli-ის ისტორიებში საკვებს პერსონაჟთა გულებს შორის მყარი ძაფების გაბმის უნარი აქვს. პონიოსა და სოსუკეს შემთხვევაში ეს ლორი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონური კერძი - რამენია, ჯადოქარი კიკის შემთხვევაში კი თევზის ფორმით გაფორმებული ღვეზელი, რომელიც სრულიად უცხო ადამიანთან აკავშირებს. იმას, რომ საკვები სასიცოცხლოდ აუცილებელია არა მხოლოდ ორგანიზმისთვის, არამედ ადამიანური ურთიერთობისა და სოციალიზაციისთვისაც, ანიმაცია “პრინცესა მონონოკეც” ადასტურებს. მთავარი გმირი, აშიტაკა სულებით დასახლებული ტყის შესახებ უცნაური მოგზაურისგან სწორედ იაპონური კერძის, ოკაიუს გაზიარების დროს იგებს. 

“მსურს ისეთი ფილმები შევქმნა, რომლითაც ბავშვებს ვეტყვი, რომ სიცოცხლე მშვენიერია”, - ამბობს ჰაიაო მიაძაკი. Studio Ghibli-ის ანიმაციების მომნუსხველობის რეცეპტი ყოველდღიურობის უმნიშვნელო დეტალებში სილამაზის დანახვა და მისი დაფასებაა. კერძის მომზადება, გამასპინძლება, ერთად სადილობა - ამ ბუნებრივი პროცესის მკვეთრი ფერებითა და პედანტური დეტალურობით გაცოცხლება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაზე ჩვეულებრივი დღეების მიღმაც კი ჯადოსნობა დგას, თუკი მისი შემჩნევის გამბედაობა და სურვილი გაქვს.