წარმოიდგინეთ მეფე, რომელიც შუა ქალაქში ხელებზე დგას და მუხლებით მიხოხავს - ეს სცენა ალბათ ცოტა უცნაური წარმოსადგენია, მაგრამ მაშინ როცა მის სადებიუტო ალბომთან დაკავშირებით Guardian-ის ჟურნალისტი 19 წლის არჩი მარშალთან, იქივე King Krule-თანმივიდა, ჯერ კიდევ ახალბედა მუსიკოსმა საკუთარი თავი ასე დაახასიათა და ინტერვიუს ბოლოს ისიც თქვა, რომ ასაკის მიუხედავად "მეფობისთვის" უკვე მზად იყო.
სანამ საზოგადოების ყურადღებას თავისი სადებიუტო ალბომით - 6 Feet Beneath the Moon მიიქცევდა, მანამდე არჩი მარშალი თავისივე ჩამოყალიბებული ჯგუფის, Zoo Kid-ის სახელით გამოჩნდა და არაერთი ძალიან საინტერესო ტრეკი შექმნა, თუმცა Zoo kid მაინც არ იყო ის, რის გამოც არჩი დღეს უკვე თანამედროვე ანდერგრაუნდ მუსიკის გაგონებისას გვახსენდება და თან ამ დროს ვერავის ვიხსენებთ ისეთს, ვისაც შეგვიძლია ეს უნიკალური ბოხი ხმის პატრონი წითური ბიჭი შევადაროთ. მისი მუსიკა მართლა არავისას ჰგავს, როცა მას უსმენ, ჯაზი, პანკი და ჰიპ-ჰოპი ერთდროულად ირევა ერთმანეთში და მგონი, არც არის აუცილებელი რომელიმე ერთ ჟანრს მიაკუთვნო ჰარმონია, რომელიც ყურში გესმის. უბრალოდ უნდა უსმინო და ამ დროს ჯობია არ შეგიყვარდეს, იმიტომ რომ შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს ის მუსიკა, რასაც King Krule-ის სამი ალბომი იტევს, ისიც ერთმანეთისგან რამდენიმეწლიანი პაუზით დაშორებული.
ეს კი მისი მუსიკისადმი ზოგისთვის ცოტა უცნაური და გაუგებარი დამოკიდებულებაა, რომელიც არასდროს მეჩვენება ყალბი, უბრალოდ მგონი, მართლა არ ანაღვლებს, ელოდება თუ არა ვინმე, საჭიროა თუ არა ძვირად ღირებული კლიპის გადაღება, აზიარებს თუ არა ბიონსე მის მუსიკას (აზიარებს!) და გამოეხმაურებიან თუ არა მისი და ქაინი ვესთის მტკიცე უარის გამო არშემდგარ დუეტს. რა თქმა უნდა, იქნებოდა, მაგრამ King Krule-ის შემოქმედება დაცლილია ყოველგვარი კომერციისგან და როგორც ხშირად და ასე უცნაურად ხდება ხოლმე, ზუსტად ამიტომ არის ასეთი წარმატებული.
პირველი ალბომი - 6 Feet Beneath the Moon, რომელიც 2013 წლის 24 აგვისტოს საკუთარ დაბადების დღეზე გამოაქვეყნა, მუსიკოსისთვის ნამდვილად წარმატებული იყო. დაახლოებით ორი წლის შემდეგ მან მეორე ალბომი, A New Place 2 Drown წარმოადგინა, თუმცა არა King Krule-ის, არამედ მისი ნამდვილი, არჩი მარშალის სახელით. ალბომი 12 სიმღერას, 208-გვერდიან წიგნს და 10-წუთიან დოკუმენტურ ფილმს წარმოადგენდა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ახსნა, ამის მიზეზი უბრალოდ ის იყო, რომ უნდოდა რაღაც ისეთი შეექმნა, რაც არა მხოლოდ ყურისთვის, არამედ თვალისთვისაც საინტერესოდ აღსაქმელი იქნებოდა.
მეორე ალბომის შემდეგ არჩი მარშალმა, ისევ და ისევ King Krule-ის სახელით, 2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ცალკეული სიმღერები გამოუშვა, 13 ოქტომბერს კი 17 ტრეკისგან შემდგარი ალბომი The OOZ წარმოადგინა, რომელსაც იმაზე ბევრად უფრო დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე სადებიუტო ალბომს. OOZ - სინამდვილეში სიტყვა, რომელიც მისი ცხოვრების თანამდევია, ჯერჯერობით ყველაზე უკეთ ასახავს ამ ხელოვანის რეალურ სახეს, მუსიკალურ სტილსა და ვიზუალურ ესთეტიკას, ჯერჯერობით იმიტომ, რომ სულ მალე, 21 თებერვალს, King Krule-ქინგ ქრული ახალ ალბომს - Man Alive-ს გამოუშვებს, რომელიც, როგორც თავად ამბობს, იმ დროის გამოძახილია, რომელშიც ვცხოვრობთ. მანამდე კი, სანამ ეს მოხდება, აუცილებლად უყურეთ და მოუსმინეთ მის მიერ ბოლო პერიოდში წარმოდგენილ ფილმს - Hey World, რომელშიც ოთხი ძალიან მაგარი სიმღერაა გაერთიანებული.
ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა - ამ ფილმს, უკვე გამოსულ სამ ალბომს, სულ მალე გამოსასვლელ მეოთხეს თუ ჯერ კიდევ განუხორციელებელ გეგმებს - როცა დასაწყისში თავის წარმოდგენილ მეფეზე საუბრობდა, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად გახდა ლონდონის ანდერგრაუნდ მუსიკის და თავისივე Biscuit Town-ის მეფე, რომელიც რატომღაც სულ ლონდონიდან წასვლაზე, მთვარეზე დაკვრაზე და ზოგჯერ ჯანფრანკო ძოლად ყოფნაზე ოცნებობს, ეს კი, მგონი, მართლა იმაზე უცნაურად წარმოსადგენია, ვიდრე შუაგულ ქალაქში მუხლებზე მდგარი თინეიჯერი მეფე.
დაწერე კომენტარი