პარიზში მცხოვრები მოდის ფრანგი დიზაინერი - ჰაიდერ აკერმანი 1971 წელს კოლუმბიაში დაიბადა. Yves Saint Laurent-ის შემოქმედებით შთაგონებული აკერმანი 1994 წელს ბელგიაში, ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში სასწავლებლად გაემგზავრა.
ჯონ გალიანოსთან ხუთთვიანი სტაჟირების გავლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო მისი ერთ-ერთი მასწავლებლის, ბელგიელი დიზაინერის, ვიმ ნილსის ასისტენტად, მერე კი ისეთ ბრენდებთან მუშაობდა, როგორებიცაა Bernhard Willhelm და Patrick Van Ommeslaeghe.
2001 წელს აკერმანმა შექმნა საკუთარი ბრენდი და იმავე წელს პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა პირველი - ქალის ტანსაცმლის კოლექცია, რომლითაც მიიპყრო მოდის სახლის - Ruffo-ს ყურადღება და პრემიუმ კლასის ტყავის ტანსაცმლის სპეციალისტმა - Ruffo Corsi-მ მას Ruffo Research-ისთვის მუშაობა შესთავაზა.
აკერმანმა მოიპოვა Swiss Textiles ჯილდო, რის შემდეგაც პარიზში გადავიდა, რათა მის ინტერესსა და საყვარელ საქმეს ბოლომდე მიჰყოლოდა და ბელგიური კომპანიის - BVBA 32-ის დაფინანსებით, საკუთარი სტუდია გახსნა, რომელმაც დიზაინერს მნიშვნელოვანი გზა გაუხსნა წარმატებისკენ. დაუღალავი მუშაობით და მონდომებით ქმნიდა კოლექციას, ცდილობდა ყველა ნამუშევარში გამოეხატა სილამაზე და სისადავე.
როცა აკერმანმა 2008 წელს შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინა, მისი შექმნილი სამოსით წითელ ხალიჩაზე წარდგნენ ვარსკვლავები და კოლექცია Hyeres Fashion ფესტივალზე Villa Noailles-ში გამოჩნდა.მას შემდეგ, რაც დიზაინერმა პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა, მასზე Chanel-ის შეუცვლელი დიზაინერი და შემოქმედებითი დირექტორი - კარლ ლაგერფელდი აღფრთოვანებით ალაპარაკდა და Numero-სთან ინტერვიუში მნიშვნელოვანი რამ განაცხადა - მან შანელის მემკვიდრის კანდიდატად სწორედ აკერმანი მოისაზრა და დაასახელა.
რამდენადაც აკერმანმა ბავშვობა სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა, მათ შორის, ეთიოპიაში, ჩადში, ალჟირსა და საფრანგეთში, მოუწია გასცნობოდა სხვადასხვა კულტურას, რაც მის კოლექციებშიც გამოიხატა და ყოველ მათგანში ექსპერიმენტებით შექმნილი, ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურა ასახა, ტანსაცმლის დიზაინს კი Giacometti-ს სილუეტის გამოყენებით ქმნიდა.
ლეგენდარულმა მოდის ჟურნალისტმა, ვოგის შემოქმედებითმა დირექტორმა - ანდრე ლეონ ტალიმ აკერმანი მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავად დაასახელა.
აკერმანმა იმუშავა Mercedes-Benz-ის კამპანიაზე ტილდა სუინტონთან ერთად, ხოლო 2016 წლის სექტემბერში Berluti-ს კრეატიულ დირექტორად, ალესანდრო სარტორის შემცვლელად დაინიშნა და შემდეგი წლის იანვარში ბრენდისთვის პირველი კოლექცია წარადგინა. მათ სამი სეზონი ითანამშრომლეს და გარდა პროდუქციის სრული დიზაინისა, ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავდა ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა და იმიჯზე.
აკერმანის შემოქმედებაში ყველასგან განსხვავებული აღმოჩნდა სპორტულ ბრენდ Fila-სთვის შექმნილი კოლექცია, რომელშიც პოლო მაისურები, სპორტული ქურთუკები და ფეხსაცმელები, შორტები და ლეგინსები ნეონის ფერებში წარმოადგინა.
დიზაინერისთვის, რომელიც ცნობილია ავანგარდული და დახვეწილი მიდგომით მოდის მიმართ, ერთგვარი გამოწვევა იყო სპორტულ ბრენდთან მუშაობა.
2021 წელს ტიმოტი შალამესა და ჰაიდერ აკერმანის კოლაბორაცია შედგა. ტიმოთისთვის აკერმანი არის დიზაინერი, რომლის შექმნილი სამოსით არაერთ დაჯილდოებასა და ცერემონიაზე წარდგა. მათი პროფესიული ურთიერთობა მეგობრობაშიც გადაიზარდა და გადაწყვიტეს შეექმნათ ,,ჰუდი’’, სახელწოდებით Silent Soldier, მნიშვნელოვანი საქმის მხარდასაჭერად - ავღანეთში, ქალების უფლებების დასაცავად, შემოსავლის 100 პროცენტი კი გადაირიცხა ფრანგულ ორგანიზაცია - Afganistan Libre-ში, რომელიც სწორედ ამ ქალების და ბავშვების უფლებების დაცვას ემსახურება.
შარშან აკერმანმა Jean Paul Gaultie-სთვის Haute Couture კოლექცია შექმნა, რომლის ჩვენებაც პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა. აკერმანი მეოთხეა იმ მოწვეულ დიზაინერებს შორის, რომლებმაც ამ მოდის სახლისთვის შექმნეს კოლექცია, მას შემდეგ რაც Gaultier Paris-ისთვის თავად ჟან-პოლ გოტიე აღარ მუშაობს.
ინსპირაციად ჰაიდერმა გოტიეს პირველი, 1997 წლის Coutue კოლექცია აიღო და თავისი ხელწერით, მინიმალისტური და დამახასიათებელი ტექნიკით იმუშავა. ჰაიდერ აკერმანი დამახასიათებელი ხელწერით, ფერთა გამით, საინტერესო დეტალებითა და შტრიხებით შექმნილი კოლექციებით წერს მნიშვნელოვან ისტორიას მსოფლიო მოდაში.
ფოტოების წყარო: GQ, Vogue, Numéro Magazine
დაწერე კომენტარი