თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ბრიტანელმა არტისტმა ტრეისი ემინმა ლონდონში, საკუთარ სახლში იზოლაციაში ყოფნისას ახალი ნამუშევრების სერია შექმნა, რომელიც პანდემიის პერიოდში გატარებული დღეების ერთგვარი რეპრეზენტაციაა. ნამუშევრები ავტორისეულ სივრცისა და ემოციების აღქმას წარმოადგენს, რომლის ფოკუსშიც ყოველდღიურობაში არსებული ნივთები და ინტერიერი ექცევა. 





20 წლის შემდეგ არტისტი თითქოს უკვე მზადაა ახალ სახლში იცხოვროს. ტრეისი ემინის ამ სერიაში სახლთან დაკავშირებული მოგონებებისა და კუთვნილების გრძნობა მოლოდინისა და თავგადასავლების პერსპექტივასთან იკვეთება. საყოფაცხოვრებო ნივთები - საწოლი, მაგიდა არტისტის შორეულ მოგონებებს უკავშირდება, თუმცა, მაგალითად, აბაზანა მის კერძო, ინტიმურ გარემოს ასახავს.





ნამუშევრებში არა მხოლოდ ფიზიკური მოძრაობა, არამედ მენტალური ადგილსამყოფლის ცვლილებაც იკვეთება, რაც სიახლეების განცდას იწვევს. საკუთარი თავისთვის თავისუფლების მინიჭებით, ავტორის თვალთახედვაში იცვლება სურვილები და მიზნებიც. სწორედ ეს აღიბეჭდება მის ნამუშევრებშიც -  ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. “ნახატები ჩემი გონების მეშვეობით ერთი სახლიდან მეორეში გადადიან”, - ამბობს ემინი.





ნახატების შინაარსის საიდუმლოდ დატოვება სიმშვიდის განცდას გვიჩენს და პირდაპირ ეწინააღმდეგება სტიგმას, რომ იზოლაცია სიმარტოვესთან და სიჩუმესთან ასოცირდება. ვხვდებით, რომ სწორედ ამ დროს გვეძლევა მეტი ფიქრის, მოგონებების გახსენების და ოცნების საშუალება. ამიტომაც, ემინისთვის ეს ნამუშევრები ოპტიმისტური მომავლის გამოვლინებაა - მომავლის, რომლისგანაც ის განვითარებას და წინსვლას ელის.