ექსპერიმენტული კინოს ზუსტად განმარტება საკმაოდ რთულია, რადგან ეს ტერმინი ერთმანეთისგან ჟანრობრივად, სტილით, კონცეპტუალურად და სხვა ნიშნებით განსხვავებულ სურათებს აერთიანებს. თუმცა, როგორც წესი, ექსპერიმენტულად ისეთ ნამუშევრებს მოიხსენიებენ, რომელთა მიზანიც კინოს ტრადიციული ხერხების შეცვლა და გარკვეული სიახლის წარმოდგენაა, რომელიც როგორც ფილმის შინაარსში, ისე ფორმაში შეიძლება იყოს გამოხატული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფილმებს ბევრი არ იცნობს, ისინი მნახველს ძალიან საინტერესო კინოგამოცდილებას სთავაზობენ და სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში 10 გამორჩეულ ექსპერიმენტულ ნამუშევარზე მოგიყვებით.
Man with the Movie Camera, ძიგა ვერტოვი, 1929
ძიგა ვერტოვის შედევრი საბჭოთა ექსპერიმენტული კინოს ერთ-ერთი პიონერია. ეს არის უხმო, დოკუმენტური ნამუშევარი, რომელშიც საბჭოთა კავშირის ქალაქების ცხოვრება იმპერსიონისტულადაა ნაჩვენები, რის გამოც სურათს “ქალაქის სიმფონიის” ჟანრის კლასიკურ მაგალითადაც მოიხსენიებენ. ფილმს კონკრეტული პერსონაჟები არ ჰყავს, არ არის დიალოგი, მხოლოდ მუსიკის ხმა ისმის, რაც დინამიკურ კადრებთან ერთად, მნახველს სწრაფ ინტერპრეტაციას აიძულებს. მთლიანობაში, ეს არის ფილმი იმ აღტაცების შესახებ, რასაც კინოს გადაღება იწვევს, ამასთან ერთად კი იგი ბრწყინვალე მაგალითია იმისაც, თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს მედიუმის ჩარჩოები.
Persona, ინგმარ ბერგმანი, 1966
ინგმარ ბერგმანის კლასიკური ნამუშევარი ნამდვილად წარმოადგენს ექსპერიმენტული კინოს კარგ ნიმუშს. ორი მთავარი პერსონაჟის - ალმასა და ელიზაბეტის უცნაური ურთიერთობის რეპრეზენტირებით, რეჟისორი ახერხებს, მაყურებელში დაბნეულობა, აღფრთოვანება, დისკომფორტი და შიში გამოიწვიოს. ფილმი ნარატიული კუთხითაა განსაკუთრებული - ორი პერსონაჟიდან ერთი მუდმივად ლაპარაკობს, მეორე კი, პირიქით, სულ ჩუმადაა, რაც მნახველს საშუალებას აძლევს, ნამუშევრის სიუჟეტი თავად “გამოიგონოს” ან სულაც მის რეალურობაში გაერკვეს.
The Discreet Charm of Bourgeoisie, ლუის ბუნიუელი, 1972
ბუნიუელის ეს სიურეალისტური კომედია ბურჟუაზიული ცხოვრების აბსურდულობას აღწერს. მთავარი, რასაც რეჟისორი ამ ფილმში იკვლევს, ჭამასთან დაკავშირებული რიტუალებია, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან დიდ როლს თამაშობს მაღალი სოციალური ფენის ყოველდღიურობაში - სადილად შეკრება სიმდიდრისა და მანერების ჩვენების კარგი საშუალებაა. ფილმიც სწორედ ამის შესახებაა - ექვსი ადამიანი სასადილოდ შეკრებას ცდილობს, თუმცა რეჟისორი მათ მუდმივად უშლის ხელს.
The Holy Mountain, ალეხანდრო ხოდოროვსკი, 1973
ხოდოროვსკის ლეგენდარული სიურეალისტური ნამუშევარი - “წმინდა მთა” ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ექსპერიმენტი კინოში. პირველ რიგში, ესაა ძალიან ვიზუალური, სიმბოლისტური ფილმი, რომელიც გამორჩეული ესთეტიკით - მუსიკითა და კოსტიუმებით სპირიტუალურ შეგრძნებებს იწვევს. თუმცა, ამასთან ერთად, ეს არის ჰიპერნატურალისტური, პროვოკაციული ნამუშევარიც, რომელიც თავისი ხისტი გაბედულებით გვაოგნებს. შთამბეჭდავია დასასრულიც, სადაც ზღვარი ხელოვნებასა და რეალობას შორის სრულიად ქრება.
Mirror, ანდრეი ტარკოვსკი, 1975
“სარკე” ტარკოვსკის ყველაზე პირადული ნამუშევარია, რომელშიც იგი საკუთარ ცხოვრებაზე, მოგონებებსა და დროზე რეფლექსირებს. შეიძლება ითქვას, რომ აქ დრო ერთ-ერთი მთავარი აქტორია, რადგან რეჟისორი კარგად აჩვენებს, თუ რა მოხერხებულად შეუძლია მისი გადააზრება კინოს - თანმიმდევრული დროის ხაზი აქ დარღვეულია, რეალობა აწმყოსა და წარსულის ერთგვარ ჯამს წარმოადგენს, რასაც ხელს პერსონაჟების შერჩევის მეთოდიც უწყობს, ყველაფერს კი პოეზია და კლასიკური მუსიკა ემატება, რომელიც ფილმს გამორჩეულ, ტარკოვსკისეულ ესთეტიკას ანიჭებს. მთლიანობაში, ნამუშევარი ძალიან ემოციურია და მიუხედავად ავტობიოგრაფიულობისა, იგი მაინც ახერხებს, ცალკეული მნახველის ინდივიდუალურ გამოცდილებას შეეხოს.
Dogville, ლარს ფონ ტრიერი, 2003
მიუხედავად იმისა, რომ ტრიერის თითქმის ყველა ნამუშევარი ექსპერიმენტულად ითვლება, “დოგვილი”, თავისი მინიმალისტური ესთეტიკით, ალბათ მაინც ყველაზე დამამახსოვრებელია. სიუჟეტი ერთი სოფლის მცხოვრებლების ირგვლივ ტრიალებს და სავსეა დრამით, თუმცა ამბავს დამატებით შრეს სწორედ რეჟისორის მიერ შექმნილი გარემო ანიჭებს. მთელი მოქმედება ცარცით დახაზულ გადასაღებ მოედანზე მიმდინარეობს, რაც ფილმს, ერთი მხრივ, თეატრალურად აქცევს, მეორე მხრივ კი კონკრეტული გზავნილის მატარებელია - ამ სოფელში არ არის არც ერთი კედელი და არც ერთი კარი, მათ ნაცვლად კი არის ძალიან დიდი კლაუსტროფობიული შიში, რომელსაც ერთნაირად განიცდიან როგორც მისი ბინადრები, ისე - მაყურებლები.
Darkened Room, დევიდ ლინჩი, 2002
დევიდ ლინჩს თავისი ექსპერიმენტული შედევრებით ყველა იცნობს, თუმცა განსხვავებით მისი მაჟორული ნამუშევრებისგან, Darkened Room ნაკლებად ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ციფრული ვიდეოკამერითაა გადაღებული და თითქმის არანაირი ტექნიკური რედაქტირება არ გაუვლია. რვაწუთიანი სიუჟეტი სამ ქალს აერთიანებს, რომელთაგანაც ფინალში გამოჩენილი ქერა და შავგრემანი პერსონაჟები Mullholland Drive-ის ცნობილ გმირებს გვახსენებს და, ამის გამო, ხშირად ამბობენ, რომ Darkened Room სწორედ წინა ფილმის კონცეპტუალური გაგრძელებაა.
Synecdoche, New York, ჩარლი კაუფმანი, 2008
მიუხედავად იმისა, რომ ჩარლი კაუფმანს სხვა ფილმებით უფრო იცნობენ, Synecdoche, New York ალბათ მისი ყველაზე კომპლექსური, ღრმა და ექსპერიმენტული ნამუშევარია, რომლის მთავარ აქტორსაც ადამიანის გონება წარმოადგენს. ხშირად ამბობენ, რომ ამ ფილმს დიდი ლიტერატურის სიღრმე აქვს, რომლის სათანადოდ აღქმაც მხოლოდ რამდენიმე ნახვის შემდეგაა შესაძლებელი. ნამუშევრის მთავარი პერსონაჟი თეატრის რეჟისორია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ჯილდოს მიიღებს და ახალი სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა ეძლევა. სწორედ ამ პროცესში ირღვევა რეალობა, კაუფმანი კი ცდილობს გაიგოს, თუ როგორ ქმნის ადამიანის ტვინი ფანტაზიებს, ჰალუცინაციებს, შიშებს, სურვილებსა და ოცნებებს.
Enter the Void, გასპარ ნოე, 2009
Enter the Void გასპარ ნოეს კიდევ ერთი პროვოკაციული და ექსცენტრული ფილმია, რომელშიც ბრწყინვალედ ჩანს რეჟისორის უნარი, გააფართოვოს კინომედიუმის შესაძლებლობები და რაღაც სრულიად ახალი და დამამახსოვრებელი შექმნას. ფილმის მთავარი პერსონაჟი ოსკარია - ტოკიოში მცხოვრები ნარკოტიკების დილერი - და ნამუშევარიც მთლიანად მისი ხედვის კუთხიდანაა გადაღებული. აქ შევხვდებით მისი თვალებით დანახულ კადრებს, ზედხედს - მისი სულის პერსპექტივას და ა.შ. ფილმი სავსეა ნეონით განათებული სცენებით, შიშისმომგვრელი ესთეტიკითა და ინტიმური კადრებით.
The Tree of Life, ტერენს მალიკი, 2011
ტერენს მალიკის ეს ფილმი გასაოცარი სივრცითი მასშტაბების მქონე, ძალიან ამბიციური და მკვეთრად ვიზუალური ნამუშევარია, რომელშიც პერსონაჟების ყველა ვნება ღრმა სერიოზულობითაა გადმოცემული. კამერის მოძრაობის გამორჩეული სტილი მნახველს პირდაპირ ათავსებს ფილმის ცენტრალურ ამბავში, რომელიც შუა ხნის მამაკაცის პირად მოგონებებს შეეხება - ბავშვობას, ტრავმებს, დისფუნქციურ ოჯახს, სიკვდილს… ამ დროს კი, პერსონალურ ნარატივთან ერთად, ფილმში ბუნებისა და კოსმოსის გრანდიოზული, კუბრიკისეული კადრები შემოდის, რომლებიც მუდმივად ბადებს ერთი შეხედვით ბანალურ შეკითხვას - რამდენად რელევანტურია ადამიანის ტკივილები ამ შთამბეჭდავი გარემოს ფონზე? - რომელსაც აგრეთვე ბანალური, თუმცა ღრმად ემოციური პასუხი აქვს: ადამიანის ტკივილები ძალიან მცირეა თავისი მასშტაბებით, მაგრამ მაინც საშინლად მნიშვნელოვანი.
დაწერე კომენტარი