გალერეა Window Project-მა უტა ბექაიასა და რუსუდან ხიზანიშვილის მულტიდისციპლინური გამოფენა – Mother Ship წარმოადგინა, რომელიც 25 იანვარს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
Mother Ship დედამიწაზე სიცოცხლის სემიოტიკური პროცესის ვიზუალური ენით კვლევას გვთავაზობს. ბუნებას, ბიოლოგიას, ისტორიასა და ლინგვისტურ სემიოტიკურ პროცესს ბუნებრივად შემოაქვს ეკოფემინიზმის დისკურსი, სადაც ქალი სიცოცხლის საწყისის საკრალურ ორგანიზმად, დედად მოიაზრება, განუყოფელ კავშირშია დედაბუნებასთან, სიცოცხლის ცირკულაციის პროცესთან, და ამავე დროს, აწმყოში განიცდის ბუნების მსგავს გამოწვევებს.
გამოფენა დროის ასპექტის მნიშვნელობასაც იკვლევს, რადგან დედამიწა განიხილება, როგორც პლანეტა, სადაც სიცოცხლის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანების ცივილიზაცია ვითარდება. უტა ბექაია და რუსუდან ხიზანიშვილი დროის პერსპექტივიდან კვლევის გატანას ხომალდის მანიპულაციით ახერხებენ. იმიტირებულმა ხომალდმა დროის განზომილება დატოვა და სიცარიელეში იმყოფება. მასზე წარმოდგენილი ვიზუალური არტეფაქტები კი აწმყოდან გაგზავნილი მესიჯებია, რომლებიც მოგვითხრობენ დედამიწაზე ცივილიზაციების სიცოცხლეზე, მათ საწყისებზე, დედაენაზე, ეგზისტენციალურ გამოწვევებზე.
პროექტის პირველი ნაწილი სიცოცხლის ბიოლოგიურ საწყისს იკვლევს, რომელიც, ერთი მხრივ, საკრალურ მნიშვნელობას ატარებს და სიცოცხლის ცირკულაციის სიმბოლოა, ხოლო, მეორე მხრივ, ცივილიზაციის არჩევანს დესტრუქციის პროცესამდე მიჰყავს და წარსულის არტეფაქტებად აქცევს. მეორე ნაწილი დედამიწაზე სემიოტიკური პროცესის ლინგვისტურ და ვიზუალურ მეხსიერებას იკვლევს, რაც თავის მხრივ განუყოფელ კავშირშია მისტიციზმთან და ცოცხალი აზრის კვლევასთან. ამ დისკურსში თანამედროვე ანთროპოლოგიის გამოწვევებს გამოფენა ვიზუალური ენით შლის და ადამიანის მიღმა ანთროპოლოგიის რეფერენსებს იკვლევს, სადაც სიცოცხლე და აზროვნება ერთი და იმავე რიგის საგნებია და განიხილება როგორც ცოცხალი აზრი. აქედან გამომდინარე, სამყარო აღარ შეიძლება აღვიქვათ, როგორც ადამიანის აზრით დომინირებული ადგილი, ადამიანის აზრი მხოლოდ ნაწილია ერთიანი, მთლიანი სამყაროს ცოცხალი აზრის, რომელიც განუწყვეტლივ წარმოიქმნება და ურთიერთდამოკიდებულებაშია სიმბოლურ, ინდექსურ და ხატობრივ ნიშნებთან.
ასეთი პლანეტა მისტიკურ, მოჯადოებულ ადგილად აღიქმება, სადაც ადამიანები სხვა ცოცხალ სამყაროსთან ერთად, ერთიანი ცოცხალი აზრის ტრანსცენდენტურ ფუნქციას ასრულებენ. აზრის რეფლექსია სიმბოლურ ფორმებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ამგვარი ფორმა ენა და დამწერლობაა, რომელიც აზრთან ერთად, მუდმივად იცვლება, თუმცა მეხსიერების მატარებელია, ისევე როგორც ქალის საკრალური სიცოცხლის საწყისი, რომელიც თაობებით იმეორებს სიცოცხლის ტრანსმისიას და ცოცხალ აზრთან ერთად იცვლება. ლინგვისტიკასთან და დროის განზომილებასთან მიმართებაში სიცარიელე მიღწეულ დედა-ხომალდში წარმოდგენილ არტეფაქტებზე ხელოვნური ინტელექტი მოგვითხრობს პოემებს, შელოცვებს, ფრაზებს, რაც მნახველს კვლავ სიცარიელის პერსპექტივაში ცოცხალ აზრთან აბრუნებს და მისი ტრანსფორმაციის გზებზე აფიქრებს.
ფოტო: სერა ძნელაძე
დაწერე კომენტარი