გეომეტრიაში არსებობს ერთი პრობლემა - ორი სხეული არ შეიძლება შეერთდეს ერთი წერტილით ან ხაზით, ვინაიდან წერტილის ან ხაზის სისქე ნულის ტოლია, ამ პრობლემას Zero-Thickness Geometry - ნულოვანი სისქის გეომეტრია ეწოდება,  რომელიც ასევე ცნობილია, როგორც არამრავალმხრივი გეომეტრია. კომპიუტერული პროგრამა  SOLIDWORKS, რომელსაც დიზაინერები და კონსტრუქტორები იყენებენ, არ უშვებს ნულოვანი სისქის გეომეტრიას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მათემატიკური პრობლემები და მოდელირების შეცდომები. 

ლევან და სანდრო ლომინაშვილების ერთობლივად შექმნილ სკამში სწორედ ნულოვანი სისქის გეომეტრიის პრობლემაა გათამაშებული, რის შედეგადაც იქმნება ვიზუალური ეფექტი, თითქოს სკამის სახსარი ერთ ხაზშია შეერთებული, მაგრამ, სინამდვილეში, კვანძი შეერთებულია შედუღების სისქით, რაც ერთი ხაზი ან წერტილი კი არ არის, არამედ 5 მმ-ის სისქის შედუღების ზოლი, რომელიც ერთ დეტალს  მეორესთან აერთებს.

კვანძის, სახსრის, ხის ან რკინის მასალით ერთმანეთზე შეერთების სხვადასხვა ფორმა არსებობს, რომელიც მრავალფეროვანი და საკმაოდ ბევრია, ამ შემთხვევაში კი გამოვიდა სრულიად ახალი და პირველი ფორმა, რომელიც ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს. სახსრის განსხვავებული შეერთების ვარიანტი და ვიზუალური მხარე სკამს გამორჩეულს ხდის. 

თავდაპირველად დიზაინერები ამ თემაზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფიქრობდნენ და ჩანახატებს აკეთებდნენ, ერთ დღეს კი აღმოაჩინეს, რომ იკვლევდნენ და მუშაობდნენ ერთი და იმავე პრობლემაზე, რის შემდეგაც გადაწყვიტეს ძალისხმევის გაერთიანება და ორ ფერში წარმოდგენილი უნიკალური სკამი შექმნეს.

ამ წესით და პრინციპით სხვადასხვა ნივთის შექმნაა შესაძლებელი, მათ შორის არა მხოლოდ ლითონით, არამედ ხითაც, რომელიც განსხვავებულ სპეციფიკას მოითხოვს. დიზაინერები კი  უკვე მუშაობენ და აპირებენ შემდგომში ხის პროდუქტი წარმოადგინონ, რადგან თვლიან, რომ თემა - Zero-Thickness იმაზე მეტად ღრმა და მრავალფეროვანია, ვიდრე ერთ სკამს შეუძლია  წარმოაჩინოს.


ფოტოების წყარო: ლევან ლომინაშვილი