ტაროს კულტურა, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაეყარა და სხვადასხვა ეპოქაში ძალიან საინტერესოდ განვითარდა, მასზე გამოსახული მაღალი და დაბალი არკანების საშუალებით სამყაროს მოდელს განსხვავებული სიმბოლოებით გვიხსნის. რამდენიმე კვირის წინ ხელოვანმა დავით აფაქიძემ  სამყაროს აღქმის მისეული ხედვა თანამედროვე ტაროს კარტებზე წარმოგვიდგინა. აფაქიძე არ არის პირველი ხელოვანი, ვინც ტაროთი მკითხაობით დაინტერესდა, სხვადასხვა დროს ტაროს მაგიამ ბევრი ხელოვანის ყურადღება მიიქცია, მათ შორის -   სალვადორ დალისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის ისტორია უკვე ტაროს უამრავ საინტერესო ვერსიას ინახავს, დავით აფაქიძის ნამუშევარი გამორჩეულია არა მხოლოდ  ვიზუალური ესთეტიკით, არამედ თავისი კონცეპტუალური შინაარსითაც, რომლის მიხედვითაც თანამედროვე სამყაროს მოდელი უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის დაპირისპირებას აღარ წარმოადგენს.



დავით, პირველ რიგში, მოგვიყევი შენ შესახებ,  მოდის ბევრ ჩვენებაზე მინახავხარ, თუმცა დამოუკიდებელი სახელოვნებო პროექტით აქამდე არ გიცნობდი...

ჩემი მეგობრების ჩვენებებზე ხშირად გამოვდივარ ხოლმე, თუმცა მოდელობა ჩემი პროფესია არ არის, ვსწავლობ ხელოვნების ისტორიას, ამჟამად საბაკალავრო ნაშრომს ვწერ ქვიარ მოდის შესახებ და  ვიკვლევ გენდერის საკითხს  ქართულ მოდაში. შეიძლება ითქვას, რომ მომავალში ხელოვნების ისტორიკოსობას ვაპირებ.


როგორ მიხვედი ტარომდე, საიდან გაგიჩნდა ამ ყველაფრისადმი ინტერესი?

ზოგადად, ეზოთერული საკითხებით დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, ბოლო რამდენიმე წელია ტარომაც მიიქცია ჩემი ყურადღება. პირველად ჩემმა მეგობარმა მასწავლა მკითხაობა, აღმოჩნდა, რომ  საინტერესო სამკითხაო მექანიზმს და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა. ყოველი არკანი ძალიან საინტერესო სიმბოლიკითაა დატვირთული, ეს შეიძლება იყოს ალქიმიური სიმბოლიკა, ანტიკური ბერძნული ან ეგვიპტური მითოლოგიიდან... რადგან ხელოვნების ისტორიით ვარ დაინტერესებული, ამ თემის კვლევაც დავიწყე, ძალიან ბევრ ლიტერატურას ვეცნობოდი, აღმოვაჩინე, რომ თურმე ხელოვანების მიერ შექმნილი ტაროს ძალიან ბევრნაირი ვერსია არსებობს, შეიძლება ბევრი არ არის სიმბოლურად გამართული, მაგრამ სამაგიეროდ ვიზუალურადაა ლამაზი ან პირიქით, შეიძლება მხატვრულად გაუმართავი, მაგრამ როგორც ეზოთერული წყარო ძალიან მეტყველი იყოს. ამის შემდეგ დავფიქრდი და გადავწყვიტე ჩემი ტარო გამეკეთებინა. აქამდე რაც მინახავს, თითქმის ყველა დასტაში სამყაროს მოდელი ქალისა და კაცის დაპირისპირებასა და ამ ბინალურობაზე დგას.  ძალიან არ მომწონდა სამყაროს ასეთი დაყოფა და რადგან ქვიარ თეორიას ვიკვლევ, ვიცი, რომ თანამედროვე ფილოსოფიური ხედვიდან გამომდინარე, აღარ არის აუცილებელი, რომ, მაგალითად, ქალი მაინცდამაინც კონკრეტულ ფემინურ ნიშნებს ატარებდეს და მასში არაფერი იყოს მასკულინური. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ისეთი დასტა, რომელიც იმ სამყაროს ასახავდა, რომელშიც მე ვცხოვრობ და იმ ადამიანებს გამოხატავდა, რომლებიც ჩემ ირგვლივ არიან.


მოგვიყევი, ვინ არიან შენი გმირები და ის ადამიანები, რომლებიც ამ პროექტმა გააერთიანა

ეს გმირები, რა თქმა უნდა, მიჰყვებიან ტაროს ტრადიციულ სისტემას, რომელიც საუკუნეების წინ შეიქმნა, ამ სისტემის შეცვლა არც მინდოდა და ამიტომაც დავიწყე იმ ადამიანების ძებნა, რომლებიც საკუთარი ენერგეტიკით, ცხოვრების სტილით და ა.შ. ამ პერსონაჟებს ჰგავდნენ. ვიცოდი, რომ ჩემ ირგვლივ მყოფი ბევრი ადამიანი ამა თუ იმ არკანს ძალიან მოუხდებოდა. ეს რაც შეეხება გმირებს, თუმცა პროექტში კიდევ ბევრი სხვა ადამიანია ჩართული, მაგალითად, ძალიან საინტერესო ქართველი დიზაინერები, რომელთა სამოსიც ჩემს არკანებს აცვიათ. გარდა ამისა, პროექტს მარტო არ ვაკეთებ, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით არტისტი გვანცა ჯიშკარიანი მეხმარება. არ მინდოდა, რომ თანამედროვე კარტებში ის ძველი რენესანსის დროის ნახატები ყოფილიყო გამოყენებული და ამის გამო ოცდამეერთე საუკუნის ტაროს ვიზუალი კიჩური გამხდარიყო. ამიტომ ვარჩიე მოდერნისტული ხერხებისთვის, თუნდაც კოლაჟისთვის მიმემართა. პროექტში ჩართულია ასევე ფოტოგრაფი ნატა სოფრომაძე, რომელიც დამოუკიდებლადაც მსგავს მისტიკურ თემებზე მუშაობს და ვფიქრობ, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია ფოტოგრაფიის საშუალებით, ადამიანის ენერგეტიკას ძალიან კარგად და საინტერესოდ გადმოსცემს.



მომიყევი, რა ვიცით ტაროს შესახებ ჩვენ ყველამ და რა კითხვებზე იძლევა პასუხს ის კონკრეტულად შენთვის?

ტაროს ყოველი დასტა  სამყაროს მოდელს გვიხსნის. ზოგადად, ტარო შუა საკუნეებში შეიქმნა, მეთოთხმეტე საუკუნიდან არსებობდა, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნის დასტამ მოაღწია. ამ პერიოდიდან ძალიან საინტერესოდ ვითარდება მისი ისტორია, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უკვე ბევრი ადამიანი დაინტერესდა მისით და საინტერესოა, რომ ისინი, ვინც ტაროს დასტებზე მუშაობდნენ, ერთი სამყაროს მოდელს სხვადასხვა ხედვის წერტილიდან ქმნიდნენ. მაგალითად, თუ  ვიღაც ეზოთერული აღმოსავლური მაგიით იყო დაინტერესებული, მას შეიძლება კარტში უფრო მეტი აღმოსავლური სიმბოლო შემოეტანა. ამიტომაც, როცა ამ ყველაფერს ადამიანი ქმნის, მიუხედავად კანონიკისა, ყველაფერი მაინც სუბიექტური გამოდის. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანის მიერ დანახული სამყაროს მოდელია, რომელიც შეიძლება საკუთარი თავის განვითარებაშიც ძალიან კარგად დაგეხმაროს, რადგან გესაუბრება დაბალი და მაღალი არკანების ცხოვრებისეულ გზაზე და გარდა იმისა, თუ ხვალ რა გელის, შეიძლება ბევრი სხვა ძალიან საინტერესო კითხვა დაუსვა, აქედან გამომდინარე კი შენი თავი განავითარო.


ტაროს ისტორიის შესახებ რომ ვკითხულობდი, რამდენიმე წყაროში ეწერა, რომ მისი საფუძვლები ეგვიპტეში უნდა ვეძებოთ, ეგვიპტური კულტურა კი თავიდან ბოლომდე სიმბოლოებით აზროვნებას გულისხმობს, შეგიძლია მითხრა რამდენიმე მაგალითი იმისა, რომელი სიმბოლო რას გამოხატავს?

რა თქმა უნდა, ეგვიპტური სიმბოლიკა  ბევრ არკანშია გამოყენებული. მაგალითად, არკანი სამართალი არის ქალღმერთი მუტი, რომელიც სასწორზე ადამიანის გულს ბუმბულთან ერთად წონიდა და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი თითქოს კარმულ გზაზე მიანიშნებს, იმაზე,  რომ ადამიანი ყველაფრის გამო საფასურს იხდი და ამისთვის შეიძლება დაჯილდოვდე ან პირიქით - დაისაჯო. კიდევ - მაგალითად, ქალღმერთი ისიდა, რომელიც არის ქურუმი ქალი,  ჩემთანაც ნახევრად მთვარეზე ზის…   რაც შეეხება ეგვიპტურ კავშირებს, ლიტერატურაში ამაზე საუბარი ძალიან უყვართ, თუმცა სინამდვილეში მეთვრამეტე საუკუნეში არსებობდა ერთი მაგი, რომელსაც ჰქონდა ხილვა, რომ  როცა ეგვიპტური ცივილიზაცია ინგრეოდა, თითქოს ქურუმებმა, იმისთვის რომ ტოტის წიგნი დაეცვათ, გააკეთეს 22 სხვადასხვა ნახატი, რომლებზეც გამოსახეს მთელი  თავისი სიბრძნისა და ეზოთერული ცოდნის სიმბოლოები. ეს იყო ტარო და მასში გამოხატული მაღალი არკანები ატარებენ ამ ცოდნას, თუმცა ამისი ისტორიული დადასტურება არ არსებობს. რა თქმა უნდა, სიმბოლიკა  გარკვეულწილად დაკავშირებულია ეგვიპტესთან, თუმცა რეალურად არავინ არ ვიცით, საფუძველი ნამდვილად აქ არის თუ არა. 


როგორ ფიქრობ, ტაროს წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია?

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერს შეუძლია, შეიძლება ვიღაც უფრო ნიჭიერია, ვიღაცას უფრო მაღალი ეზოთერული პოტენციალი აქვს,  მაგრამ, მთლიანობაში, ყველაფერი მაინც სიმბოლიკის სწავლაზეა დამოკიდებული.



ანუ არსებობს  კონკრეტული დაგროვილი ცოდნა, რომელიც გვკარნახობს რომელი სიმბოლო რას გამოხატავს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ბევრი რამ ალბათ დამოკიდებულია იმ ადამიანის შესაძლებლობებსა და ინტერპრეტაციაზე, ვინც ამას კითხულობს, ასეა?

კი, არქეტიპები და გარკვეული სიმბოლიკა, რომელიც არკანს გააჩნია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ბევრ დასტაში მეორდებოდეს. რა თქმა უნდა, გარკვეული სტაბილური მნიშვნელობა ყველა კარტს აქვს და გაშლის დროსაც იცი, რომელი რაზე საუბრობს, თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული ჩვენგანი სამყაროს სხვადასხვანაირად აღვიქვამთ და ნებისმიერი აღქმა სუბიექტური და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისგან გამომდინარეა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ის, თუ ვის უჭირავს კარტი. შეიძლება ერთსა და იმავე არკანზე  სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული მოსაზრება გაუჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მათგანს ერთი განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს.


ეს სიმბოლოები რამდენად თანხვედრაშია დღევანდელ რეალობასთან, როგორ ამყარებს ტარო კავშირს თანამედროვე ცხოვრების სტილთან,  სამყაროს აღქმის მოდელი ხომ დროსთან ერთად შეიცვალა?

არის გარკვეული სიმბოლოები, რომლებიც შეიძლება დღესდღეობით აქტუალური აღარ იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, გარკვეულწილად, მაინც რჩება ჩვენს ქვეცნობიერში. როცა კონკრეტულ არკანთან მუშაობ, მას სულ სხვა კუთხიდან აღიქვამ, ხვდები, რომ მოდელი შეიცვალა, მაგრამ ვიზუალი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თაყვანისცემის ატრიბუტი იყო და სიმბოლო, რომელშიც ბევრი ადამიანის ენერგიამ გაიარა, შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში აღარ გვხვდებოდეს, მაგრამ ჩვენს ქვეცნობიერში მაინც იყოს დალექილი. ჩემს შემთხვევაში, მაგალითად, ბევრი რამ არის გათამაშებული, თუნდაც ჩაცმულობა - თუ იქ აბრეშუმის სამოსი აცვიათ, აქ ეს სამოსი სხვა მასალითაა შექმნილი. და არა მხოლოდ ეს, ჩემი გმირები ძველი პერსონაჟებისგან თანამედროვე ვიზუალით და ცხოვრების სტილით, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან.


როგორ გეგმავ პროექტის გაგრძელებას, საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს ეს სერია?

უკვე გამოქვეყნებული ნამუშევრები და ეს ახალი ფოტოები პროექტის მხოლოდ პატარა ნაწილია. სინამდვილეში, დასტა 72 კარტისგან  შედგება  და ჯერჯერობით გადაღების პროცესში ვართ. როგორც კი გადაღებები დასრულდება, თითოეულ მათგანს დავბეჭდავთ და გარდა იმისა, რომ არტ პროექტია, ეს იქნება ჩვეულებრივი სამკითხაო დასტა, რომელსაც მისი  დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ.