"მოითხოვეთ ყველგან. გემო და სუნი საამური აქვს. გაუფრთხილდით სიყალბეს.“ - ასეთი იყო მიტროფანე ლაღიძის მიერ ბოთლში ჩამოსხმული პირველი ქართული უალკოჰოლო სასმელის - "ლაღიძის წყლების" პირველი სარეკლამო ეტიკეტი, რომელზეც ამ სიტყვებთან ერთად მხატვარ გიორგი ზაზიაშვილის მიერ დახატული თავად მიტროფანეს ჩიხტიკოპიანი დედა - გულჩინა უგრეხელიძე იყო გამოსახული. ეს ეტიკეტი პირველად 1906 წელს დაიბეჭდა, მაშინ, როცა მიტროფანემ თბილისში პირველი ლიმონათის ქარხანა დააარსა. თუმცა მანამდე იყო გრძელი და ძალიან საინტერესო გზა, რომელსაც დღეს უკვე პირველი ქართული გამაგრილებელი სასმელების სულისჩამდგმელი და  ამავდროულად,  მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი გადიოდა. 



ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც წყალტუბოში, სოფელ ჭოლევში, ღარიბი აზნაურის ოჯახში დაბადებული მიტროფანე 14 წლის ასაკში მშობლიური სოფლიდან ქუთაისში აღმოჩნდა და იქ კოკოჩაშვილისა და ივანოვსკის აფთიაქში დაიწყო მუშაობა. ცეზარ ივანოვსკი, რომელიც ძალიან ცნობილი პოლონელი ფარმაცევტი იყო, გარდა წამლებისა, ქუთაისში ლიმონათსაც ამზადებდა, სწორედ მასთან  შეისწავლა მიტროფანემ ხილეული წყლების მომზადების რეცეპტი, ცეზარ ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ კი  უალკოჰოლო სასმელების წარმოებას თავად ჩაუდგა სათავეში. ივანოვსკის მეთოდისა და მის მიერ სხვადასხვა ბუნებრივ ხილსა თუ ნედლეულზე ჩატარებული ექსპერიმენტების ბაზაზე ლაღიძემ განსაკუთრებული არომატისა და გემოს მქონე ქართული ლიმონათის რეცეპტი შეიმუშავა, ამავე პერიოდში ქუთაისში დააარსა ხილეული სასმელების ამხანაგობაც, რომლის მიზანიც არა იმდენად ფინანსური წარმატება, არამედ ქართული სასმელების სახელისა და ცნობადობის გაზრდა იყო, და არა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს შიგნით,  საერთაშორისო ასპარეზზეც.



სწორედ ამიტომ 1902 წელს  მიტროფანე ლაღიძე გერმანიასა და საფრანგეთში გაემგზავრა, სურდა, რომ თავის წარმოებაში იმდროინდელი საერთაშორისო სტანდარტები დაენერგა და ამით პირველი ქართული ლიმონათის წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა. ასეც მოხდა, პარიზში შესწავლილი მეთოდი მიტროფანემ წარმატებით დანერგა ქართული ლიმონათის  დამზადების ტექნოლოგიაში, მაგრამ გარდა ამ ტიპის გამოცდილებისა, ლაღიძემ საფრანგეთისგან კირილე ლორთქიფანიძის დახმარებით მიიღო კრედიტი, რომლითაც ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარები შეიძინა. მიტროფანე ლაღიძის თაოსნობით 1904 წელს ქუთაისში ელექტროსადგური აშენდა, რომელმაც როგორც მაშინ გაზეთი "ივერია" წერდა, ქუთაისის ქუჩები "ელექტრონის ფარნებით გაანათა".




ქუთაისის ელექტროსადგური შეიძლება ითქვას, რომ მიტროფანე ლაღიძის, როგორც საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის, ერთ-ერთი პირველი წარმატებულად განხორციელებული ინიციატივაა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და მის სახელს გარდა ამისა, საქართველოში ხელოვნური ყინულის მისაღები მაცივარ-დანადგარების შემოტანაც უკავშირდება.



მიტროფანე ლაღიძის მიერ განხორციელებული ყველა ეს იდეა მიანიშნებს, რომ მას აინტერესებდა არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ფინანსური წარმატება, არამედ მისთვის მნიშვნელოვანი იყო მის  წარმოებას თავისი წვლილი შეეტანა ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიურ და სოციალურ განვითარებაში.  ამიტომაც იყო, რომ პირველი ქართული გამაგრილებელი სასმელის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა და თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საუკეთესო ნედლეულისა და ხილის ძიებაში ატარებდა, მაგალითად, ცნობილია, რომ ვაშლს მხოლოდ გორში ყიდულობდა, მარწყვსა და ჟოლოს - ბაკურიანში, ციტრუსს - აფხაზეთში, ალუბალს - კასპში, ვარდს კი ლაგოდეხის ნაკრძალიდან იძენდა.


ამ  ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ლიმონათის გემო ქუთაისის შემდეგ თბილისშიც ყველამ გაიგო და შეიყვარა,  1905 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მხარდაჭერით მიტროფანე ლაღიძემ მაშინდელი გოლოვინის 24 ნომერში საკუთარი ლიმონათის წარმოება  დაიწყო. სულ ცოტა ხანში ამავე ადგილას გახსნა პირველი მაღაზიაც, რომელიც გარდა გამაგრილებელი სასმელების წარმოებაში პირველობისა, პირველი იყო იმითაც, რომ თანამშრომლებისთვის 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი შემოიღო.  სწორედ ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს უკავშირდება მიტროფანე ლაღიძის მიერ განხორციელებული სხვა არაერთი საზოგადო საქმიანობაც. მაგალითად, მის მიერ დაარსებულ გამომცემლობაში ხშირად იბეჭდებოდა მათი და სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებები, მიტროფანეს უშუალო დაფინანსებით გამოიცა აკაკი წერეთლის "გამზრდელი", ილიას "აჩრდილი", ვახტანგ ორბელიანის "იმედი" და სხვა.


მას შემდეგ რაც "ლაღიძის წყლებმა" დედაქალაქში გადმოინაცვლა, ამით  ჯერ მთელ საქართველოში, შემდეგ კი საერთაშორისო ასპარეზზეც უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა. 1913 წელს ლაღიძემ ვენის საერთაშორისო გამოფენაზე ოქროს მედალი, 1914 წელს პეტერბურგში კი უმაღლესი ჯილდო მიიღო საუკეთესო ხილეული სასმელის დამზადებისთვის. მიტროფანე ლაღიძის ქართულმა ლიმონათმა კი  საბოლოოდ რუსეთის სამეფო ოჯახიც დააინტერესა, რის შემდეგაც  ქართველი მეცენატი სამეფო კარის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა.


"1900 წლიდან საქართველოში მე შემოვიღე საუკეთესო ნატურალური წყლების, წვენებისა და სიროფების დამზადების ახალი მეთოდები, წესები და რეცეპტურები, რომლის წესით დამზადებული წყლები ხარისხის მხრივ მოწონებული და ღირსეულად შეფასებულ იქნა ფართო საზოგადოების მიერ. ამ რეცეპტურით დამზადებული წყლები როგორც გემოთი, ისე სურნელოვნებით საამურია და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა იმიტომ, რომ ჩემი მეთოდით დამზადებულ სასმელებში არ იხმარება არავითარი სინთეტიური ესენციები და ქიმიკატები. აღნიშნული სასმელი არაერთხელ გავგზავნე სხვადასხვა გამოფენაზე როგორც რუსეთში, აგრეთვე, საზღვარგარეთაც და ყველგან ჩემი რეცეპტით დამზადებული სასმელები მოწონებულ იქნა. მაგალითად, 1913 წელს პეტერბურგის ჰიგიენურ გამოფენაზე მაღალი და განსხვავებული ხარისხის ხილეული სასმელების დამზადებისთვის დიდი ოქროს მედალი მივიღე. აგრეთვე, სხვადასხვა გამოფენაზე მივიღე პატარა ოქროსა და ვერცხლის მედლები ხილეულის წყლების საუკეთესო ღირსებისა და ხარისხისათვის.“ –   წერდა  ერთ-ერთ წერილში საკუთარი წარმოების შესახებ მიტროფანე.


სამწუხაროდ, ამ ძალიან დიდი წარმატებების შემდეგ, 1921 წელს რუსთაველის პროსპექტზე მდებარე "ლაღიძის წყლების" ქარხანა დაიწვა.  საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით რამდენიმე წელიწადში ქარხანა ხელახლა აშენდა, მიტროფანეს ინიციატივით კი "ლაღიძის წყლების" წარმოების მახლობლად ნახშირმჟავა-გაზის ქარხანაც აშენდა. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ელიტაში  და საერთაშორისო პოლიტიკოსებშიც მიტროფანე ლაღიძის წყლები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არსებობს ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ აღწერს უინსტონ ჩერჩილი თავის მემუარებში 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე საუბრისას ლაღიძის წყლებს,  როგორ დაიბარა სტალინმა ლაღიძე მოსკოვში და როგორ გაუგზავნა მსხლის, ლიმონის, ქლიავისა და შოკოლადის სასმელი ამერიკის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს, რომელსაც "ლაღიძის წყლები" თურმე ძალიან მოსწონებია. საერთაშორისო აღიარების შემდეგ მიტროფანე ლაღიძის ხილეული წყლები, რომელსაც სტალინის ინიციატივით "ლიმონათი" დაერქვა, კიდევ უფრო პოპულარული გახდა საბჭოთა ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 80-იან წლებში საბჭოთა კავშირში ალკოჰოლური სასმელების წინააღმდეგ მიმართული ე.წ. "მშრალი კანონი" ამოქმედდა.


1900 წლიდან მოყოლებული დღემდე მიტროფანე ლაღიძის მიერ დაწყებული პირველი ქართული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელის წარმოება არ შეწყვეტილა. 1960 წელს,  მიტროფანე ლაღიძის 91 წლის ასაკში გარდაცვალების შემდეგ, წარმოებას სათავეში მისი შვილიშვილი ჩაუდგა. მიუხედავად იმისა, რომ "ლაღიძის წყლებს" 2013 წელს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ბრენდის პოპულარობა თანდათან  შემცირდა და  მიტროფანე ლაღიძის პირველმა სარეკლამო სლოგანმა "მოითხოვე ყველგან"  მნიშვნელობაც დაკარგა, რადგან,  სამწუხაროდ, დღეს თბილისში ერთადერთი ადგილი, სადაც ამ უნიკალური პირველი ქართული უალკოჰოლო სასმლის "მოთხოვნა" შეგვიძლია,  მხოლოდ სამების ტაძრის ეზოში მდებარე "ლაღიძის წყლების" პატარა კაფეა.



ილუსტრაცია: მაია აბაშიძე