Loewe პირველ მთავარ გამოფენას სახელწოდებით - Crafted World შანხაის საგამოფენო სივრცეში 22 მარტიდან 5 მაისამდე წარმოადგენს. რეტროსპექტივა ქმნის ინტერაქციულ მოგზაურობას, რომელიც სავსეა ხელოვნებითა და კულტურით, ასახავს Loewe-ს მდიდარ ესპანურ მემკვიდრეობას და ხელობის საუკუნოვან ტრადიციას. გამოფენის კურატორია მოდის სახლის კრეატიული დირექტორი - ჯონათან ანდერსონი, ხოლო არქიტექტურული ჯგუფი OMA ხელმძღვანელობს Crafted World-ის დეკორაციის დიზაინს.
Loewe's Crafted World ჰყვება ისტორიას, რომელიც იწყება 1846 წელს, როდესაც პირველად შეიქმნა ტყავის მწარმოებელი კომპანია და გრძელდება დღემდე, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მოდის სახლისა 178-წლიანი ტრადიციით. მულტიმედიური ჩვენება ეხება ჯონათან ანდერსონის კოლექციებს ბრენდისთვის, Loewe-ს მიერ გლობალური ხელობის მხარდაჭერას და მოიცავს ინტერაქციული ოთახების სერიებს, 800-ზე მეტ არტეფაქტსა და ნამუშევარს, რომლებიც აცოცხლებენ ბრენდის შთაგონებას.
გამოფენა ვითარდება ექვსი თემის გარშემო, მათ შორისაა Born from the Hand, რომელიც მოგვითხრობს Loewe-ს ადრეულ პერიოდზე, ბრენდის ევოლუციაზე ტყავის სახელოსნოდან გლობალურ მოდის სახლამდე. The Atelier-ში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ, როგორ იქმნება Loewe-ს ჩანთები, რომელიც მოიცავს ტყავის შერჩევას, მორთვას, შეღებვისა და აწყობის საინტერესო პროცესებს, აქვე შესაძლებელია ბრენდის Howl's Moving Castle ჩანთის ორი მეტრის სიმაღლის რეპროდუქცირების ნახვა, რომელიც შექმნილია 2004 წლის Studio Ghibli ფილმის ინტერპრეტაციით, ტრადიციული ხელობითა და თანამედროვე გემოვნებით.
Loewe's Crafted World-ის ფარგლებში სტუმრები ბრენდის საუკეთესო ნამუშევრებს ნახავენ, მათ შორის ისეთ არტეფაქტებს, როგორიცაა მე-20 საუკუნის რკინის ხელსაწყოები და ვიზიტორთა წიგნი, რომელშიც შესულია ერნესტ ჰემინგუეის ხელმოწერა, ასევე თანამედროვე ნიმუშები - რიანას წითელი კოსტიუმი Super Bowl LVII Halftime Show-სთვის და Trompe-l'oeil Bodysuit, რომელიც ბიონსეს რენესანსის ტურნეზე ეცვა.
გამოფენას მრავალფეროვნებას სძენს ციფრული ტექნოლოგიების ჩართულობა, მათ შორის თიზერ ფილმი, რომელშიც მონაწილეობს ბრენდის ამბასადორი - იან მი და WeChat Mini Program, რომელიც მოიცავს შვიდ ინტერაქციულ პროგრამას. 1600 კვადრატულ მეტრზე გაშლილი გამოფენის ყოველ კუთხეში სხვადასხვა ნიმუშს შეხვდებით - დაწყებული სკულპტურიდან, დამთავრებული დინამიკური ინსტალაციებით.
დაწერე კომენტარი