კარანტინით შთაგონებული დიზაინერი ლადო ბოკუჩავა საზოგადოებას ახალ კოლექციას სთავაზობს, სადაც ბუნებაში მყოფი მთავარი გმირი, ანიმეს პერსონაჟს მოგაგონებთ.
მოდა არის...
მოდა და შოუ არის კომუნიკაცია. შოუს აქვს შედეგი, გიჩნდება ოცნება, რომ ამ საოცარ სამყაროში შეაღწიო. არაჩვეულებრივად ჩაცმულ გოგონებს ხედავ, რაც რეკლამა და მარკეტინგია. ახლა გამოუვალი მდგომარეობაა და სხვა გზა არ არის, ამიტომ აკეთებენ სხვადასხვა ვიდეოკამპანიებს.
რამდენადაც ამ საქმიანობაში ძალიან ბევრს დებ - ფსიქიკას თუ პირად ცხოვრებას, შესაბამისად, დიდ ჯილდოს იღებ. ჩემთვის ძალიან მაგარია ამდენ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა: განსხვავებულ კლიენტებთან, ჟურნალისტებთან, პრესასთან, სტილისტებთან, ფოტოგრაფებთან. ეს ამ პროფესიის განსაკუთრებული შესაძლებლობა და ხიბლია.
ლადო, როგორ გაჩნდა საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა და რა იყო მიზანი?
2017 წელს Matérial-ში მუშაობისას დავაარსე ჩემი ბრენდი. როცა სხვასთან მუშაობ და ბრენდის პირველი დიზაინერი ხარ, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე აყალიბებ ბრენდის DNA-ს და ვალდებული ხარ მიჰყვე მას. ყოველთვის უნდა გააცნობიერო, რომ ეგ შენ არ ხარ და უბრალოდ მუშაობ. რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ იმას, რაც ჩემი არ არის, მაგრამ ვითვალისწინებ იმ ბრენდს და ვერგები მას. პირადად ჩემთვის ეს ფაქტორი დიდი გამოწვევაა, რადგან აჩვენებ შენს უნარს, როგორ შეგიძლია შენი ნიშის დაჭერა ისე, რომ ბრენდს თავისი სახე არ დაუკარგო.
მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ თუ მარტო ამას გავაკეთებდი და მხოლოდ სხვაზე ვიმუშავებდი, სულ რაღაცის გათვალისწინებასა და „შიშში“ ვიქნებოდი. ვფიქრობ, აუცილებელი იყო, რომ გადამეხვია.
ჩემი ბრენდი შევქმენი ზუსტად იმისათვის, რომ არაფერზე მეფიქრა, მათ შორის - კომერციაზე და გამეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა. თუმცა დღევანდელ მოდის ინდუსტრიაში ძალიან რთულია, კომერციაზე რომ არ იფიქრო. თავიდან მარტივი ჩანს, მაგრამ შემდეგ ხვდები, რომ შენ გჭირდება წარმოება, გჭირდება თანამშრომლების შენახვა. მით უმეტეს, მომდევნო კოლექციების კეთებისას გიჩნდება პრეტენზია, რომ თუნდაც ქსოვილების ხარისხი “ასწიო”, ამ ყველაფერს კი ფინანსები სჭირდება. საბოლოოდ აცნობიერებ, რომ რაღაცა დოზით მაინც ორიენტირებული უნდა გახდე კომერციაზე.
ზოგადად, კოლექციების შექმნისას რა არის შენი შთაგონების წყარო?
დღეს არაა ის დრო, რომ კოლექციებს, როგორც ხელოვნების ნიმუშებს, ისე მივუდგე, რადგან ყველაფერი სიჩქარესა და დედლაინებზეა აწყობილი. ისეთი მოდა აღარ არსებობს, ძაან ღრმა კონცეფტი რომ ედოს.
პარიზში ყოველი სეზონის მოდის კვირეულზე მაქვს შოურუმი და მინდა თუ არა, ვაკეთებ. სისტემაა ასეთი, ჩემს სურვილსა და ინსპირაციაზე ნაკლებადაა დამოკიდებული, რადგან მოცემული მაქვს ჩემი დედლაინები.
აღარ ვარ იმ ასაკში, რომ რაღაცა ვნახე, გავგიჟდი და იქიდან გამომდინარე შევქმნა. თავში არქივებად მაქვს შენახული ის ყველაფერი, რაც მომავალში ვიზუალიზაციისათვის მეხმარება. ტანსაცმელზე ფიქრისას და ადამიანის ტიპის ჩამოყალიბებისას ბუნებრივად ვაკავშირებ იმ ვიზუალებთან, რაც უკვე ნანახი მაქვს.
მოგვიყევი ბოლო კოლექციის შესახებ, რა არის მისი კონცეფცია?
კარანტინის პერიოდში მე და ჩემს გუნდს გვსურდა გაგვეკეთებინა დისტანციური ფოტოსესია იმაზე, რაც სამყაროში ხდებოდა. თითქოს ადამიანები მარტო დარჩნენ და უფრო უღრმავდებოდნენ იმას, რაც მოსწონდათ. როცა ფოტოსესია დავგეგმეთ, აკრძალვების პერიოდს დაემთხვა, რადგან მანქანით გარეთ გასვლა აღარ შეიძლებოდა. იპოდრომზე ერთ ადამიანსაც არ უშვებდნენ და შესაბამისად, გადაღება ვერ მოვახერხეთ.
ვფიქრობ, დღეს ყველას განსაკუთრებით სიამოვნებს ბუნებაში ყოფნა. რამდენი წელია საბურთალოზე ვცხოვრობ და კარანტინის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ თურმე სახლის წინ იპოდრომი მაქვს.
კარანტინის დასრულებისას გადავწყვიტეთ, გადაგვეღო ერთი გოგო, რომელიც მარტო თავისი სიამოვნებისთვის იცვამს, ზედმეტი დატვირთვების გარეშე იმოსება, არსად არ მიდის და არსად არ ეჩქარება.
რით განსხვავდება ეს კოლექცია შენი სხვა კოლექციებისგან?
კოლექციები ყველა სეზონზე განსხვავებულია. თუმცა სამყარო არ გაძლევს საშუალებას, რომ ყოველ სეზონზე სტილისტური და იდეური გადახვევა გქონდეს. მას შემდეგ, რაც საკუთარი ბრენდის კეთება დავიწყე, ძირითადად, მაინც ერთი ინსპირაციით “მოძრაობს” ჩემი კოლექციები.
ამ სეზონზე სულ მაქვს Science-Fiction-სგან ინსპირაცია. თუმცა, პარალელურად, მომავლის იდეებს მე-14 საუკუნესა და ფილიპიკის წიგნებთან ვახამებ. ძაან მიყვარს, როდესაც ლუქები ერთმანეთთან კავშირში არ არის. მომწონს, როდესაც კლასიკური, 50-იანების სტილი შეხამებულია ფუტურისტულთან. ბოლო ფოტოსესიაშიც, მოდელი ირინკა ცოტა იაპონელს ჰგავს და თითქოს ანიმეს პერსონაჟი ყოფილიყოს.
შეიძლება მივიჩნიოთ, რომ Covid-19 მოდის ინდუსტრიაში სასარგებლო ცვლილებებს შეიტანს?
პანდემიისას მსოფლიოს ყველა ბრენდზე შეკვეთების უდიდესი პროცენტი გაუქმდა. . ფანტასტიკური ბრენდები დაიხურა.. თუმცა, შესაძლოა მოდის ინდუსტრიისთვის შემდეგი პროცესი სასარგებლო აღმოჩნდეს და უკეთესობისკენაც შეიცვალოს. მე არ მომწონს უაზრო სიჩქარე, რაოდენობაზე მუშაობა. არ მგონია, რომ ოთხი სეზონის გაკეთება სწორია. რა გუნდი უნდა გყავდეს, რომ ოთხი, ერთმანეთისგან განსხვავებული თემა, კოლექცია შესთავაზო კლიენტს. წელს პირველად მქონდა გეგმაში, რომ სექტემბრიდან კიდევ ორი სეზონი დამემატებინა, რადგან მოთხოვნა იყო პარიზის შოურუმებიდან და მაღაზიებიდან. შესაბამისად, მინდოდა თუ არა, მოთხოვნა უნდა დამეკმაყოფილებინა.
შენი მომავალი გეგმები...
თბილისში გაზაფხულზე, Mercedes-Benz-ის კვირეულზე ჩვენება უნდა გვქონოდა, მაგრამ როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც ყველაფერი ჩაიშალა.
რაც შეეხება შემდეგი სეზონის კოლექციას, 24 სექტემბერს მზად უნდა გვქონდეს. ახალი სეზონისთვის მუშაობა ახლა დავიწყეთ და მხოლოდ ერთი სამოსია შეკერილი. დიდი ხნის პროცესი გველოდება წინ.
რას ურჩევდი დამწყებ დიზაინერებს?
დღეს ციფრული სამყაროა და რადგან სოციალური ქსელი არსებობს, თუ კარგი ხარ, ყველგან დაგინახავენ. უპირველესი კი შრომისმოყვარეობაა, აი, როგორი იცი, გული რომ მიგდის ღამის 4 საათზე და 8-ზე რომ მაინც დგები. თუ გინდა, როგორც დიზაინერს, რამე გამოგივიდეს, ფატალურად ბევრი უნდა იშრომო და შენს თავში ეჭვი არ უნდა შეგეპაროს, რადგან ეჭვი ყველაფერს აფუჭებს. ამიტომ მთავარი საკუთარი თავის რწმენა და დაუზოგავი შრომისმოყვარეობაა.
დაწერე კომენტარი