კანის ლომების ახალგაზრდული კონკურსი მარკეტინგის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ტარდება, წლევანდელი კონკურსი 6 კატეგორიას მოიცავს: მარკეტერი, პრინტი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი. 


კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება აქვთ მათი შესაძლებლობები და უნარები წარმოაჩინონ, თავი დაიმკვიდრონ საერთაშორისო ასპარეზზე.                                        

საქართველოში კანის ლომების კონკურსი პირველად 2015 წელს ჩატარდა. წელს კონკურსი 12 აპრილს იწყება, გამარჯვებული გუნდები 20 აპრილს გამოვლინდებიან. ,,კანის საერთაშორისო კონკურსზე” კი 70-მდე ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის - ქართველი მონაწილეები, კანში გაემგზავრებიან. გიზიარებთ იმ მონაწილეების გამოცდილებასა და რჩევებს, რომლებიც კანში პირველობისთვის იბრძოდნენ.


Leavingstone-ის კრეატიული დირექტორი - ლევან ლეფსვერიძე:


,,როდესაც კონკურსანტები მონაწილეობენ კონკურსში, ეს უკვე არის ძალიან კარგი, ისინი ერთვებიან პროცესში, რომელიც იძლევა საშუალებას ძალიან ბევრი რამის სწავლის და ტესტავენ საკუთარ თავს. შესაბამისად, მაქსიმალურად მხიარულად და ლაღად უნდა მიუდგნენ საქმეს, არ უნდა იფიქრონ შედეგსა და წაგებაზე, ეს სილაღე არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კრეატივისთვის. 


განსხვავებული, კრეატიული და უნიკალური იდეები არ მოდის მაშინ, როდესაც ვართ ზედმეტად შებოჭილები, დასტრესილები ან შფოთვით სავსენი და გვეფიქრება შედეგზე - მოვიგებთ თუ არა... ძალიან კარგი იდეები მოდის მაშინ, როდესაც ვართ მაქსიმალურად ლაღები და საკუთარ თავსა და ქვეცნობიერს თავიდან ბოლომდე ვუწყობთ ხელს, ვაძლევთ საშუალებას - ბოლომდე გაშალოს ფრთები…”

ბაია და ელენე.png 952.83 KB
მარკეტერის კატეგორია - ბაიკო ფირცხალაშვილი:   


,,ახალგაზრდა ლომების კონკურსში რამდენჯერმე ვმონაწილეობდი, ორ სხვადასხვა კატეგორიაში, სხვადასხვა მეწყვილესთან, მაგრამ მუშაობის პრინციპი მაინც ერთნაირია. ვიწყებთ ბრიფის გააზრებით - ამ დროს გამოვყოფთ პრობლემას, ვავიწროებთ მთავარ სათქმელს. შემდეგ ვიწყებთ იდეების გაცვლა-გამოცვლას. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ გეშინოდეს “ცუდი იდეების” გაჟღერების - შეიძლება შენმა მეწყვილემ დაინახოს რაღაც ან სულაც ახალი იდეა მოაფიქრდეს შენს ნათქვამზე. და ესეც რომ არ იყოს, მაინც ჯობს გააჟღერო, რომ გონებაში ახალ იდეებს ადგილი გაუთავისუფლო. 


შემდეგ გამოვყოფთ იდეებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და ვუღრმავდებით. მაგალითად, პრინტზე მუშაობისას უხეშ ჩანახატებს ვაკეთებდით სავარაუდო ქოფიებთან ერთად და თითოეულ ვარიანტს კრიტიკულად ვაფასებდით, პირველ რიგში, ამბობდა თუ არა მთავარ სათქმელს, იყო თუ არა მკაფიო და ცხადი. ხდება ხოლმე, რომ მონაწილეებს ყველაფრის ერთად ჩატევა გვინდა, გვგონია, რომ არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს. საბოლოოდ კი ნამუშევარი ბუნდოვანი გამოდის, თვალმა აღარ იცის, რაზე ფოკუსირდეს და ბევრ პატარ-პატარა სათქმელის ფონზე მთავარი სათქმელი იკარგება. ზედმეტად არ უნდა გაართულო ნამუშევარი, ყოველთვის სიმარტივე ჯობია. მას შემდეგ, რაც იდეებს ყველა შესაძლო მხრიდან განვიხილავთ და საუკეთესოს ავირჩევთ, გადავდივართ აღსრულებაზე. 



არსებობს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს შემოქმედებითობას არ უყვარს შეზღუდვები, თავისუფალი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში სტრუქტურა ყველგან საჭიროა, განსაკუთრებით - კონკურსის დროს, როცა დრო არის შეზღუდული. კარგად განსაზღვრული ეტაპები დროის ნაყოფიერად გამოყენებაში გვეხმარება, გვაზღვევს, რომ უკვე ბოლოს იდეის აღსრულებისას არ მივხვდეთ, რომ ბრიფს ავცდით და თავიდან არ მოგვიწიოს ფიქრის დაწყება. ვფიქრობ, ის, რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდური მუშაობაა. აუცილებელია მეწყვილეები ერთმანეთს ენდობოდნენ და თანაბარი პასუხისმგებლობით, მონდომებით უდგებოდნენ სამუშაო პროცესს. თუ მოგებაა, ერთად მოიგოთ და თუ წაგებაა, ერთად წააგოთ. 

                                       

რა თქმა უნდა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ბრიფს გული ვერ დაუდო, კარგი იდეები უბრალოდ არ გაგიჩნდეს ან დროში ვერ ჩაეტიო, მაგრამ საბოლოოდ კონკურსზე ყველა გამოსვლა კარგი გამოცდილებაა და იმის  საშუალება, რომ ერთ დღეში შენი თავი მაქსიმალურად გამოსცადო.”



მარკეტერის კატეგორია - ელენე დანელია:

     

,,კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი, ვფიქრობ, მართლა ფასდაუდებელი გამოცდილებაა. კონკურსისთვის გამოყოფილ 24 საათში უამრავი რამის სწავლა შეგიძლია და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ამ სფეროთი დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს. შეზღუდული დრო და ის აზარტი, რაც მსგავს კონკურსებს თან ახლავს, ფაქტობრივად, გაიძულებს, შენს შემოქმედებით უნარებს მაქსიმალური გასაქანი მისცე და საკუთარი თავი, შესაძლებლობები სულ სხვაგვარად აღმოაჩინო. ამასთან ერთად, გასწავლის გუნდურობას - ერთმანეთს უსმენთ, ითვალისწინებთ, თანაგუნდელის ნდობას სწავლობთ, ერთმანეთის მოსაზრებებს ფილტრში ატარებთ, რომ ერთად, იდეალურ შედეგამდე მიხვიდეთ.  


კონკურსის მონაწილეებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ ეს ერთიანობის განცდა კარგად გაითავისონ. ერთმანეთთან შეთამაშებულ წყვილს ყოველთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. აუცილებელია, რომ პროცესში ერთმანეთს ენდოთ, რადგან, როცა 24 საათის განმავლობაში, ფაქტობრივად, განუწყვეტლივ ფიქრის პროცესში ხარ და გონებას მუდმივად ამუშავებ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეს. ორი ადამიანის ჰარმონიული მუშაობის დროს კი, ამის შანსი მინიმუმამდე დადის, შთაგონებაც მეტია, უფრო ჰარმონიული იდეები იბადება და ამ კონკურსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი – დროც მეტად იზოგება. 


კარგი იდეის მოფიქრება, პირველ რიგში, დავალების სწორი გააზრებით იწყება. ამიტომაც, მონაწილეებს ვურჩევდი, რომ თავდაპირველად ბრიფი დეტალურად განიხილონ და მთავარი დავალება სწორად დააიდენტიფიცირონ. ჩემი გამოცდილებით, სჯობს ბრიფი რამდენიმეჯერ წაიკითხოთ – ცალ-ცალკე, შემდეგ ერთად, შემდეგ ისევ ცალ-ცალკე და ორივე მონაწილემ მნიშვნელოვანი მომენტები მოინიშნოთ, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიაროთ და შეჯერდეთ. იდეებზე ფიქრის ეტაპი არა მხოლოდ შემოქმედებითობის, არამედ, ნერვების გამოცდაცაა, რადგან ამ მღელვარებას და აზარტს, ბუნებრივია, სტრესიც თან ახლავს. ეცადეთ, გონებას თავისუფალი ფიქრის საშუალება მისცეთ და არც საკუთარ თავს, არც მეწყვილეს, იდეები არ დაუბლოკოთ. ხშირად ხდება, რომ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი იდეა, მეწყვილეს შთაგონებას აძლევს და შედეგად, შეიძლება რაღაც ძალიან ღირებული გამოდნეს. იდეების შერჩევის პროცესში კი უკვე შეგიძლიათ, მეტ-ნაკლებად, კრიტიკოსის როლი მოირგოთ – ყველა კრიტიკული კითხვა დასვათ და იდეები ორივემ ფილტრში გაატაროთ, რომ რაიმე არ გამოგრჩეთ და არჩევანში დარწმუნებულები იყოთ. 

    

ძალიან მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტიც – ჩემთვის პირადად, კონკრეტული ეტაპებისთვის დროის განსაზღვრა ძალიან კომფორტული იყო. მაგალითად, შეიძლება დათქვათ, რომ ბრიფის განხილვას 2 საათს უთმობთ, პირველად ბრეინშტორმინგს 5 საათს, იდეის შერჩევას და დამუშავებას 3 საათს და ა.შ.; ხშირად ხდება, რომ ბრეინშტორმინგის პროცესს უფრო და უფრო შორს მიჰყავხარ, ვერ წყდები და ამ დროს, შესაძლოა, კარგი იდეა უკვე მაგიდაზე გიდევს. არადა, დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია – იდეის მოფიქრების და შერჩევის შემდეგ შვება კი გვეუფლება, მაგრამ უკვე აღსრულების ეტაპი დგება, რაც იმაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე. ეცადეთ, აღსრულების ნაწილისთვის ცოტა დრო არ დაიტოვოთ და იდეალურ შემთხვევაში, ტექსტის რამდენიმეჯერ გადაწერის, ვიზუალის რამდენიმეჯერ დამუშავების დრო გქონდეთ.  კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კი, სიმარტივეა. სწორი და კარგი იდეა ერთ მოკლე წინადადებაში მარტივად ითქმის. თუ იდეის გადმოცემა გიჭირს, ან რამდენიმე წინადადება გჭირდება, ესე იგი, ან იდეას აქვს პრობლემა, ან ბევრი რამის ერთად თქმას ცდილობ და გამარტივებაა საჭირო. კრეატივში ე.წ. Twist-ები და ჩანაფიქრები კარგია, თუმცა, ჩახლართულობა კონკურსში ყველაზე წამგებიანი პოზიციაა. განსაკუთრებით, საერთაშორისო კონკურსში, სიმარტივე კიდევ უფრო ფასობს – ნამუშევრებს თუ დააკვირდებით, მთავარი პატერნი სწორედ ესაა. 

   

და კიდევ, ერთი რამ, რაც შეგრძნების დონეზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ათობით იდეიდან, ყველაზე მეტად ამართლებს ის, რომელზეც შენ და შენს მეწყვილეს, პირველი გაჟღერებისას, თვალები აგენთოთ. მჯერა, რომ ჩვენს გონებას აქვს რაღაც, რაციონალურობის და ინტუიციის ნაზავი, რომლითაც ხვდება, რომელია „ის ერთადერთი“ იდეა.”             

ნინი და გიორგი.png 904.17 KB

პრინტ კატეგორია - გიორგი მაღრაძე: 


,,პროექტზე მუშაობა დილიდანვე ძალიან ოპერატიულად დავიწყეთ, უამრავი საინტერესო იდეით დახუნძლულები მოვედით წინა საღამოდან ბრიფის გაცნობის შემდგომ. უამრავი იდეა და საინტერესო ინსაითის ძიებაში სხარტები გამოვდექით და მალევე შევჯერდით ერთხმად შერჩეულ ვერსიაზე და შევუდექით მუშაობას. ჩემი თანაგუნდელი ტექსტუალურ ნაწილზე და მთავარ მესიჯზე მუშაობდა, მე კი მთავარ ვიზუალს ვხატავდი, რომელსაც ჩემი პარტნიორი პროცესშივე აკვირდებოდა. 


მუშაობის პროცესმა ისეთი დიდი სიამოვნება მოგვანიჭა და თვითონ ნამუშევრითაც ისე ვამაყობდით, რომ სულაც რომ ვერ მოგვეპოვებინა გამარჯვება, ვთვლიდით, რომ რაღაც ძალიან საამაყოს და საინტერესოს ვქმნიდით და, ჩემი აზრით, ეს არის ის, რაც უკვე წინასწარ რაღაც შეგრძნებას და მოლოდინს გიჩენს. საკმაოდ მალე დავასრულეთ მუშაობა და ერთ-ერთმა პირველებმა გავაგზავნეთ ნამუშევარი. ჩემი პარტნიორისთვის პირველი გამოცდილება და პირველივე გამარჯვება იყო, ხოლო მე მესამედ ვმონაწილეობდი. წინა ორ გამოსვლაშიც მქონდა წინსვლა, ჯერ ათეულში მოვხვდი, შემდეგ კი ოთხეულში. ასაკიდან გამომდინარე, ჩემი ბოლო გამოსვლა იყო კონკურსზე და ასე ლამაზად დაგვირგვინდა შედეგით, ჩემს მეწყვილეს კი ვუსურვებ ბევრ წარმატებას მომავალ გამოსვლებში.


ვინც ახლა მონაწილეობს, მათ ვურჩევდი, რომ აუცილებლად რაც შეიძლება ბევრჯერ გამოვიდნენ და არცერთი წელი არ გამოტოვონ. მე პირადად ერთი წელი ჩამივარდა და ძალიან ვნანობ, რომ ის საინტერესო შემოქმედებითი ქარცეცხლი, რომელიც ნამდვილად ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს, ყველა შესაბამის ასპექტში გამოვტოვე. ხოლო იმათ, ვინც თავს არიდებს და გაურბის მონაწილეობას, ვურჩევდი, რომ გადადგან ეს ნაბიჯი - მნიშვნელოვანი გამოცდილება და საკუთარი თავის გამოცდაა ისეთ საინტერესო კოლაბორაციაში და ისეთ თემაზე მუშაობაში, რისი შანსიც მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგეცეს. ყოველწლიურად კონკურენცია იმატებს და ეს ძალიან კარგია, ჩვენს დროს ყველაზე მეტი გუნდი დაფიქსირდა და საკმაოდ კარგი ნამუშევრებიც.



რაც შეეხება თვითონ კანის ფესტივალზე ასპარეზობას, ეგ სრულიად სხვა გამოცდილება იყო და იქაც ძალიან კარგად ვიმუშავეთ. გვქონდა სამი ნამუშევარი, რომლიდანაც ბოლოს ორი დავაშორთლისტეთ და ამ ორიდან ერთის ამორჩევა უკიდურესად გაგვიჭირდა. ასე რომ, კიდევ ერთი რჩევა ჩემგან -  კონცენტრირდეთ მხოლოდ ერთ საუკეთესო იდეაზე და მას დაახარჯოთ მთელი დრო და რესურსი, რომ შთამბეჭდავი გამოვიდეს. განსხვავებით ქართული კონკურსისა, იქ უფრო სხვა ხედვები და გამოცდილებებია. ასე რომ, ნაკლები გართულება, ნაკლები Overthinking, მეტი კრეატივი და გიჟური იდეები უფრო დიდ შანსებს მოგიტანთ.”



პრინტ კატეგორია - ნინი ბუკია: 


,,კანის ლომებმა მაჩვენა, რომ რჩევა-დარიგებად მოსმენილი ზოგი ბრტყელი ფრაზა ოდესმე აუცილებლად გამართლდება. საკუთარი ხმის მიყოლა და თანაგუნდელის ნდობა  ჩემთვის ის ორი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა. ასეთივე შეგონებაა “სამუშაო პროცესით სიამოვნების მიღება”, რაც იმდენ რამეს ნიშნავს, რამდენი წამკითხველიც ჰყავს. თუმცა, ჩემს საკონკურსო დღეს ეს გამოთქმა საუკეთესოდ აღწერს. ვფიქრობ, კრედიტები არ უნდა დავუკარგოთ სიმამაცესაც, რადგან ბევრისგან მსმენია, რომ შეიძლება ეჭვი გეპარებოდეს საკუთარ გამოცდილებაში და სფეროში გატარებული წლების სიმრავლეში - ამიტომ ჩააგდო წელი და მონაწილეობაზეც უარი თქვა. 


მტკიცედ მჯერა, რომ საკუთარი თავის გამოცდით აქ ვერაფერს დაკარგავ. ისწავლი და დააკვირდები საკუთარი ფიქრის პროცესს, დაუმეგობრდები იმას, ვისთანაც მუშაობ და, მარტივად რომ ვთქვა, კარგადაც გაერთობი. და მაინც, როგორ უნდა მოემზადო? - ბრიფს მოუსმინე, გაისეირნე, იფიქრე, ჩაიწერე, შენივე აზრები გადააგდე და კონკურსის წინა ღამით კარგად გამოიძინე. მოკლედ რომ ვთქვა, ზოგი კლიშე ნამდვილია და ზოგიც სასარგებლო - შეიძლება ყველაზე ახალ სათქმელს ჟანრის კლასიკაში მიაგნო”.