გუჩისთან და Beckett-Fonden-თან თანამშრომლობით შექმნილი გამოფენა -  Stranger Than Kindness მნახველს საკულტო ავსტრალიული ჯგუფის, Nick Cave and The Bad Seeds-ის სოლისტის - ნიქ ქეივის კარიერის და შთაგონების წყაროს გაცნობას სთავაზობს. გამოფენის ხილვა კოპენჰაგენში, დანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი.


Stranger Than Kindness-ზე წარმოდგენილი ნიქ ქეივის ორიგინალი ილუსტრაციები, სიმღერების ხელნაწერი ტექსტები, ფოტო- და ვიდეომასალები შემოქმედის განვითარების ისტორიას ავსტრალიაში გატარებული ბავშვობიდან საერთაშორისო დონის შემსრულებლობამდე  გვამცნობს. თითოეული ნიმუში ნიქ ქეივის პირადი კოლექციიდან, Arts Centre Melbourne-ის არქივიდან და დანიის ეროვნული ბიბლიოთეკიდანაა წარმოდგენილი. 


„რასაც გამოფენაზე იხილავთ, სიმღერის, წიგნის, სცენარისა თუ ფილმის ირგვლივ  შექმნილ ჩახლართულ სამყაროში არსებობს, - ამბობს ნიქ ქეივი. - აქ უამრავი მეორეხარისხოვანი მასალაა წარმოდგენილი - ჩანახატები, რუკები, სიები, ფოტოები, კოლაჟები და ესკიზები. ეს ყოველივე უნდა აღიქვათ არა როგორც ხელოვნების ნიმუშები, არამედ როგორც სიმღერის, წიგნის, სცენარისა თუ ფილმის შესაქმნელად საჭირო საბაზისო მასალა“.


გამოფენა მნახველს ნიქ ქეივის და უორენ ელისის კომპოზიციის ფონზე შემოქმედის რეალური და წარმოსახვითი სამყაროების შემეცნებას სთავაზობს. ჯერ კიდევ უცნობია, გამოფენაზე მომღერლის ხელნაწერ ტექსტებთან ერთად The Red Hand Files-ზე ფანების დასმულ კითხვებზე მისი პასუხების ხილვაც თუ იქნება შესაძლებელი. თუმცა, დამთვალიერებლებს  გამოფენის დეტალების აღმბეჭდავი, ასევე Stranger Than Kindness-ად წოდებული წიგნიც დახვდებათ..

გამოფენა ამ წლის 8 ივნისიდან 2021 წლის 13 თებერვლამდე იქნება წარმოდგენილი.  დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად იხილეთ ბმული.