მილანის დიზაინის 2024 წლის კვირეულზე ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას დაფუძნებულ Rooms Studio-ს ნამუშევრებს დამთვალიერებელი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე იხილავს. 

Rooms Studio სოლო გამოფენით - “BEDROOM”,  ექვსი ახალი ლოგინის დიზაინს წარადგენს, რომლის შექმნის იდეა ლოგინის დიზაინის ფუნდამენტური საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. კოლექციის თითოეული ლოგინი ექვს განსხვავებულ ინტერიერს ერგება, იქნება ეს კერძო სახლი თუ სასტუმრო.

Lanvin Boutique-ში წარმოდგენილი იქნება Rooms Studio-სა და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც Frank Elbaz გალერეისთვის 2022 წელს შეიქმნა. ხელნაკეთი ნამუშევარი, სახელწოდებით - In The Ether Lamp, ლითონითა და გამჭვირვალე ლურჯი მინითაა დამზადებული, რომელიც ალექსი-მესხიშვილის ნამუშევარში ლურჯი ვარდის განმეორებადი მოტივით არის შთაგონებული და ერწყმის Rooms Studio-ს უნიკალურ დიზაინის ტექნიკას. 

ალუმინის სკულპტურული სკამი 2022 წელს შეიქმნა და წარმოადგენს Wild Minimalism სერიის ნაწილს. აქვე შეხვდებით ნამუშევარს - სკულპტურული სკამები I, II, III, რომლებიც ასევე Wild Minimalism კოლექციის გაგრძელებაა, სხვადასხვა ფერთა ვარიაციით და დამზადებულია 2024 წელს. Rooms Studio-ს კონცეპტუალური ნამუშევრები, ხის კვეთის ეთნოგრაფიული ტექნიკითა და საბჭოთა არქიტექტურული ფორმებითაა შთაგონებული. ადგილზე წარმოდგენილია კიდევ ერთი ნამუშევარი - 2018 წელს შექმნილი Lovers Sofa - გეომეტრიული, მონუმენტური ფორმებით.

Rooms Studio ძირითადად კოლექციურ ავეჯზე და სხვადასხვა არქიტექტურული სივრცეების დაპროექტებაზე მუშაობს. Rooms Studio-ს ავთენტურ ენას ქმნის  ეთნოგრაფია, მითოლოგია, ტრადიციული, მოდერნისტული ელემენტები, ხელნაკეთი ბუნებრივი მასალების გამოყენება,  მაგალითად, ხე, ქვა და ლითონი. სტუდიის პრაქტიკა კულტურული ფესვების, არქაული სიმბოლოების, ტრადიციული ხელნაკეთი ტექნიკების კვლევას მოიაზრებს. ძველი მოტივების თანამედროვე დიზაინის ენაზე თარგმნა, იდენტობის აღდგენა და ინტეპრეტაციები ქმნის უნიკალურ ნამუშევრებს, ხშირად განმეორებადი, თუმცა მუდმივად განვითარებადი ელემენტებით შექმნილ კოლექციებს. 


ფოტო: ლევან მაისურაძე, ლილე რევიშვილი, დავით მესხი, გურამ კაპანაძე