საბერძნეთი მრავალი მოგზაურისთვის სასიამოვნო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ბერძნული არქიტექტურა, ისტორია და გამორჩეული ესთეტიკა ნამდვილადაა ის, რაც იდეალურ საზაფხულო დასვენებას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბერძნული ქალაქები ტურისტების დიდი სიყვარულით სარგებლობენ, დროის არანაკლებ სასიამოვნოდ გატარება კუნძულებზეცაა შესაძლებელი. Design Hotels სასტუმროების ქსელია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე გამორჩეული დიზაინისა და კომფორტის მქონე სივრცეებს აერთიანებს. ამ სტატიაში საბერძნეთის კუნძულებზე მდებარე რამდენიმე დიზაინერულ სასტუმროს გირჩევთ.
კუნძული სანტორინი მზით გათეთრებული სახლებით, ცისფერგუმბათიანი ტაძრებით, ვიწრო ქუჩებითა და ეგეოსის ზღვის მომნუსხველი პეიზაჟითაა ცნობილი. იმეროვიგლის კი, რომელიც სანტორინის გამორჩეული სოფელია, “ეგეოსის ზღვის აივანს” უწოდებენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია, სადაც ბარების ტერასები, გემოვნებიანი რესტორნები და ბუტიკური სასტუმროები ულამაზეს ხედს გადაჰყურებს.
Vora, რომელიც სამი ვილისგან შემდგარი სასტუმროა, იმეროვიგლიში მდებარეობს და ზღვის თავზე, კლდეშია ნაკვეთი. სწორედ ამგვარი ადგილმდებარეობის გამო, სასტუმრო ოთხი წლის მანძილზე ხელით შენდებოდა, რაც მის უნიკალურ დიზაინშია გამოხატული, რომლის თითოეული ელემენტიც საგულდაგულოდაა შერჩეული და კონკრეტულად Vora-სთვისაა შექმნილი. მთლიანობაში, ექსტერიერი თავისი ულამაზესი დაისებით, ინტერიერი კი მშვიდი ფერთა პალიტრით დამსვენებლებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
Vora-ს შექმნის მიზანი სტუმრებისთვის სანტორინის ავთენტური სახის ჩვენება და ადგილობრივი გამოცდილების შექმნა იყო. “მინდა სტუმრებმა ის სანტორინი შეიცნონ, რომლებიც მშობლებმა მაჩვენეს - საიდუმლო ადგილები, სურნელი და საჭმელი, რომელთან ერთადაც გავიზარდე”, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი იანის ბელონიასი. თუმცა ტრადიციული სულის გარდა, სასტუმროში თანამედროვე ელემენტებიც მრავლადაა. ბელონიასისთვის ამ ორი პოლუსის შერწყმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი არა ძველი მუზეუმის, არამედ თანამედროვე ბერძნული ატმოსფეროს შექმნას ცდილობდა.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ Vora თავისი ინტიმური და ელეგანტური გარემოთი ბრწყინვალე დასასვენებელი ადგილია. აქ სტუმრების პრივატულობა და კომფორტი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ თუ მშვიდ, მომნუსხველ და სურვილის შემთხვევაში სოციალურ გარემოში გსურთ დასვენება, ეს სასტუმრო თქვენთვის იდეალური არჩევანია.
დიდმა ბერძენმა პოეტმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა გიორგოს სეფერისმა კუნძულ პაროსს ნაზი ბუნების, ხელუხლებელი სანაპიროსა და მომნუსხველი სოფლების გამო, ყველაზე ლამაზი ბერძნული კუნძული უწოდა. პაროსი ბრწყინვალე დასასვენებელი ადგილია ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანისთვის - სერფერებისთვის, ხელოვანებისთვის, მოლაშქრეებისთვის, ოჯახებისთვის, ღამის ცხოვრების მოყვარულთათთვის, წყვილებისთვის...
სასტუმრო Parilio, რომელიც სანაპიროსა და ქალაქს შორის მდებარეობს, ამ საოცარ კუნძულს გამორჩეული, თეთრი არქიტექტურული სტილით განასახიერებს. მის დიზაინში ბუნებრივი ქვის მასალა დამამშვიდებელ ფერთა გამას ერწყმის, რომელშიც თეთრი, ნაცრისფერი, სპილოსძვლისფერი და ღია ყავისფერი დომინირებს. Parilio-ს გამორჩეული დეტალები - თაღები, ბეტონის ბოძები, სქელი ქვის სტრუქტურები - ტრადიციული ტექნიკითაა ნაშენები. ინტერიერის გარკვეული ნაწილები კი პაროსის სამონასტრო არქიტექტურითაა შთაგონებული, რაც სასტუმროში საკრალურის მსგავს სივრცეს ქმნის.
სიმშვიდისა და მოკრძალებული სილამაზის გამო, Parilio სოლო მოგზაურებისთვის კარგ თავშესაფარს წარმოადგენს, თუმცა ის კომფორტულია ოჯახებისა და წყვილებისთვისაც, რომლებსაც ერთმანეთსა და ბუნებასთან დაკავშირების სურვილი აქვთ.
CRETAN MALIA PARK, კუნძული კრეტა
ქალაქი მალია ლაბირინთის მსგავსი ვიწრო შესახვევებითა და მრავალი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლით - მინოსისა და კრონოსის სასახლეებით, ჰერაკლეს არქეოლოგიური მუზეუმით - კრეტაზე მოგზაურთათვის აუცილებლად სანახავ ადგილს წარმოადგენს. სწორედ აქ მდებარეობს ჩემი პირადი ფავორიტი - Cretan Malia Park, რომელიც ეკოსასტუმროა და როგორც თავისი სამზარეულოთი, ისე დიზაინითა და, ზოგადად, მუშაობის მეთოდით უამრავი სხვა რეკრეაციული სივრცისგან გამოირჩევა. სასტუმროს არქიტექტურა კრეტის ადგილობრივ ქვასთან, ხმელთაშუა ზღვის ლურჯ წყალსა და ირგვლივ გაშენებულ ხეხილის ბაღებთან სრულ ჰარმონიას ქმნის. ეს ადგილი ერთდროულად არის რეტროც, ორიგინალურიცა და ბოჰემურიც. დასასვენებელ სივრცეებში კი როგორც ელეგანტური ოთახები და ლუქსები, ისე ბუნგალოებიც მოიაზრება.
განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია სასტუმროს ეკოლოგიური ცხოვრების წესი - მისი წარმომადგენლები ოკეანის დასუფთავებაში, ბიომრავალფეროვნების პროგრამებსა და ნარჩენების შემცირებაში აქტიურად მონაწილეობენ. როგორც მეპატრონეები ამბობენ, სასტუმროში დასაქმებულთა უმეტესობას საკუთარი მიწის ნაკვეთი აქვს, რომლის დამუშავებასაც ასწავლიან, შემდეგ კი სასტუმროსთვის აუცილებელ პროდუქტს სწორედ მათგან ყიდულობენ. ამგვარად, თანამშრომლებიც ახალი ხედვის ნაწილად გრძნობენ თავს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სამზარეულოც, რომელიც თავისი ორგანული კერძებით ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. მფლობელები სასტუმროს კონცეფციის შესახებ ამბობენ: “შინაარსის შექმნასა და მსგავსად მოაზროვნე ადამიანების ერთად შეკრებას ვცდილობთ, რასაც ბევრი სხვადასხვა გზით - დიზაინითა და პასუხისმგებლიანი ტურიზმით, ასევე, კრეტული ავთენტური სამზარეულოთი ვახერხებთ. მაგალითად, სტუმრებს შეუძლიათ დილით შეფსა და უფროს მებაღესთან ერთად სასტუმროს ორგანულ ბაღში დღის საკვები აარჩიონ, შემდეგ კი სამზარეულოში წავიდნენ, მათთან ერთად მოამზადონ, დალიონ და დააგემოვნონ. ისინი ყველაფერში მონაწილეობენ. აქ თავს ისე იგრძნობთ, როგორც კრეტულ სახლში, კვირა დღეს.” მთლიანობაში, თუ ეკომეგობრული, მშვიდი და კეთილდღეობაზე მორგებული დასვენება გსურთ, ეს სასტუმრო ნამდვილად თქვენთვისაა.
დაწერე კომენტარი