საერთაშორისო ფესტივალი - Tbilisi Design Festival - 2024 წლის პირველ მაისს AD BLACK SEA-ს ორგანიზატორობით TEC-ში ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც თბილისს დიზაინის ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავი, გრემის ორგზის გამარჯვებული, ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი სტეფან ზაგმაისტერი ეწვევა. ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მედიამხარდამჭერი Hammock Magazine-იცაა, მიზნად ისახავს AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებას, ინდუსტრიის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.
ფესტივალის გამორჩეულ საერთაშორისო სპიკერსა და მთავარ გამომსვლელს - სტეფან ზაგმაისტერს ეკუთვნის The Rolling Stones-ისა და David Byrne-ის საკულტო ალბომების ქავერები, თანამშრომლობს HBO-სა და Guggenheim Museum-თან და ფლობს დიზაინის თითქმის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პრიზს. ზაგმაისტერის წიგნები ასიათასიანი ტირაჟით იყიდება, ხოლო მის გამოფენებს მსოფლიოს გამორჩეულ მუზეუმებში შეხვდებით.
ზაგმაისტერის ექსპოზიციამ - “The Happy Show” - ნახევარ მილიონზე მეტ დამთვალიერებელს უმასპინძლა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გრაფიკული დიზაინის შოუ გახდა. დიზაინის ინსტიტუტთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის დიზაინის ფესტივალზე ზაგმაისტერის უახლესი წიგნის - “Now is Better”-ის შეძენა და ავტორის ხელმოწერის მოპოვება იქნება შესაძლებელი.
სტეფან ზაგმაისტერი ასევე არის TED-ის ყველაზე ხშირად მიწვეული სპიკერი, რომლის სცენაზეც 5-ჯერ გამოვიდა. თავის ნამუშევრებში დიზაინერი ცხოვრების ისეთ ცნებებზე აკეთებს აქცენტს, როგორიცაა ბედნიერება, სილამაზე და მშვენიერება, აკავშირებს დიზაინსა და ყოველდღიურ ცხოვრებას და საზოგადოებას მისი დამაფიქრებელი, საინტერესო კომპოზიციებით ამახსოვრებს თავს, მის მიერ შემოთავაზებული ვიზუალიზაცია მუდმივად განსხვავებული და გამორჩეულია.
გარდა სტეფან ზაგმაისტერის გამოსვლისა, თბილისის დიზაინის ფესტივალის პროგრამა ლექცია-სემინარებს, პანელურ დისკუსიასა და ვორქშოპებს მოიცავს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან.
დიზაინის იდეის ირგვლივ გაერთიანებულ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გამოწვევებსა და თანამედროვე დიზაინთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესებს. Tbilisi Design Festival იქნება საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც სრულად მიეძღვნება დიზაინის მიმართულებას.
დაწერე კომენტარი