ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი სალომე თინიკაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტია, რომელიც შემოქმედების ფოკუსში ხშირად საკუთარ თავს აქცევს. სალომე, ძირითადად, ფერწერაში მუშაობს, თუმცა ბოლოდროინდელი მისი ნამუშევრები უფრო მეტად კონცეპტუალურ ობიექტებზეა კონცენტრირებული. ხელოვანი ხშირად, განზრახ თუ უნებლიეთ,  იმ ყოველდღიურ რეალობას იკვლევს, რომელშიც თავად არსებობს. 

ჟურნალი Hammock-ისა და VAADS-ის თანამშრომლობის ფარგლებში გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ ხელოვან სალომე თინიკაშვილთან, რომელიც საკუთარი შემოქმედების შესახებ გვიყვება. 




სალომე, როდის დაინტერესდი და საბოლოოდ როგორ აღმოჩნდი ხელოვნებაში? 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს, რადგან ვერ ვიხსენებ კონკრეტულ დროს, თუ როდის დავიწყე ხატვა, სულ თანამდევია. თავდაპირველად საერთოდ არ ვაპირებდი ვიზუალური ხელოვნების სწავლას, თუმცა, საბოლოოდ, გავაანალიზე და მივხვდი, რომ ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და მხიბლავს, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი უნარები სწორედ ამ მიმართულებით განმევითარებინა.


პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს?

კონკრეტული ნამუშევარი არ მახსენდება, თუმცა მახსოვს ტიპაჟები, რომლებსაც ბავშვობაში ხშირად ვხატავდი, ძირითადად - გოგოებს. 




რა გაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?

ბევრი რამ, ხანდახან უბრალოდ ერთი სიტყვაც მოქმედებს, რომელსაც ქუჩაში გამვლელისგან გავიგებ, ან რომელიღაც ისტორია, ამბავი, სამყაროში არსებული კონტრასტები, თუნდაც სოციალური. ეს კონტრასტები სწორედ თონის სერიაში მაქვს დამუშავებული, სადაც თონე მდიდრულ ხალიჩაზეა განთავსებული. მსგავსი ეფექტური ვიზუალები მუშაობის პროცესში დიდ შთაგონებას იწვევს ჩემში. 




არსებობს თუ არა კონკრეტული თემები, რომლებსაც ინტუიციურად მუდამ უბრუნდები? 

ალბათ საკუთარი თავი, რადგან შემიმჩნევია, რომ ხშირად საკუთარი თავი შემყავს იმ სერიაში, რომელიც შეიძლება უშუალოდ მე არც მეხებოდეს. 


ძირითადად ფერწერაში მუშაობ, რას ნიშნავს შენთვის ხატვის პროცესი? 

ხატვის პროცესი ჩემთვის, პირველ რიგში, საკუთარ თავთან დაახლოებას და   საკუთარი თავის ობიექტურად დანახვას გულისხმობს. ამასთან, ხატვა სირთულეებთან შეჭიდების შესაძლებლობას მაძლევს. ჩემთვის განსაკუთრებულია ის მომენტი, როდესაც მუშაობისას სხვადასხვა თემისა და იდეის კვლევა მიმდინარეობს და მხოლოდ შთაგონებაზე არ დგას მთელი პროცესი. შემოქმედება ჩემთვის ბევრ კითხვებთან და ძიებასთან ასოცირდება, რომელშიც საკუთარი თავი სწორად უნდა იპოვო. 




ცოტა ხნის წინ VAADS-ის ონლაინგამოფენა გაიმართა, სადაც შენი ნამუშევრებიც ვიხილეთ. მათ შესახებ რომ მოგვიყვე უფრო ვრცლად…

ონლაინგამოფენა, რა თქმა უნდა, პანდემიამ გამოიწვია, რომელიც ყველას რთულად შეგვეხო. კარანტინის დროს მე გორში დავბრუნდი და რამდენიმე დღეში გავიგე, რომ ქალაქები ჩაკეტეს. აღმოვაჩინე, რომ ჩავრჩი გორში ყველანაირი მასალის გარეშე, რაც შემაშფოთებელი და მოულოდნელი იყო ჩემთვის. თავდაპირველად ცოტა დავიბენი კიდეც, რადგან სულ ვმუშაობ და უეცრად დავდექი ახალი რეალობის წინაშე. სწორედ ეს გამოწვევა იყო ჩემთვის საინტერესო, რამაც ახალ მედიუმში მაცდევინა საკუთარი ძალები - მანამდე ყოველთვის ფერწერაში ვმუშაობდი. ამ პერიოდში დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ, ზოგადად, როგორია ის საგნები, რომლებსაც ყოველდღე ვუყურებ და მუდამ ერთი სახელი ჰქვიათ ბავშვობიდან მოყოლებული. მივედი იქამდე, რომ შემეცვალა საგნების ცნებები, დანიშნულება და საბოლოო ჯამში, მოვქარგე ჩოგანი. ეს ფიქრიც და შემდეგ შექმნილი ნამუშევარიც დაჩქარებული პროცესის შედეგია და იმ ახალი რეალობის, რომელმაც ყველანაირი მასალის გარეშე დამტოვა. VAADS-ის ონლაინ გამოფენაზე ჩემი ფერწერული ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი, ძირითადად, პორტრეტები. 




“მემორიალის” სერია -  რა არის ამ ნამუშევრების კონცეფცია და რა იყო შენი შთაგონების წყარო მასზე მუშაობისას?

სწრაფი და მოძრავი ყოველდღიურობა პანდემიამდე თითქოს შეუმჩნეველი იყო. იზოლაციაში ყოფნისას პირველი მოგონება სწორედ ამ ტემპს უკავშირდებოდა, რომელშიც ყველაფერი ცოცხალია. სტატიკურმა პერიოდმა იმისკენ მიბიძგა, რომ შემექნა მემორიალი იმისა, რაც მახსენდებოდა. გადავწყვიტე, ჩემ ირგვლივ ნაპოვნ ქვებზე დამეტანა ფოტოები იმ რეალობისა, რომელიც უშუალოდ ასახავდა ყოველდღიურობის ჩქარ ტემპს. მანამდე ქუჩაში გადაღებული ტრანსპორტის, ადამიანების, ქუჩის თავყრილობების კადრები ციფრულად გადავიტანე ქვებზე. ეს სერია აქტიური ცხოვრების გამოთხოვების მემორიალად იქცა, საბოლოო ჯამში. 




ლოკალურ სივრცეზე რომ გვესაუბრო, შენი აზრით, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგანან ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები?

მგონია, რომ ხალხის დამოკიდებულება და აღქმა თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მიმართ არარეალისტურია. თითქოს მსუბუქადაც გვიყურებენ და “თამაშად” აღიქვამენ ჩვენს შემოქმედებას. ამ დამოკიდებულებას არაერთხელ შევჯახებივარ ყოველდღიურობაში. 


ამჟამად რა მიმართულებით ვითარდება შენი შემოქმედება? 

მგონია, რომ ახალ ეტაპს ვიწყებ. მინდა, რომ გავაკეთო ობიექტები და ამ მედიუმში ვცადო ჩემი შესაძლებლობები. მგონია, რომ საინტერესოც იქნება და მეც უფრო განმავითარებს.




ბოლო ნამუშევარი…

ჩემი ბოლო ნამუშევარი ანარეკლების თემატიკას ეხმიანება. ზოგადად, რთულად ჩნდება ერთი ტიპაჟი ჩემს ნამუშევრებში, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ორი სახასიათო და თითქოს ორივე მთავარი გმირი გაჩნდა - გოგონა და ვეფხვი, რომლებიც შემდგომ ანარეკლების სივრცეს მოვარგე და ამ თემაში გავაერთიანე.


სამომავლო გეგმები… 

მინდა, რომ გააზრებულად მივყვე ამ ტალღას და ყველაფერი ერთიანობაში მოვიყვანო. ის უნარები, რაც მაქვს, ჩემი შემოქმედების განვითარებას მოვახმარო.