გერმანიაში 21-წლიანი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ, საქართველოში მამის,პროფესორ პაატა გვეტაძის მძიმე დიაგნოზმა დააბრუნა. მას შემდეგ აქ, თბილისში, ფერმწერი ბებიის,ცისია შანშიაშვილის სახელოსნოში ცხოვრობს და მუშაობს. უფრო მეტიც, საქართველოში, იქ, სადაც დიდი დოზით გრძნობს სიყვარულსა და ყურადღებას, მუშაობის მანამდე წარმოუდგენელმა იდეამ დაბრუნებისთანავე ჯერ ფორმა იცვალა, შემდეგ კი თავისი ფეხით მიიყვანა იმ ადგილას სადაც ხელოვანი თეა გვეტაძე მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე თეა მერლანად გარდაისახა.
სვანეთში პირველად 2017 წელს მოხვდა. თვალუწვდენელი მთები და ულამაზესი ბუნება, თავისი უშბით, შხარითა და თეთნულდით, არაფერია იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთა აღმოჩენამაც ეს მხარე სამუდამოდ შეაყვარა. ვინც სვანურ კულტურას ახლოს იცნობს ან მისი ორგანული ნაწილია, ზუსტად იცის, რომ ყველაზე მომხიბვლელი და მთავარი აქ ნამდვილად ადამიანის შექმნილი კულტურაა. ბუნების იმ სილამაზეს რომ თვალი აარიდო და მის მიღმა ეს ყველაფერი დაინახო, ან ამ კულტურის ნაწილი უნდა იყო, ან, როგორც თეა ამბობს, შენი სულიერება იმხელა უნდა გახდეს, რომ ჯერ თავად შეძლო დანახვა და დაფასება, შემდეგ კი სხვებსაც აუხსნა - მაინც რა აქვს ამ მხარეს ასეთი გასაოცარი. და თუ მოახერხებ და "იმხელა გახდები", შესაძლოა ნამდვილ სვანეთთან ერთად მისივე წიაღში საკუთარი თავი აღმოაჩინო და იმ სახელსაც კი მიაგნო, რომელიც შენში აქამდე მომხდარ უხილავ ცვლილებებს დაერქმევა. ზუსტად ისე, როგორც ეს თეა მერლანის შემთხვევაში მოხდა.
“შემთხვევით გაცნობილ ადამიანს დედის გვარი რომ ვკითხე, მერლანიო, მიპასუხა. ამ გვარის ჟღერადობა ისარივით მომხვდა გულში. მივხვდი, რომ ჩემი სახელი ჩემთან მოვიდა, ჩემში მამაჩემის სიკვდილით დაწყებული ცვლილებების პროცესი თითქოს იქვე ერთ ცხოვრებისეულ ეტაპად შესრულდა და გარდავისახე თეა მერლანად.”
2018 წელს ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა ხელოვანი პერსონალური გამოფენით მიიწვია,რომლის სახელიც Becoming Thea Merlani..." იყო.
ნამუშევარი, რომელსაც ზუსტად იგივე სახელწოდება - Becoming Thea Merlani დაერქვა და ამ გამოფენისთვის შეიქმნა, წარმოადგენდა ხევსურული კაბის “არქიტექტურით” შექმნილ გამჭვირვალე ნაჭერს, რომელსაც ხელში სვანური ხის ორნამენტებით გაფორმებული ორი სარკე ეჭირა და თავზე გვირგვინის ნაცვლად ბადრიჯანი ედგა. ნამუშევარი საზოგადოებამ პირველად 2019 წელს გალერეა LC Queisser-ში გამოფენა “სუბტროპიკული უშგულის” ფარგლებში იხილა.
"გველი რომ ტყავს იცვლის, თითქოს მეც ასე გამოვიცვალე, ვუყურებ ჩემს თავს და ამ ტყავის გამოცვლის პროცესს Becoming Thea Merlani ჰქვია. ბადრიჯანი საკუთარ თავზე ირონიაა და თან მიანიშნებს, რომ თეა მერლანად კი გარდავისახე, მაგრამ ეს არ არის გარდასახვის ბოლო ეტაპი. Becoming Thea Merlani ქალებს ეძღვნება, ვინც გარშემო მყავს და მათთვის, ვისაც სჭირდება ძალა, იმისთვის რომ Becoming something, შემდეგ გამოიცვალოს ტყავი, შემდეგ ისევ Becoming something, შემდეგ ისევ გამოიცვალოს და ეს პროცესი არ სრულდება მანამ, სანამ პიროვნებაში ბოლო ილუზიები არ გაქრება..."
სვანეთი, და მით უმეტეს, უშგული, ვერასდროს იქნება სუბტროპიკული. ხელოვან სალომე მაჩაიძის მიერ თეასთვის მოფიქრებული სიტყვების ეს კომბინაცია ვერ აღწერს სვანეთის ლანდშაფტებს, მაგრამ ალბათ ყველაზე ზუსტად შეეფერება მას, ვინც მშობლიური შავი ზღვის სუბტროპიკების შემდეგ, თავისი ადგილი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ხელახლა აღმოაჩინა და ამ აღმოჩენას Becoming Thea Merlani უწოდა.
დაწერე კომენტარი