პირველ მაისს TEC-ში თბილისის დიზაინის ერთდღიანი ფესტივალი AD Black Sea-ს ორგანიზატორობით ჩატარდა, რომელიც სრულად მიეძღვნა დიზაინის ინდუსტრიას. ფესტივალზე გაიმართა პანელური დისკუსიები, სემინარები, ვორქშოპები, რომელსაც ინდუსტრიის წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესიონალები, პროდუქტის დიზაინერები, გრაფიკოს-დიზაინერები და ილუსტრატორები უძღვებოდნენ.ფესტივალის ფარგლებში, აუდიტორიის წინაშე ორი გრემის მფლობელი, ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი - სტეფან ზაგმაისტერი წარდგა, რომელმაც მსმენელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ინდუსტრიის ტენდენციებზე ისაუბრა, 45-წუთიანი სემინარის შემდეგ, იგი აუდიტორიას კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრა, შემდეგ კი დიზაინის ინსტიტუტის დახმარებით ზაგმაისტერის ახალი წიგნი - Now Is Better გაიყიდა, რომლებიც დიზაინერმა საკუთარი ხელმოწერით ინდივიდუალურად გააფორმა.ვატო ქავთარაძე, Ad Black Sea-ს დამფუძნებელი:
,,ზოგადად, ფესტივალები ემსახურება იმას, რომ დარგი მეტად განავითაროს და ხელი შეუწყოს ცოდნის, განათლებისა და გამოცდილების ზრდას ქვეყანაში. ჩვენ უკვე მრავალი წელია ბათუმში ვატარებთ AD Black Sea-ს ფესტივალს, რომელიც მოიცავს კომუნიკაციებს, კრეატივს, დარგის ფართო გაგებას, თბილისის დიზაინის ფესტივალი კი მისი ერთგვარი ,,შვილობილია’’, რომელიც ფოკუსირებულია უშუალოდ დიზაინზე, უდიდეს ცნებასა და დარგზე, რომელიც უამრავ რაიმეს ესადაგება. ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი მოქმედება და მოღვაწეობის დიდი ნაწილი სწორედ დიზაინზე გადის, რომელიც არის ფიქრის და აღსრულების ფორმა, რასაც კი ვეხებით და ვხედავთ, ყველა საგანი აუცილებლად გულისხმობს დიზაინს.
დიზაინის, ესთეტიკის, ხედვისა და გემოვნების სხვადასხვა ასპექტები ჩვენ, როგორც ერს, გვაქვს შინაგანად და შემდეგ, საბჭოთა გავლენისგან სრულად განთავისუფლებისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ფესტივალის მანიფესტი და მთავარი მიზანი, ჩვენი გეგმა და დიდი სურვილი, სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაყენებაა...
რაც შეეხება სტეფან ზაგმაისტერს, რომელიც ჩვენი მთავარი მოწვეული სტუმარია, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი დიზაინის ინდუსტრიაში, გვიხარია, რომ მოვახერხეთ მისი საქართველოში ჩამოყვანა, ზაგმაისტერი მნიშვნელოვან სტარტს მისცემს თბილისის დიზაინის ფესტივალს.’’
თამარ ცინცაძე, Ad Black Sea-ს აღმასრულებელი მენეჯერი:
,,კრეატიული და სარეკლამო ინდუსტრიის თვალსაზრისით, მსგავს ფესტივალზე დასწრება და სპიკერების მოსმენა, შესაძლებლობა, რომ ერთი პროფესიის ადამიანებმა აზრები გაცვალონ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, გარდა ცნობიერების ამაღლებისა და სხვადასხვა პრაქტიკული ინსტრუმენტის შესწავლისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხტი და მოტივაცია იმისათვის, რომ შემდეგი თვეები დიდი შემართებით და მონდომებით იმუშაო, რაც ნამდვილად დადასტურებული ფაქტია. შესაბამისად, ადამიანი რაც უფრო ხშირად ესწრება მსგავს ღონისძიებას, მისთვის უფრო მეტად უმჯობესდება მუშაობის და შესრულებული საქმის ხარისხი.
ჩვენ, Ad Black Sea, ბათუმში კრეატივის ფესტივალს, რომელიც სამი დღე გრძელდება, 2015 წლიდან ვატარებთ და როგორც ჩვენი სტუმრები აღნიშნავენ, ამ სამი დღის ემოციები და მუხტი მთელი წლის განმავლობაში მიჰყვებათ. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ფესტივალი მიეძღვნას არა ზოგადად კრეატივს, არამედ სპეციფიკურად დიზაინს, ძალიან დიდ, მრავლისმომცველ და საინტერესო დარგს. წელს დიზაინის ფესტივალი პირველად გაიმართა, ძალიან დიდი იმედი და მიზანი გვაქვს, რომ მომდევნო წლებში ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, მუდმივად გავიზარდოთ და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, დაიმუხტონ დადებითი ენერგიით და ფესტივალიდან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება წაიღონ.’’სტეფან ზაგმაისტერი, გრაფიკული დიზაინერი:
,,მინდა აღვნიშნო, რომ მოხიბლული ვარ სივრცით, სადაც ვიმყოფებით, ნებისმიერი ქვეყნის დიზაინერი იამაყებდა მსგავს სივრცეში ფესტივალის ჩატარებით. რაც შეეხება, საქართველოში ნანახ ნამუშევრებს და გრაფიკულ დიზაინს, ძალიან მომეწონა, თითოეულში ინდივიდუალიზმი და განსხვავებულობა დავინახე.
რა შეიძლება იყოს ჩემი დიზაინის შთაგონების წყარო... მაგალითად, როგორც დიზაინერი, ახლა ვიყურები კამერაში, რომელიც ჩემ წინაა, კამერის დიზაინზე მუშაობისას კი, ვფიქრობ, თავდაპირველად გადავხედავდი იმას, თუ როგორ არის შექმნილი სხვა, ძველი კამერები, გავიგებდი იმ ხალხის აზრისა და საჭიროების შესახებ, რომელიც კამერას იყენებს, თუმცა ჩემი ხედვა ობიექტის თაობაზე არის დაშლილ კონტექსტში, ნებისმიერი რამ, რასაც გარშემო ამ მომენტში ვხედავ, იქნება ეს ჩანთის საკიდი, კამერის მოწყობილობა, კორპუსი თუ ლინზა, სხვადასხვა დიზაინით ერთმანეთთან შეერთებული, შეიძლება სწორედ ჩემი ინსპირაცია აღმოჩნდეს და განსხვავებული ელემენტები ერთმანეთს ისე დავუკავშირო, რომ მთლიანი ჯაჭვი შეიქმნას. დაახლოებით ლეგოს პრინციპით ერთმანეთთან დაკავშირებული ელემენტები ქმნის საბოლოო, საინტერესო პროდუქტს.’’ლადო კობახიძე, მულტიდისციპლინარული დიზაინერი, ფესტივალის სპიკერი:
,,პირველ რიგში, ჩემი სამუშაო პროფილი არის მულტიდისციპლინარული, რაც დიზაინის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას მოიცავს - ინტერიერის, ტრანსპორტის, სამრეწველო, Product, გრაფიკულ და შეფუთვის დიზაინს. ჩემი დღევანდელი თემა ფესტივალზე არის მულტიდისციპლინარული მიმართულების მნიშვნელობა დიზაინში, რა გავლენას ახდენს პროცესზე, ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის, როგორია სამუშაო პროცესი, ჩემი გავლილი გზა და გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება, დღევანდელ ფესტივალს, ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საიმისოდ, რომ ჩვენ, როგორც დიზაინის არეა, გამოვჩნდეთ მსოფლიოს მასშტაბით - მოინიშნოს რუკაზე, რომ საქართველო დიზაინის მიმართულებით არის აქტიური.
დიზაინის სამყარო სწორედ აქტივობების, საინტერესო პროექტების, ფესტივალებისა და გამოფენების მიხედვით იზომება.
თბილისის დიზაინის ფესტივალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით შეიძლება ჩატარდეს, ასევე წელს გვყავს ძალიან გავლენიანი სტუმარი - სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც ავტომატურად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველო აღინიშნოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დიზაინის ადგილად. ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა, რომ ვარ პირველი ფესტივალის მონაწილე და დიდი იმედი მაქვს, რომ ფესტივალი ხშირად, წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და იქნება კიდევ უფრო მრავალფეროვანი.’’
დაწერე კომენტარი