ბაუჰაუსის სკოლას მარტივ პრინციპებზე აგებული, გამორჩეული და თანამედროვე სტილის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. საყოველთაოდ ცნობილი გერმანული სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მე-20 საუკუნის არაერთი მნიშვნელოვანი ავეჯის დიზაინი შეუქმნიათ.
ბაუჰაუსის სტილის ავეჯი ყველაზე მეტად ფუნქციურობით გამოირჩევა - სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი დეტალები - მაგიდის ზედაპირები თუ სადგამები მარტივ გეომეტრიულ ფორმებამდე დაიყვანებოდა, რაც ავეჯს უფრო პრაქტიკულსა და ესთეტიკურად სასიამოვნოს ხდის.
ისეთი მასალები, როგორებიცაა ფოლადი, მინა, ფანერი და პლასტმასი, ბაუჰაუსის სტილის ავეჯის შექმნისას არასტანდარტულად მიიჩნეოდა, რაც მათ მასობრივ წარმოებას ამსუბუქებდა - ბაუჰაუსის სტილი დახვეწილ, პრაქტიკულ და მინიმალისტურ დიზაინზე აქცენტირდება.
გთავაზობთ ბაუჰაუსის სტილით შექმნილი საუკეთესო ავეჯისა და სხვა საოჯახო ნივთების სიას.
Wassily Chair, მარსელ ბრეიერი
Wassily Chair-ის, ასევე ცნობილი, როგორც Model B3 Chair-ის დიზაინი, უნგრელ მოდერნისტ არქიტექტორსა და ავეჯის დიზაინერს - მარსელ ბრეიერს ეკუთვნის. ბრეიერს სკამის შექმნის იდეა ველოსიპედის ტარებისას გაუჩნდა - მან ველოსიპედის საჭისთვის გამოყენებული ფოლადის მილების შეერთებით ავეჯის შექმნა განიზრახა. არქიტექტორმა სავარძლის ტრადიციული დიზაინი სრულიად გაამარტივა და შედეგად მხოლოდ მისი „კონტური“ მიიღო. Wassily Chair სკამს რუსი მხატვრის, ბრეიერის მეგობრისა და კოლეგის - ვასილი კანდინსკის პატივსაცემად ეწოდა.
Baby Cradle, პიტერ კელერი
გერმანელი არქიტექტორის, პიტერ კელერის Baby Cradle-ის შთაგონების წყარო ვასილი კანდინსკის ნამუშევრები გახლდათ. Baby Cradle-ის დიზაინი კელერმა 1923 წელს ვაიმარში, ბაუჰაუსის სკოლის პირველი გამოფენის - Haus am Horn-ისთვის შექმნა. არქიტექტორზე უდიდესი ზეგავლენა იქონია კანდინსკის წიგნმა ფერთა თეორიაზე, რომელიც ხაზს უსვამს ავტორის გრძნობებს ფერებზე და მათ უნარზე - ადამიანზე დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინონ. აკვანი სამკუთხედისა და მართკუთხედის ფორმის მასალებითაა შექმნილი. მისი ფერები - წითელი, ყვითელი და ლურჯი ბაუჰაუსის სტილის ძირითად ფერთა გამას ქმნიან.
Bauhaus Chess Set, იოზეფ ჰარტვიგი
ბაუჰაუსის სტილის ჭადრაკის დაფისა და ფიგურების დიზაინი გერმანელ სკულპტორს - იოზეფ ჰარტვიგს ეკუთვნის, რომელმაც ნამუშევარი ფიგურების საწყის ფუნქციაზე დაყვანით მაქსიმალურად მინიმალისტური გახადა. მაგალითად, X-ის ფორმის კუს ფიგურა მის დიაგონალურ მოძრაობას გამოხატავს, დედოფლის ფიგურის კუბითა და სფეროთი წარმოდგენა კი მის თითქმის შეუზღუდავ მოძრაობას უსვამს ხაზს. გერმანელ ხელოვანს, ჭადრაკის ფიგურებიდან რელიგიური და მონარქიული სიმბოლოების მოშორებით, თამაშის გათანამედროვება ჰქონდა მხედველობაში.
Brno Chair, მის ვან დერ როე
გერმანელი მოდერნისტი არქიტექტორის, მის ვან დერ როეს 1929-1930 წლების ნამუშევარი - Brno Chair საგნების საწყის და ფუნქციურ ნაწილებამდე დაყვანის პრინციპს ასევე იზიარებს. გერმანელი არქიტექტორის ნამუშევრის დიზაინი ეფუძნება იდეას, რომ სკამის ოთხ ფეხზე დგომა არ არის აუცილებელი - Brno Chair C-ის ფორმის სადგამით, ორ ფეხზეც ინარჩუნებს სიმყარეს.
Tea Infuser, Model No. MT49, მარიანა ბრანდტი
გერმანელმა მხატვარმა მარიანა ბრანდტმა 1924 წლის ნამუშევარში სტანდარტული ჩაიდნის დიზაინი მთლიანად გაამარტივა და მეტალის, გეომეტრიული დიზაინის მქონე ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი და ფილტრი შექმნა. მისივე ფუნქციიდან გამომდინარე, ჩაის დასაყენებლის სიმაღლე 7 სანტიმეტრი გახლავთ - სტანდარტული ჩაიდნისგან განსხვავებით, ის კონცენტრირებული ექსტრაქტის დისტილაციას გულისხმობს, რის შედეგადაც დაყენებული ჩაის ცხელ წყალში გახსნით სასურველი სიძლიერის ჩაი მიიღება. ჩაის მარტივად და კომფორტულად ჩამოსასხმელად კი, ჩაიდანზე აბანოზის ხისგან შექმნილი D-ის ფორმის ტარი შედარებით ზემოთ არის მოთავსებული.
Wardrobe on Rollers, იოზეფ პოლი
ჩეხი დიზაინერის - იოზეფ პოლის მიერ ფანერის მასალისგან დამზადებული კარადა მობილურობისა და მაქსიმალურად პატარა სივრცის დაკავების შესაძლებლობით ცნობილი გახდა, როგორც Bachelor’s Wardrobe. მართკუთხედის ფორმის კარადის მრავალფუნქციურობასა და მოსახერხებლობას მასზე დამაგრებული ბორბლები განაპირობებენ, რომელთა საშუალებითაც მისი გადაადგილება სხვადასხვა ადგილზე შეიძლება. გარდა ამისა, თაროებით, ტანსაცმლის ჩამოსაკიდი სივრცით და ფეხსაცმელების შესანახი განყოფილებით აღჭურვილი კარადა საკმაოდ კომპაქტურიცაა.
Barcelona Chair, მის ვან დერ როე და ლილი რაიხი
1929 წელს ბარსელონაში გამართული საერთაშორისო გამოფენისთვის შექმნილი სკამის დიზაინი ბაუჰაუსის სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელს - მის ვან დერ როეს და ლილი რაიხს ეკუთვნით. თავდაპირველად სკამის სადგომის დიზაინი სხვანაირი იყო, 1950 წელს კი ის უჟანგავი რკინის სადგომით შეცვალეს.
MT8 Lamp, ვილჰელმ ვაგენფელდი და კარლ ჯეიკობ ჯაკერი
გერმანელი დიზაინერის - ვილჰელმ ვაგენფელდის და შვეიცარიელი კარლ ჯეიკობ ჯაკერის მიერ შექმნილი მაგიდის სანათი ცნობილი გახდა, როგორც „ბაუჰაუსის სანათი“, რადგანაც ბაუჰაუსის სტილის პრინციპს - „ფორმა იზიარებს ფუნქციას“ ის სრულად აკმაყოფილებს. წრიული სადგამის, ცილინდრული სვეტისა და სფეროსებრი ფორმის მინისგან შექმნილი სანათი მარტივ გეომეტრიულ ფიგურას ქმნის.
Door Handle, ვალტერ გროპიუსი
გერმანელი არქიტექტორის და ბაუჰაუსის სკოლის დამფუძნებლის - ვალტერ გროპიუსის შექმნილი ინდუსტრიული სტილის კარის სახელური მასობრივ წარმოებაში 1923 წელს ჩაეშვა. თუმცა, თავდაპირველად არქიტექტორმა სახელური ალფელდში მდებარე ფაგუსის ქარხნისთვის შექმნა. ნიკელის ფერით დაფარული სპილენძის სახელური კომერციულად ყველაზე წარმატებული ბაუჰაუსის სტილის პროდუქტია.
Nesting Tables, იოზეფ ალბერსი
გერმანელ-ამერიკელმა ხელოვანმა - იოზეფ ალბერსმა თანამედროვე მაგიდების დიზაინი 1926-1927 წლებში, ბაუჰაუსში ავეჯის დასამზადებელი სახელოსნოს სამხატვრო ხელმძღვანელობისას შექმნა. თითოეული მაგიდა მუხისგან დამზადებული და აკრილის საღებავით მომინანქრებული იყო. ფერადი, გეომეტრიული ნახატებით განთქმულმა ალბერსმა მხატვრობაში თავისთვის დამახასიათებელი სტილი მაგიდების დიზაინსაც მოარგო და თითოეულის მინა ლურჯი, წითელი, ყვითელი და თეთრი ფერით შეღება.
დაწერე კომენტარი