კინო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვირტუალური მოგზაურობისთვის, რომელიც საინტერესო ისტორიების, თვალწარმტაცი გარემოს - პეიზაჟებისა და სხვადასხვა დეკორაციების საშუალებით კიდევ უფრო აღვივებს მოგზაურობის სურვილს. გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომლებიც მოგზაურობის პროცესს განსაკუთრებით დახვეწილად და საინტერესოდ გიჩვენებთ.
„რომაული არდადეგები“ (უილიამ უაილერი, 1953)
ოდრი ჰეპბერნის და გრეგორი პეკის მიერ შესრულებული პერსონაჟების რომაული არდადეგები კინოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოგზაურობაა, რომელიც შთამბეჭდავი რომის ფონზე წყვილის სიყვარულის ისტორიას გვიჩვენებს. ქვეყნიდან გამოქცეულ ევროპელ პრინცესას, რომელსაც სამეფო ოჯახის ვალდებულებებისგან თავის დაღწევა და თავისუფლებით ტკბობა სურს, რომში ჟურნალისტი ჯო შეიფარებს. თავდაპირველად, ჯო პრინცესას კარიერის უდიდეს მოვლენად და შემოსავლის დიდ წყაროდ აღიქვამს, თუმცა, პრინცესასთვის ჯოს მიერ გაწეული გიდობა მათ შორის გრძნობების გაღვივების უდიდეს ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა.
„დაიჭირე ქურდი“ (ალფრედ ჰიჩკოკი, 1955)
ალფრედ ჰიჩკოკის რომანტიკული თრილერის სიუჟეტი კანსა და ნიცაში ვითარდება, სადაც კერი გრანტის განსახიერებულ მძარცველსა და გრეის კელის პერსონაჟს შორის გაჩაღებულ რომანს ფრანგული რივიერას მომხიბვლელი პეიზაჟები იდეალურად ერგება. კერი გრანტის პერსონაჟი ყოფილი მძარცველია, რომელსაც კრიმინალურ ქმედებებში კვლავ ადანაუშალებენ, თუმცა, ამის პარალელურად მაინც ახერხებს გრეის კელის პერსონაჟთან რომანის გაბმას.
„ორნი გზაზე“ (სტენლი დონენი, 1967)
„ორნი გზაზე“ 12-წლიან ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმრის ისტორიას არათანმიმდევრული სიუჟეტით მოგვითხრობს. ფრანგული რივიერა აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს - წყვილი სენ-ტროპედან იწყებს მოგზაურობას და შემდეგ მთელ ფრანგულ რივიერას მოინახულებს. გზადაგზა კი, მაყურებელს მათ წარსულ მოგზაურობებზე მოგონებების ხილვის საშუალება ეძლევა.
„აფრიკიდან“ (სიდნი პოლაკი, 1985)
„აფრიკიდან“ კარენ ბლიკსენის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ მემუარებს ეფუძნება. ფილმი დიდ ბრიტანეთსა და კენიაშია გადაღებული, რომელთა პეიზაჟები იდეალურად ერგება მერილ სტრიპის მიერ განსახიერებული კარენისა და რობერტ რედფორდის პერსონაჟის - დენისის სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას.
„ტელმა და ლუიზა“ (რიდლი სკოტი, 1991)
რიდლი სკოტის საკულტო ფილმი - „ტელმა და ლუიზა“ ორი ქალის მეგობრობის ისტორიაა - ტელმა და ლუიზა უქმეებზე ერთად მოგზაურობას გადაწყვეტენ და კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახოვრებელ თავგადასავალს გვთავაზობენ. „ტელმა და ლუიზა“ პირველი ფილმია, სადაც თაღლითები სწორედ მთავარი როლის შემსრულებელი ქალები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ტელმას და ლუიზას მოგზაურობა ბედნიერად არ სრულდება, მათი ისტორია ნათლად გვიჩვენებს ქალების ნამდვილი მეგობრობის უდიდეს ძალას.
„მზის ამოსვლამდე“ (რიჩარდ ლინკლეიტერი, 1995)
რეალური დროის აღბეჭდვის დიდოსტატის - რიჩარდ ლინკლეიტერის „მზის ამოსვლამდე“ მისი საკულტო ტრილოგიის პირველი ნაწილია. ითან ჰოუკის და ჯული დელპის პერსონაჟების სასიყვარულო ისტორია ერთმანეთის მატარებელში გაცნობით და ვენაში გატარებული ერთი დღიდან იწყება და ტრილოგიის ორ ნაწილში ვითარდება. ტრილოგიის მეორე ნაწილში - „მზის ჩასვლამდე“, რომელიც რეჟისორმა 9 წლის შემდეგ გადაიღო, წყვილი კვლავ ხვდება ერთმანეთს, ამჯერად პარიზში. მესამე და ბოლო ნაწილში - „შუაღამემდე“, რომელიც ასევე 9 წლის შემდეგაა გადაღებული, ითან ჰოუკის და ჯული დელპის პერსონაჟები დაქორწინებულ წყვილად გვევლინებიან, უკვე საბერძნეთში. ტრილოგია შესანიშნავად გადმოსცემს საკუთარი ცხოვრების სწორად აღქმის უნარს, რაშიც მოგზაურობას დიდი როლი ეკისრება.
„ინგლისელი პაციენტი“ (ენტონი მინგელა, 1996)
„ინგლისელი პაციენტი“ მაიკლ ონდააჩის ამავე სახელწოდების რომანის საკმაოდ რომანტიკული ეკრანიზაციაა. ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომამდელ ეგვიპტესა და ომის შემდგომი პერიოდის იტალიაში ვითარდება. ენტონი მინგელა დაბომბილი ტოსკანასა და ეგვიპტური უდაბნოების ფონზე საკმაოდ ტრაგიკულად და ამავდროულად, ლამაზად გვიჩვენებს რალფ ფაინსის და კრისტინ სკოტ ტომასის მიერ განსახიერებული წყვილის საიდუმლო რომანს.
„ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (ენტონი მინგელა, 1999)
ენტონი მინგელას კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ამ ჩამონათვალში იკავებს ადგილს „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ გახლავთ. ფილმი არაჩვეულებრივად გვიჩვენებს იტალიის პეიზაჟებს, სახლებს, ქალაქებსა და ზოგადად, იტალიას. „ნიჭიერი მისტერ რიპლის“ სიუჟეტი 1950-იანებში ვითარდება - ის მეთ დეიმონის, ჯუდ ლოუს და გვინეთ პელტროუს პერსონაჟების მდიდრულ და სისხლიან მოგზაურობას გვიხატავს ლაციოს სანაპიროებზე გატარებული დროიდან დაწყებული, ვენეციის საუცხოო სასტუმროებით დამთავრებული.
„ამელი“ (ჟან-პიერ ჟენე, 2001)
ჟან-პიერ ჟენეს „ამელიში“ პარიზი ერთი დიდი, ნათელი საკონდიტროა, რომელსაც რეჟისორი ფერად-ფერადი ლინზებით გვიჩვენებს. ფილმი ოდრი ტატუს განსახიერებულ მონმარტრში მომუშავე მიმტანზე მოგვითხრობს, რომლის მეშვეობითაც რეჟისორი თანამედროვე პარიზულ ცხოვრებას გვიხატავს. ჟან-პიერ ჟენეს ობიექტივიდან დანახული პარიზი ყოველთვის ნათელი, ბრწყინვალე და ოცნებებით სავსეა.
„თარგმანში დაკარგულები“ (სოფია კოპოლა, 2003)
სოფია კოპოლას საკულტო ფილმი „თარგმანში დაკარგულები“ ტოკიოში დამეგობრებული ორი ამერიკელის - ბილ მიურეისა და სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟების ურთიერთობას რეჟისორისთვის დამახასიათებელი იუმორით, კადრებით და ფერებით გვიჩვენებს. პრესტიჟული სასტუმრო Park Hyatt-დან დაწყებული, ნეონით სავსე კარაოკე ბარებითა და ქუჩებით დამთავრებული, სოფია კოპოლა „თარგმანში დაკარგულების“ სახით ტოკიოს ტურისტულ რეკლამას გვთავაზობს. თუმცა, ამაზე მეტად ფილმი მარტოობის მელანქოლიური გამოხატულებაა იმ ქალაქშიც კი, რომელიც მილიონობით ადამიანითაა სავსე.
„მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით“ (უეს ანდერსონი, 2007)
მამის გარდაცვალების შემდეგ, სამი ერთმანეთისგან გაუცხოებული ძმის ინდოეთისკენ მატარებლით მოგზაურობა, უეს ანდერსონის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, საინტერესო პეიზაჟებით დატვირთული ფილმია. ფილმში რეჟისორი მატარებლის მცირე ზომის კაბინებისა და მათ ინტერიერის, რაჯასტანის გაშლილი სივრცეების - უკაცრიელი უდაბნოების და მთების ფონზე იდეალურად წარმოაჩენს ფერად, თვალწარმტაც ინდოეთს.
„ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ (ვუდი ალენი, 2008)
ვუდი ალენის ფილმების სიუჟეტი, როგორც წესი, ნიუ-იორკში ვითარდება, თუმცა, 2008 წლის „ვიკი, კრისტინა, ბარსელონას“ გადაღებისას რეჟისორმა ფილმის გადასაღებ მოედნად ბარსელონა აირჩია. „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“ ორი ახალგაზრდა ქალის - ვიკის და კრისტინას ბარსელონაში მოგზაურობასა და მათ აქ გაბმულ რომანებზე მოგვითხრობს. ტურისტის თვალით დანახული შესანიშნავი არქიტექტურისა და პეიზაჟების ქალაქი - ბარსელონა კი, საბოლოოდ, თავადაც ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟად იქცევა.
„შუაღამე პარიზში“ (ვუდი ალენი, 2011)
პარიზში გადაღებულ ვუდი ალენის ფილმში - „შუაღამე პარიზში” - ოუენ უილსონი ჯილ პენდერის, მომავალი რომანისტის როლს ასრულებს. ის კვალდაკვალ მიჰყვება ცნობილი პარიზელი ხელოვანების - მხატვრების, მწერლების განვლილ გზას და იმავე კაფეებში შედის ყავის დასალევად, სადაც ერთ დროს ისინი იკრიბებოდნენ. ერთ ღამეს კი, თავად ამ ადამიანებით სავსე მანქანა ჩნდება ჯილის წინ, ისინი დროში ამოგზაურებენ ოუენ უილსონის პერსონაჟს, რომელიც 1920-იან წლებში მოღვაწე ხელოვანებისა და მწერლების ბოჰემური ცხოვრების თანაზიარი ხდება. .
„სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი“ (უეს ანდერსონი, 2014)
კინემატოგრაფიის ისტორიაში მრავალი გამოგონილი სასტუმრო გვინახავს, თუმცა უეს ანდერსონის დახვეწილ „გრანდ ბუდაპეშტს“ ცოტა თუ უწევს კონკურენციას. პრესტიჟული სასადილო ოთახისა და ვარდისფერი ფასადის მქონე სასტუმროს წარმატება, უმეტესწილად, აქ მომუშავე ერთგული კონსიერჟის - მუსიე გუსტავის დამსახურებაა, რომელიც სასტუმროსთვის თავდადებას არაერთი ქმედებით ამტკიცებს.
„შენი სახელი დამიძახე“ (ლუკა გუადანინო, 2017)
ლუკა გუადანინოს „შენი სახელი დამიძახე“ იტალიური სოფლის ცხოვრების ერთგვარი სახელმძღვანელოა. არმი ჰამერის და ტიმოთი შალამეს მიერ განსახიერებული ოლივერის და ელიოს სასიყვარულო ისტორიისთვის ჩრდილოეთ იტალია იდეალური გამოდგა - ასწლოვან პიაცებზე ველოსიპედით ხეტიალი, გარდას ტბაზე ნებივრობა და იტალიური საუზმე - ამ ქვეყნის სოფლებში მოგზაურობის სურვილს ნებისმიერს აღუძრავს.
„მიდსომარი“ (არი ასტერი, 2019)
არი ასტერის „მიდსომარი“ საშინელებათა შანრის ფოლკლორული ფილმია, რომლის სიუჟეტიც შვედეთის ერთ მზიან სოფელში ვითარდება - აქ ჩასული მეგობრები 90 წელიწადში ერთხელ გამართულ რელიგიურ ფესტივალს ესწრებიან, რომელიც, საბოლოოდ, საზარელ სახეს მიიღებს. სკანდინავიის პოლარული დღეები, მზით განათებული შვედური სახლები, მწვანე, გაშლილი მდელოები და წიწვოვანი ტყეები - ეს ყოველივე შვედეთის გარემოს მომხიბლავად ასახავს.
დაწერე კომენტარი