ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული და სახელოვნებო ღონისძიება - თბილისის კულტურის კვირეული 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, ხელოვნების, კულტურის, დიზაინისა და მოდის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება. პროექტი მიზნად ისახავს ქართული ისტორიისა და ხელოვნების გლობალური მასშტაბით პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას, აერთიანებს შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის - დიზაინერებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებსა და რეჟისორებს.
კვირეულის ფარგლებში, 4 დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი ქართველი თუ საერთაშორისო არტისტი გააცნობს დამსწრე აუდიტორიას თავის შემოქმედებას. 2024 წლის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება, გასაშუქებლად კი საქართველოს მთელი მსოფლიოდან არაერთი პრესის წარმომადგენელი ეწვევა. თბილისის კულტურის კვირეულის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ არტისტების ნამუშევრები, დაესწრონ კურირებულ გამოფენებს, კინოჩვენებებს, კონცერტებს და გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას და ღონისძიების მრავალფეროვან პროგრამას.
ფესტივალი 9 მაისს, 19 საათზე გაიხსნება რომან მიხაილოვის, უტა ბექაიას, ლია ბაგრატიონის, ტატო ახალკაციშვილის, ფაიგ აჰმედის, დილდორა კასიმოვას, Filep Motwary-ს, Amine Amharech-ის, ლევან მინდიაშვილის, კონსტანტინე მინდაძის, Adriano Cisani-ს, Situationist-ისა და ზურაბ არაბიძის გამოფენებით, წარმოდგენილი იქნება გამოფენა - ფარდა ნიკოლოზ წულუკიძის კურატორობით, ქართული სცენოგრაფიის გამოფენა და სტუდენტების სპეციალური პროექტი გიორგი ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით, 21 საათზე კი კონცერტს სუხიშვილები გამართავენ.
10 მაისს ვიზიტორები Muzaradi X Sarajishvili-ს ნამუშევრებს იხილავენ, გაიმართება რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის ჩვენება იურგენ ტელერის შემოქმედების შესახებ, ასევე Berhasm-ისა და ჯაბა დიასამიძის კოლექციის წარდგენა.
11 მაისს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ დიზაინერების - აკა ნანიტაშვილის, აკა ფროდიაშვილის, DZHABA-ს კოლექციები, დაესწრონ რაინერ ჰოლზემერის დოკუმენტური ფილმის - Martin Margiela In his own Words-ის ჩვენებას და Theatre Factory 42-ის თეატრალურ წარმოდგენა-პერფომანსს.
ხოლო 12 მაისს გაიმართება დოკუმენტური ფილმის, “Mary, Marianna, Maria – The Unsung Greek Years of Callas”-ისა და ბრენდის, Jesus Star-ის ჩვენება. ფესტივალი ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური ორკესტრის, მანანა ეგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტით დაიხურება, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ფოტოს წყარო: Culture Week Tbilisi
დაწერე კომენტარი