ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტი ხსნის საგაზაფხულო გამოფენას - "მძინარე მზეთუნახავები - მოდის გამოღვიძება", რომელსაც წლევანდელი Met Gala მიეძღვნა. გამოფენა 10 მაისს გაიხსნება და 2024 წლის 2 სექტემბრამდე გაგრძელდება. ზღაპრული გამოფენისა და შოუს უნიკალურ საგამოფენო სივრცეებზე არქიტექტურულმა სტუდიამ - Leong Leong-მა იმუშავა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 220 სამოსი და აქსესუარი, რომლებიც აერთიანებს ოთხ საუკუნეს, 400-წლიან ისტორიას - ლეგენდარული დიზაინერების ნამუშევრებს დაწყებული მე-17 საუკუნიდან დღემდე, თითოეული ნამუშევარი კი ერთმანეთს ბუნების თემატიკით უკავშირდება და ზოგიერთ მათგანს დამთვალიერებელი პირველად სწორედ გამოფენაზე იხილავს.
გამოფენა, გარდა მოდის ექსპონატების წარდგენისა, შექმნის "სენსორულ გამოცდილებას’’, რასაც მრავალფეროვანი ტენოლოგიები - ხელოვნური ინტელექტი, CGI, ვიდეო ანიმაციები, სინათლის პროექციები და ხმოვანი პეიზაჟების კომბინაცია უზრუნველყოფს.
“როდესაც ნივთი შედის კოსტიუმების ინსტიტუტის კოლექციაში, მისი სტატუსი სამუდამოდ იცვლება, ის, რაც ოდესღაც ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ახლა უმოძრაო „ნამუშევარია“, რომლის ტარება, შეხება ან სუნის შეგრძნება შეუძლებელია“. - ნათქვამია გამოფენის პრესრელიზში. "მძინარე მზეთუნახავები’’ სწორედ ტექნიკური ინსტრუმენტებით ისტორიული მოდის ნაწილების აღორძინებას და ხელახალი სიცოცხლის მიცემას შეძლებს.
ინოვაციური გამოფენა მიზნად ისახავს ვიზიტორებსა და ისტორიულ მოდას შორის კავშირის დამყარებას, "მძინარე მზეთუნახავები’’ მნახველებს მონაწილეობითი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. გამოფენაზე საუკუნოვანი ისტორიების აუდიოჩანაწერები ბუნების ხმების ფონზე გაჟღერდება და მუზეუმის მუდმივი კოლექციის უნიკალურ ნივთებს ხელახლა ,,გააღვიძებს’’.
ბუნების თემით გაერთიანებული კოლექციიდან ობიექტები და ნივთები დაყოფილია ჯგუფებად და კატეგორიებად, რომლებიც დაკავშირებულია სამ ელემენტთან: დედამიწა, ჰაერი და წყალი, თითოეულს კი თავის მხრივ მრავალი ქვედანაყოფი აქვს.
ფოტოს წყარო: Vogue
დაწერე კომენტარი