My Own Private Idaho რივერ ფენიქსისთვის ერთ-ერთი ბოლო, თუმცა ახალ “ქვიარ“ კინემატოგრაფში ერთ-ერთი პირველი ფილმია ჰომოსექსუალი წყვილის სიყვარულის შესახებ. გას ვან სენტის მიერ 1991 წელს გადაღებულ კინოსურათში რივერ ფენიქსს პარტნიორობას იმ დროს კიდევ ერთი ვარსკვლავი, კიანუ რივზი უწევს, სცენარი კი ჯონ რიჩის ნოველას და უილიამ შექსპირის ჰენრი IV-ს პიესას ეფუძნება. ფილმი, რომლის პრემიერა ვენეციის 48-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ორი სექსმუშაკი მამაკაცის ისტორიას და მათ მოგზაურობას მიჰყვება ორეგონიდან, აიდაჰოს გავლით, რომამდე, სადაც რივერ ფენიქსის მიერ განსახიერებული მაიკი, სკოტთან ერთად, დედის საძებნელად ჩადის. ფილმი საეტაპო ნამუშევრად ითვლება არა მხოლოდ რეჟისორის შემოქმედებაში, არამედ ე.წ. ახალი ქვიარ კინოს ისტორიაში, რომელსაც 1990-იანი წლების დასაწყისში ქვიარ ადამიანების მიმართ მტრულ გარემოში ჩაეყარა საფუძველი.
ამ მტრული გარემოს და სტიგმის გამო, რომელიც იმდროინდელ ჰოლივუდში არსებობდა, გას ვან სენტმა იცოდა, რომ მთავარი როლის შემსრულებლების პოვნა გაუჭირდებოდა, ამიტომაც, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რივერ ფენიქსს და კიანუ რივზს სცენარი მათი აგენტების გვერდის ავლით, პირადად გადასცა წასაკითხად, სხვა შემთხვევაში იცოდა, რომ ეს სცენარი, მათი პროდიუსერების გამო, მსახიობებამდე ვერც კი მიაღწევდა. სცენარი კი 1963 წელს ჯონ რიჩის მიერ დაწერილ ნოველას „ღამის ქალაქს“ ეფუძნებოდა, რომელზე დაყრდნობითაც რეჟისორმა 1970-იან წლებში დაწერა, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წელი აღარ მიჰბრუნებია. ჯერ კიდევ Mala Noche-ზე მუშაობდა, როცა შემთხვევით ქუჩაში მცხოვრები ბავშვი მაიკლ პარკერი გაიცნო, რომელსაც მეგობარი, სახელად სკოტი ჰყავდა. სწორედ მათი პიროვნებების შთაგონებით მიუბრუნდა თაროზე შემოდებულ სცენარს და ფენიქსის და რივზის გმირებსაც სწორედ ამიტომ დაარქვა ეს სახელები.
მაიკი და სკოტი წყნარი ოკეანის ჩრდილო დასავლეთით ჰომოსექსუალ სექსმუშაკებად მუშაობენ. მაიკი, რომელიც ნარკოლეფსიითაა დაავადებული, ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვის, სკოტი კი, რომელიც მდიდარი ოჯახიდანაა, უარყოფს პოლიტიკოს მამას, მის ფულს, გავლენას და რეპუტაციას და მაიკთან ერთად თავგადასავლებში ეშვება - აიდაჰოდან იტალიამდე დედის მოსაძებნად მაიკთან ერთად მიემგზავრება, ამ მოგზაურობის დროს კი მაიკს მისდამი განსაკუთრებული გრძნობები უჩნდება, რომელიც ბოლომდე უპასუხოდ რჩება.
წლებთან ერთად My own private Idaho, თავისი ტრაგიკომიკური სცენებით და და გას ვან სენტისთვის დამახასიათებელი სენტიმენტალურობისგან დაცლილი სიუჟეტით, ახალი ქვიარ კინოს მთავარ საწყისად ითვლებოდა, რომელიც ყველა თაობის ახალგაზრდა მაყურებელში ფილმის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგაც კი არ კარგავს ამ მხრივ აქტუალურობას. ამის მთავარი მიზეზი კი არა ტრაგიკომიკური სიყვარულის ისტორია, არამედ ის იდეაა, რომელსაც გას ვან სენტი აიდაჰოს გზებზე პერსონაჟებთან და ჰოლივუდის ამ ვარსკვლავურ დუეტთან ერთად იკვლევს. რეჟისორს სცენარის შექმნის დროს განზრახული არ ჰქონია, რომ მაიკის და სკოტის გმირები მაინცდამაინც ჰომოსექსუალები უნდა ყოფილიყვნენ ან გამხდარიყვნენ. მეტიც, ფილმში ბოლომდე ბუნდოვანი გმირების რეალური ორიენტაცია, გას ვან სენტისთვის მხოლოდ იმ იდეის კვლევა იყო მნიშვნელოვანი, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი გმირებისთვის სექს სამსახურის გენდერული იდენტობისგან დისტანცირება. ამ ყველაფერში კი თავად რივერ ფენიქსის მსგავსი მსახიობის მონაწილეობას რეჟისორი განსაკუთრებულ პოლიტიკურ აქტად მიიჩნევდა. თავად მსახიობი კი ფიქრობდა, რომ LGBT საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ასეთი შემთხვევითი პერსონაჟების არსებობაა, რომლებიც უბრალო ადამიანის სახეს წარმოადგენენ და არა საზოგადოების მიერ “ეტიკეტირებულ” და კლასიფიცირებულ ჯგუფებს.
დაწერე კომენტარი