Charlotte Tilbury - ბრენდი, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში წამყვან კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებს, მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს და 2016 წელს გამოშვებული სუნამოს - Scent Of A Dream-ის შემდეგ, პარფიუმის ახალი ხაზით ბრუნდება, რომელიც ექვსი განსხვავებული სუნამოსგან შედგება. ექვსი ემოციით შთაგონებული სუნამოების სახელწოდებებია - Love Frequency, Joyphoria, More Sex, Calm Bliss, Cosmic Power და Magic Energy. თითოეული მათგანი სპეციფიკურ, გამორჩეულ სურნელს ატარებს, მათი მთავარი იდეა კი სხვადასხვა ემოციის გამოწვევა და განწყობის შექმნაა.
სუნამოს ახალი ხაზი მეცნიერებას, უახლეს ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და IFF-ის 40-წლიან კვლევას ეყრდნობა. ბრენდის დამაარსებელმა - შარლოტ ტილბურმა ითანამშრომლა წამყვან პარფიუმერებთან - Anne Flipo-სთან, Dominique Ropion-თან და Juliette Karagueuzoglo-სთან, რომელთაც უკავშირდება ისეთი ცნობილი სუნამოების შექმნა, როგორებიცაა - Chloé Love Story, Lancôme La Vie Est Belle, Frederic Malle Carnal Flower და Salvatore Ferragamo Signorina.
ახალი ხაზის პირველი სუნამო - Love Frequency ტყის მუშკის ყვავილოვანი სურნელია, რომლის ზედა ნოტი ვარდისფერი წიწაკაა, შუა ნოტები ვარდი და ზაფრანა, ხოლო საბაზისო - ამბერვუდი, მუშკი, პაჩული და ქაშმირის ხეა. Joyphoria-ს ნოტები ქოქოსის წყალი, ნეროლი, ილანგ-ილანგი და ჟასმინია, საბაზისო - ვანილის, ქიშმირის ხის, მუშკისა და პუდრის ნოტებით. რაც შეეხება More Sex-ის ნოტებს, ესენია - კენკრა, მუშკი, ალდრონი და ამბროქსანი, სანდალის და ქარვის ხეების ნოტებით.
სუნამო Calm Bliss მეტად ციტრუსოვანი არომატით გამოირჩევა, რასაც ნეროლის, ლავანდის, ბერგამოტისა და ფორთოხლის ყვავილის ნოტები ქმნის. Magic Energy ბუნების სურნელს ატარებს, ბერგამოტის, მირტის, ზღვის მცენარეების, კვიპაროსისა და ჟასმინის, ქიშმირის ხისა და პალო სანტოს ნოტებით. ხოლო მეექვსე სუნამო Cosmic Power პიკანტური სურნელით გამოირჩევა - დარიჩინის, ელემის, ბერგამოტის, ვარდის, ვანილის, მუშკისა და პუდრის ნოტებით. ,,სუნამოს შეუძლია გადაგიყვანოთ სხვა სამყაროში, სავსე ფანტაზიებითა და ოცნებებით. მას შეუძლია შეცვალოს თქვენი განწყობა და შექმნას ჯადოსნური აურა თქვენ გარშემო”. - ამბობს შარლოტ ტილბური. თითოეული სუნამო როგორც ქალბატონებისთვის, ისე მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, მათი ბოთლები კი ექვს განსხვავებულ ფერშია წარმოდგენილი, დამახასიათებელი ნუმეროლოგიისა და სიმბოლიზმის ელემენტებით.
დაწერე კომენტარი