უკრაინელი ბალერონი, მოდელი და მსახიობი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა, თუმცა უამრავი პრიზისა და ნომინაციის მფლობელია. ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოცეკვავე სამი წლის ასაკში ტანვარჯიშით იყო გატაცებული, თუმცა 8 წლისამ  კიევის ეროვნულ ქორეოგრაფიულ ინსტიტუტში ტანვარჯიში ბალეტით ჩაანაცვლა. Royal Ballet School-ის დასრულების შემდეგ ისეთი პრიზები მოიპოვა, როგორებიცაა - Prix de Lausanne, Youth America Grand Prix, Young British Dancer of the Year. 20 წლის ასაკში კი იგი Royal Ballet-ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, პრინციპული მოცეკვავე იყო.

 

 

2012 წელს პალუნინის ნაბიჯმა  საბალეტო დასის დატოვების შესახებ პრესასა და საზოგადოებაში უამრავი კითხვები გააჩინა. “ჩემში არტისტი კვდებოდა… ჩემი ინტუიცია მკარნახობდა, რომ უფრო მეტი მინდოდა, ვიდრე კლასიკური ბალეტი იყო...”, - განაცხადა მოცეკვავემ, რასაც, როგორც ამბობენ, მისი ცხოვრების ბნელი, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით სავსე პერიოდი მოჰყვა. 


პალუნინის დაბრუნება 2015 წელს გამოსული ირლანდიელი მუსიკოსის სიმღერის - “Take Me To Church”-ის ვიდეოს უკავშირდება, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და არც მეტი, არც ნაკლები, 19 მილიონი ნახვა აქვს. ფოტოგრაფსა და მუსიკალური ვიდეოს რეჟისორ დავიდ ლაჩაპელთან თანამშრომლობის შემდეგ პალუნინი მთავარ როლს ასრულებს რეჟისორ სტივენ კანტორის დოკუმენტურ ფილმში “Dancer”. ფილმი ბალერონის ბავშვობაზე, მის რუტინასა და პოპულარობაზე მოგვითხრობს, რომელშიც ტატუებიანი არტისტი საბოლოოდ თავისუფლდება. 


“ცეკვა სულის ფარული ენაა… ჩვენ ვცეკვავთ, როგორც ბავშვები, თინეიჯერები, - განმარტავს პალუნინი,  - ბალეტი ხელოვნების ერთ-ერთი შემზღუდავი ფორმაა. ეს არ არის თავისუფალი ცეკვა. აქ მოძრაობის განსაზღვრული კანონებია, რომლებსაც უნდა მიჰყვე”. 

ჟურნალი

პალუნინის 9-საათიანი ცეკვის ვიდეო - Take Me To Church მისი მსახიობური კარიერის დასაწყისი გახდა. Dancer-ის შემდეგ იგი გადაიღეს ფილმებში - Red Sparrow, Murder on the Orient Express, The White Crow. კინემატოგრაფიით და ამ ინდუსტრიით მოხიბლული მოცეკვავე პოდიუმზე გამოსვლაზეც არ ამბობს უარს. მოდაში პალუნინი მარკ ჯეიკობსის AW14 კამპანიიდან ჩნდება, რომლისთვისაც ფოტოებს დავიდ სიმსი იღებდა. პალუნინი ფოტომოდელობას ჟურნალ Man About Town-ის გარეკანზე დიზაინერ გოშა რუბჩინსკის მიერ გადაღებული კადრებით აგრძელებს. 2016 წელს კი მილანის მოდის კვირეულზე იგი The Ports 1961-ის AW16 კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობს.

Red sparrow

Murder on the orient express

2017 წელს უკრაინელმა მოცეკვავემ ახალი პროექტი სახელწოდებით Project Polunin წამოიწყო, რომლის მიზანიც, როგორც ფილმში, ასევე სცენაზე, ახალი საცეკვაო და საბალეტო ნაწარმოებების შექმნაა. Project Polunin აერთიანებს განსხვავებული გამოცდილების მქონე თანამედროვე არტისტებს, მუსიკოსებს, ქორეოგრაფებს. ბალერონი 2018 წლის ივნისში, 15-წლიანი რესტავრაციის მერე, სერბეთის ნაციონალური მუზეუმის გახსნაზე სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩნდა, რის შემდეგაც სერბეთის მე-18 Exit festival-ის მთავარ სცენაზე მაყურებელს განსაკუთრებული პერფორმანსი შესთავაზა, რომლის შთაგონების წყაროც თავად ფესტივალის თემა - თავისუფლება გახდა. 


Rasputin


2019 წლის იანვარში პალუნინი
Paris Opéra Ballet-ის “გედის ტბაში” მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, თუმცა მათ ეს შეთავაზება პალუნინის სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებების შემდეგ გააუქმეს. მიუხედავად ამისა, ამ წელსვე უკრაინელმა მოცეკვავემ და მისმა კომპანია Polulin Ink.-მა 3 საბალეტო დადგმა დააანონსა - “Rasputin”, “Romeo and Juliet”, “Little Red and the Wolf”, რომლებმაც დიდი გამოხმაურება და კრიტიკოსების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.


“ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს კომფორტულად ცეკვისას. ვგრძნობ პოლარობას ჩემს ანგელოზებსა და დემონებს, შავსა და თეთრს შორის. ეს არის სწორედ ის გზა, რომლის გავლაც მსურს”.