Guim Tió-ს ახალი პროექტი, სახელწოდებით Unreal Spaces (“არარეალური სივრცეები”) წარმოადგენს ნახატებს, რომლებზეც გამოსახულია ფიგურები უდიდესი ლანდშაფტების შუაგულში: ეს იქნება წითელი ტივტივა, რომელიც მუქი ტბის ზედაპირზე ცურავს თუ სანაპიროზე მდგარი ადამიანი, რომელიც ზღვისა და ცის ფონზე იკარგება…
მაყურებლის თვალებს ეს მაგიური სცენები მაშინვე ატყვევებს, რადგან ყოველი სხეული ფერადი წერტილია, რომელიც ინტრიგას და შერეულ გრძნობებს იწვევს ჩვენში. თითქოს ნაცნობი და თანაც არარსებული, გამოგონილი სამყარო მაყურებლის ყურადღებას მარტივად იქცევს…
“სახლი, ვარსკვლავები, უდაბნო… ამ ყველაფერს რაღაც უხილავი ძალა სძენს სილამაზეს”, - ამბობს თავად ავტორი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მხატვარი თითო ტილოზე მხოლოდ თითო სხეულს გამოსახავს, რითაც მარტოობის და სულიერი სიმშვიდის განცდას გვიტოვებს. არტისტს უყვარს პორტრეტების ხატვა, თუმცა მის ნახატებში ადამიანების ასახვა სულაც არ არის აღქმადი სახეების გამოჩენის მცდელობა.
ავტორი საკუთარი შემოქმედებით ცდილობს, შეიცნოს ადამიანის ბუნება. ის ამ შემთხვევაში დამკვირვებელია და ერთგვარი ბალანსის დამყარებას ცდილობს აღქმად და აღუქმელ გრძნობებს შორის. ამ უსახელო, უისტორიო, უცნობ ადამიანებს და მათ დაკარგულ სულებს მხატვარი განსხვავებულ გარეგნობას ანიჭებს და სწორედ ამ მიზეზით, ნახატების ხილვისას მარადიული სიცოცხლის განცდა გვრჩება.
დაწერე კომენტარი