უკვე მესამე წელია, რაც კახეთის შუაგულში მდებარე რეზორტში კერამიკული ქანდაკებების სიმპოზიუმი ტარდება, სადაც მსოფლიოს ათზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები სტუმრების თვალწინ მათთვის დამახასიათებელი შემოქმედებითი ხედვით უნიკალურ კერამიკულ ქანდაკებებს ქმნიან.

2022 და 2023 წლებში წარმატებით განხორციელებულ სიმპოზიუმზე შექმნილი ნამუშევრები დღეს რეზორტის ტერიტორიაზე თავის ავთენტურ ადგილს უკვე იკავებს, მათ უკვე წლევანდელი ხელოვნების ნიმუშებიც შეემატა.

„2022 წელს, როცა ქართული კერამიკის გალერეა WHITE Studio-მ და ლოპოტამ სიმპოზიუმი ჩავატარეთ, ეს იყო საქართველოში საბაღე-საპარკო  კერამიკული ქანდაკებების პირველი  საერთაშორისო სიმპოზიუმი. მიხარია, რომ ამ ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო. ყოველ წელს ვმასპინძლობთ არტისტებს სრულიად განსხვავებული და საინტერესო ხედვით. საქართველო იქცა ამ დარგის ხელოვანების შეკრების ადგილად.  ლოპოტას ბუნებაში ახალი ნამუშევრების შექმნა კიდევ უფრო შთამაგონებელია".  - ნატო ერისთავი, ქართული კერამიკის გალერეის, White Studio-ს დამფუძნებელი და „Bird of Paradise-ის ორგანიზატორი.

პირველი ღია მუზეუმის შექმნის იდეა ლოპოტა სპა რეზორტის დამფუძნებელს გოგა მაისურაძეს ჯერ კიდევ წლების წინ გაუჩნდა, სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა 2022 წელს გამართული პირველი სიმპოზიუმი.

“ჩვენს რეზორტზე ღია მუზეუმის შექმნის იდეა მამაჩემს, გოგა მაისურაძეს ეკუთვნოდა და მიხარია, რომ  ამ წამოწყებით მისი კიდევ  ერთი მიზანი სრულდება. კერამიკის სიმპოზიუმი თავისი შინაარსით კავშირშია ლოპოტას შექმნის კონცეფციასთან - აქ ყოველი დეტალი სწორედ ადამიანის ხელით შეირჩა და შეიქმნა.  ამიტომაც ხელოვნების ეს დარგი განსაკუთრებით უხდება ლოპოტას. სიმპოზიუმის ფარგლებში სტუმრებსაც ეძლევათ შესაძლებლობა თავად გამოცადონ თიხასთან მუშაობა და კერამიკული ფიგურები შექმნან ვორქშოფებსა და მასტერკლასებზე." - ანა მაისურაძე - ლოპოტა სპა რეზორტი.

წლევანდელ  სიმპოზიუმში ხელოვანები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ლატვიიდან, ტაილანდიდან, ისრაელიდან და სერბეთიდან გაერთიანდნენ. მათთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი ხელოვანები: ნატო ერისთავი, მალხაზ შველიძე და  ოთარ ვეფხვაძე. 2-კვირიანი საინტერესო სამუშაო პროცესი ასევე სტუმრებისთვის მასტერკლასებისა და ვორქშოფების ჩატარებასაც მოიცავდა. 

მე-3 სიმპოზიუმი, რომელიც წელს კომპანია „ლიკანის“ მხარდაჭერით და ტრადიციულად ქართული კერამიკის გალერეა WHITE Studio-ს ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავს ხელოვნების ამ დარგში მომუშავე არტისტების დაკავშირებას, დამთვალიერებლის თვალწინ შემოქმედებითი პროცესი კი, ერთი მხრივ, ხელს უწყობს დარგისადმი ცნობადობის და ინტერესის გაღვივებას, მეორე მხრივ კი ლოპოტის ტბაზე ჩასულ დამსვენებელს ახალი ტიპის - შემოქმედებით-ტურისტულ გამოცდილებას სთავაზობს.


2024 წლის სიმპოზიუმზე მოწვეული არტისტები:

Claude Aussage - საფრანგეთი

Elizabeth Le Retif - საფრანგეთი

Julia Repina - გერმანია

Reinhard Keitel - გერმანია

Douglas Black - ამერიკა

Mamie Yamamoto - იაპონია

Ruth Hazi - ისრაელი

Sayumporn Kasornsuwan -ტაილანდი

Elina Titane - ლატვია

Delia Maxim - რუმინეთი

Radenko Orovic - სერბეთი

ნატო ერისთავი - საქართველო

ოთარ ვეფხვაძე - საქართველო

მალხაზ შველიძე - საქართველო