ნაომი ქემბელსა და ქეის მოსს იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე მხოლოდ 90-იანი წლების სუპერმოდელობაა. დუეტს დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს.
მოდის სამყაროში ტერმინი “Fashion BFF” საპირისპირო მნიშვნელობას ატარებდა. იმ პერიოდში მოდის ინდუსტრიაში ასეთი ურთიერთობა არ არსებობდა, თუმცა, საბედნიეროდ, ქეითმა და ნაომიმ ყველანაირი სტერეოტიპი დაამსხვრიეს და დღეს გამორჩეულ წყვილადაც მიიჩნევიან. ისინი 90-იან წლებში უამრავ ჩვენებაში მონაწილეობდნენ ერთად, 2018 წელს კი სუპერმოდელები კიმს ჯონსთან ერთად ხელიხელჩაკიდებულნი გამოვიდნენ პოდიუმზე, სადაც კოლექცია “ლუი ვიტონისთვის” წარადგინეს.
გთავაზობთ, სუპერმოდელების დაუვიწყარ მომენტებსა და მათ გამორჩეულ ლუქებს.
პირველად ნაომი ქემბელი და ქეით მოსი ერთმანეთს 1992 წელს ლოს-ანჯელესში შეხვდნენ. მაშინ ნაომი 18-ის, ხოლო ქეითი 15 წლის იყო. როგორც კემპბელი იხსენებს, ქეითი შეხვედრისას არ საუბრობდა, რადგან ძალიან მორცხვი გახლდათ: “ის თუ არ გიცნობს, მაშინ არც საუბრობს.”
“შეუძლებელია, მისი ლამაზი სახე არ შეგემჩნიათ. პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ ის განსაკუთრებული იყო”, - იხსენებს ნაომი.
სუპერმოდელი მეგობრების თავგადასავლებიდან ყველაზე სასაცილო და გამორჩეული ისტორია ქეითის “მოტაცების” ამბავს უკავშირდება. ესპანეთში, ერთობლივი მუშაობის პერიოდში, ერთ-ერთ დღეს, მოსი კლუბ Archie's-ში შევიდა. ნაომი თავის მომავალ საქმროსთან, ადამ კლეიტონთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც ქეითის მოტაცება გადაწყვიტეს. მათი პირველი გაჩერება პარიზი იყო, რათა თან წაეყვანათ კრისტი ტარლინგტონი. საბოლოოდ კი, თავგადასავალი დუბლინში დასრულდა. სწორედ ეს იყო მათი დიდხნიანი მეგობრობის დასაწყისი.
ახალგაზრდობაში მუდმივად ჰქონდათ ერთობლივი პროექტები, ჩვენებები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გადაღებები საათობით გრძელდებოდა, ერთად არასდროს იწყენდნენ. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ. ხანდახან დაუგეგმავად იკვეთებოდნენ და ერთად ყოველთვის დაუვიწყარ დროს ატარებდნენ.
“როგორია ქეითი? ის გულწრფელი, ერთგული და პირდაპირია”, - ამბობს ნაომი.
მას შემდეგ, რაც კემპბელი კრისტი ტარლინგტონს დაუმეგობრდა, მოგვიანებით, მათ კამპანიას ქეითიც შეუერთდა, რომელიც, ფაქტობრივად, მათთან ერთად ცხოვრობდა. ხან კრისტის ბინაში, ხან კი ნაომის ნიუ-იორკის სახლში რჩებოდა. პარალელურად, მათი ცხოვრების სტილს, პარიზსა და იტალიაში არსებული შოუები დაემატა.
ერთად იზრდებოდნენ, როგორც დები. . მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა, საოცრად უგებდნენ ერთმანეთს. ქეით მოსი ყოველთვის მორცხვობით გამოირჩეოდა, ამიტომ ნაომი მუდმივად ეკითხებოდა რჩევებს. ნაომის თქმით, ქეითს ყოველთვის განსაკუთრებული გემოვნება ჰქონდა, რადგან ტანსაცმლის ფეხსაცმელთან, ან აქსესუართან შეხამება, მასავით არავის შეეძლო. თანაცხოვრებისას თითოეული მათგანი რაღაცის კეთებით გამოირჩეოდა. მაგალითად, ნაომი განსაკუთრებით მოწესრიგებული იყო, რომელსაც საჭმელების მომზადება ძალიან უყვარდა, ამიტომ კვირაობით ამზადებდა გემრიელ ინგლისურ სადილს, ხოლო ქეითს იორკშირის პუდინგები საოცრად გამოსდიოდა და ძირითადად, თავიანთ ინგლისელ მეგობრებს უმასპინძლდებოდნენ, რომლებიც ლონდონიდან მათ ხშირად სტუმრობდნენ.
მათი ცხოვრების განსაკუთრებული ისტორია, ერთ-ერთი სადილის შემდგომ “ნირვანას” კონცერტზე წასვლას უკავშირდება, რაც სპონტანურად გადაწყვიტეს. “ნირვანა” კოლუმბუს წრეში უკრავდა, სადაც ძველად კოლისეუმი იყო, მაგრამ მოდელებს ბილეთები წინასწარ არ შეუძენიათ.
“როდესაც იქ მივედით, ქალბატონს ვკითხეთ, იყო თუ არა ჩვენთვის ბილეთები დარჩენილი, ქალბატონმა კი გვითხრა: “ვწუხვარ, მაგრამ არცერთი არ დარჩა”.
ამ დროს მომსახურე პერსონალი ქეით მოსს აკვირდებოდა. იმ პერიოდში ნიუ-იორკში ქეითის ფოტოებს, რომლებიც კელვინ კლაინისთვის იყო გადაღებული, ქალაქის ყველა კუთხეში მოჰკრავდით თვალს.
საბოლოოდ, ხალხმა მოდელები ამოიცნო და მოგვიანებით ისინი პრესის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდნენ. მათ კი თავიანთი სურვილი აისრულეს და “ნირვანა” კულისებს მიღმაც ნახეს. “ამიტომ, სადაც სურვილია, იქ გზაცაა”, - ამბობს კემპბელი.
მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავები ერთმანეთისთვის საყრდენებს წარმოადგენენ. როგორც ყველა მეგობარი, ასევე მოდელებიც სამუშაოს დასრულების შემდეგ ხშირად ყავის დასალევად მიდიოდნენ. უამრავ თემაზე საუბრობდნენ, მათ შორის, ბიჭებზე. ნაომის თქმით, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსის დაბადების დღეზე, ლოს-ანჯელესში მის გამო ჩასულა, და პირიქით, ქეითს ნაომისთვის ნიუ-იორკში ჩაუკითხავს. შობას, ზაფხულის არდადეგებს მუდმივად ერთად ატარებენ, ხოლო თუ ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიმე მათგანის ჩვენებები ემთხვეოდა, პრობლემას არც ეს ფაქტი წარმოადგენდა, რადგან რომელ წერტილშიც უნდა ყოფილიყვნენ, სუპერვარსკვლავები ერთმანეთის მხარდასაჭერად ყველგან მიდიოდნენ.
“განსაკუთრებით, სპონტანურობით გამოვირჩევით. წინასწარ არაფერს ვგეგმავთ. სადაც უნდა წავსულიყავით, მაინც ვტკბებოდით ცხოვრებით და ეს იყო ნამდვილი გართობა. ჩვენ პროფესიონალი მოდელები ვიყავით, რომლებიც ერთად გავიზარდეთ. იმდენად ახალგაზრდა ასაკში დავიწყეთ კარიერა, ფაქტობრივად, თინეიჯერობის პერიოდი ერთად გამოვიარეთ. რამდენი კარგი მოგონებაა, რაც მახსოვს და მახსენდება”, - ამბობს ნაომი.
მეგობრები ყველაზე რთულ და ბედნიერ მომენტებში გვერდში უდგანან ერთმანეთს.
“ძალიან კარგად მიცნობს ქეითი. ერთ-ერთი, რაც ჩვენს მეგობრობაში მიყვარს, პრობლემებისა თუ საკითხების გადაჭრაა, ისე რომ არავის ვაძლევთ ჩარევის უფლებას. ჩვენ არ ვსაუბრობთ ყოველდღე ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ შორის არის რაღაც უდიდესი კავშირი. ხანდახან შესაძლოა მან ჩემზე რამე გაიგოს, მირეკავს და მეკითხება, “კარგად ხარ?” ძალიან ინტუიციური და ინსტინქტურია. შესაძლოა რაღაცა არ გითხრას, და არც შეიმჩნიოს, მაგრამ ყველაზე პატარა დეტალიც კი არ გამოეპარება”, - ამბობს ქემბელი.
გარდა ამისა, ნაომის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი მეგობრით, ქეით მოსით ძალიან ამაყობს და რომ ის ფენომენალური ადამიანია თავისი საქმიანობით, ადამიანობითა და პროფესიონალიზმით. როგორც თავად ამბობენ, მათ შორის ეჭვიანობა არასოდეს ყოფილა. ისინი ერთმანეთს მუდმივად მხარს უჭერენ და ერთმანეთის წარმატება აბედნიერებთ.
მსოფლიოში ბევრი მოდელი მეგობრობს ერთმანეთთან, მაგრამ ნაომი ქემბელი და ქეით მოსი ყოველთვის დარჩებიან განსაკუთრებულ მეგობრებად მოდის ისტორიაში. მათი თქმით, მიზეზი მარტივია, ისინი მუდმივად ერთობიან, ცხოვრებით ტკბებიან და ერთად ყოფნისას თავს ძალიან კომფორტულად და ჰარმონიულად გრძნობენ. ამიტომ მათ ხალხი ყოველთვის გაოცებითა და აღტაცებით უყურებს.
“ღმერთო ჩემო, თქვენ ორნი საუკეთესონი ხართ - მხიარულები და სასაცილოები”.
საუკეთესო მეგობრები და მსოფლიოს სუპერვარსკვლავები ერთმანეთს თავად მოფიქრებული ზედმეტსახელებითაც მიმართავენ, თუმცა ამ საიდუმლოს გამხელას არცერთი არ აპირებს.
დაწერე კომენტარი