ჯონ გალიანო - ეს სახელი და გვარი, რომელიც ბრწყინვალე შემოქმედებითობის და ავანგარდული მოდის სინონიმია - თავისი ყველასგან გამორჩეული ხედვით და ესთეტიკით ოდესღაც მსოფლიო მოდის სათავეში იდგა, თუმცა მის კარიერაში მომხდარმა ერთმა სკანდალურმა შემთხვევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, იმდენად, რომ დიზაინერი დიდი ხნის განმავლობაში ამ ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მიუღებელ ფიგურად იქცა. დღეს გალიანოს მოდაში დაბრუნება არ არის მხოლოდ დაბრუნება, ეს არის დანაშაულის გამოსყიდვის და რეპუტაციის აღდგენის ხელახალი მცდელობა, მეორე შანსი, რომელიც თანამედროვე მოდის ინდუსტრიის პრობლემებს და გამოწვევებსაც ირეკლავს.
მოდის ისტორიაში ჯონ გალიანოს ამბავი 1980-იან წლებში იწყება, Central Saint Martins-ში მისმა გამოსაშვებმა კოლექციამ, რომელიც საფრანგეთის რევოლუციით იყო შთაგონებული, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მის ხელწერას ახასიათებდნენ, როგორც დიზაინს, რომელიც ისტორიული ამბების და თანამედროვე სტილის სრულიად უჩვეულო კომბინაციაა, გამოხატული თეატრალური ჩვენებებით და ამავე ტიპის მაკიაჟით თუ გრიმით. 1990-იან წლებში Givenchy-ში შექმნილი წარმატებული კოლექციები იყო მიზეზი იმისა, რომ გალიანო 1996 წელს Dior-ის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა, სწორედ აქედან იწყება მისი ყველა დროის საკულტო კოლექციების ისტორია, რომელიც მდიდარი იყო დრამატული სილუეტებით, თეატრალური დეკორაციებით და რეალური ამბის თხრობით, რამაც გალიანოს მოდა ერთ დიდ თეატრალურ სანახაობად გადააქცია.
მიუხედავად ამ წარმატებისა, პარიზის ერთ-ერთ კაფეში გაკეთებულმა ანტისემიტურმა განცხადებამ გალიანოს კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, სწორედ ამ ამბის გამო დაითხოვეს Dior-ის მოდის სახლიდან, მას ასევე ჩამოერთვა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მეთაურის ტიტული, ზურგი აქცია მოდის ინდუსტრიის ყველა მნიშვნელოვანმა ფიგურამ და გამოცემამ, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს საზოგადო ქცევამ წლობით ნაშენებ პროფესიულ კარიერაზე, როგორი წარმატებულიც უნდა იყოს ის. გალიანომ ამ ამბის გამო წლების შემდეგ მოიხადა ბოდიში, მისი განცხადება კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას და მენტალურ ჯანმრთელობას მიაწერა, ცდილობდა რეაბილიტაციას და პოდიუმზე დაბრუნებასაც, თუმცა აღარ იყო ისეთი თამამი და დაუმორჩილებელი, როგორც Givenchy-ის ან Dior-ის დროს. მეორე შანსი 2013 წელს მიეცა, როცა Oscar De Larenta-ს 2013 წლის შემოდგომის კოლექცია შექმნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და გალიანოსაც იმედი ჩაუსახა, რომ მოდის სამყარო მის ხელახლა მისაღებად უკვე მზად იყო.
გალიანო მოდაში 2014 წელს Margiela-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის სტატუსით დაბრუნდა. Margiela-ს ავანგარდული სტილი და კონცეპტუალური მიდგომა ზედგამოჭრილი იყო დიზაინერისთვის, რომელსაც საშუალება მიეცა თავისი შემოქმედებითი ფესვების ერთგულიც დარჩენილიყო და თან Margiela-ს სახელით თამამი ნაბიჯებით სიარული ხელახლა დაეწყო. ეს სითამამე ნამდვილად გამოიხატა მის სექსუალურ სილუეტებში, საზღვრების რღვევაში და ინოვაციურ მიდგომებში, რომელიც ბრენდს საშუალებას აძლევდა კომერციულადაც წარმატებული გამხდარიყო, თავად გალიანოსთვის კი Margiela-ში მუშაობა მოდაში დარჩენის და საკუთარ თავთან დაბრუნების ერთადერთი საშუალება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაბრუნებას ბევრი აკრიტიკებდა და ამბობდნენ, რომ წარსულში გამოთქმულ აზრს დღევანდელობასთანაც ბევრი ჰქონდა საერთო, გალიანოს მოდაში დაბრუნებაც და დარჩენაც მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია ინდუსტრიისთვის, რომელიც მეორე შანსს იშვიათად აძლევს დიზაინერებს, თუმცა გალიანო თავისი არტისტული მიდგომით, თეატრალური სანახაობებით, დეკონსტრუქციული ფილოსოფიით და უსაზღვრო ნიჭით მაინც ის არის, ვინც ყველა დროის მოდას და ხელოვნებას სჭირდება. ეს თავად ამ ინდუსტრიამაც იცოდა და ამიტომაც დაივიწყა მისი დაშვებული შეცდომა, რის შემდეგაც ყოველთვის ელოდებოდა, როგორ დაიბრუნებდა დიზაინერი თავისის Givenchy-სა და Dior-ის დროინდელ ავთენტურ სახეს, თავისი სკანდალური სიუჟეტებით და სპექტაკლად ქცეული მოდის ზეიმით.
2024 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებამდე ფრთხილი ნაბიჯებით დადიოდა, ამ კოლექციაში კი, რომელიც თავად დიზაინერის მეტამორფოზის და ტრანსფორმაციის იდეით იყო შთაგონებული, მაყურებლის თვალწინ კვლავ ძველი ჯონ გალიანო გაცოცხლდა თავისი მუდმივი და თან ავანგარდული, ძალიან რეალისტური და თან თეატრალური სანახაობით, რომელიც თავად მის, ამჯერად ფსკერიდან დაწყებულ მოგზაურობას ასახავს.
გარდა იმისა, რომ ზოგიერთი სამოსი, მაგალითად, წელში გამოყვანილი კორსეტი, გვახსენებს და გვაბრუნებს გალიანოს 90-იანი წლების საწყისებთან. აშკარაა, რომ გამოღვიძების და პირადი მეტამორფოზის თემა კოლექციის არაერთ დეტალშია გამოხატული, მათ შორის პეპლის ფრთებში თუ ყვავილის ელემენტებში, რომლითაც მიგვანიშნა, რომ არა მხოლოდ დიზაინერი, არამედ ხელოვანია, რომელმაც მეორე შანსი ხელახლა დაბადებისთვის გამოიყენა.
ფოტოების წყარო: Vogue Runway
დაწერე კომენტარი