ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა მოქანდაკემ - ისამუ ნოგუჩიმ კარიერის განმავლობაში თავისი მხატვრული ექსპერიმენტებით შექმნა სკულპტურები, არქიტექტურული ნამუშევრები და სახელოვნებო პროქტები. მისმა შემოქმედებამ, რომელიც ერთდროულად დახვეწილი და თამამი, ტრადიციული და თანამედროვეა, წარმოქმნა ახალი სტანდარტი ხელოვნებაში. 

ნოგუჩი იაპონელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში გაიზარდა, შესაბამისად, კარგად იცნობდა ორივე ქვეყნის კულტურას და აფუძნებდა საკუთარ სტუდიებს როგორც იაპონიაში, ისე ამერიკაში. იგი მსოფლიოს გარშემო ბევრს მოგზაურობდა, რამაც გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე, სხვადასხვა ქვეყანაში ნანახი ხელოვნების ტექნიკის გათვალისწინებით ნამუშევრებში მასალების ფართო სპექტრი გამოიყენა, მათ შორის - უჟანგავი ფოლადი, მარმარილო, თუჯი, ბრინჯაო, ალუმინი, ბაზალტი და გრანიტი.

ისამუ ნოგუჩის მხატვრული მიმართულების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნიუ-იორკში ნანახმა Constantin Brancusi-ს ნამუშევრების გამოფენამ. იგი John Simon Guggenheim-ის სტიპენდიით პარიზში გაემგზავრა და Brancusi-ს სტუდიაში დაიწყო მუშაობა. ძველი მხატვრული ფორმებითა და ფილოსოფიით შთაგონებულმა ნოგუჩიმ ნამუშევრების შესაქმნელად მოდერნიზმი და აბსტრაქცია გამოიყენა. 

ნოგუჩის შემოქმედებამ სახელი შეერთებულ შტატებში 1940 წლიდან გაითქვა, როდესაც მან დაასრულა პრესის თავისუფლების სიმბოლო - ფართომასშტაბიანი ქანდაკება, რომლიც ნიუ-იორკში, Associated Press-ის შენობასთან, როკფელერის ცენტრში აშენდა. ეს იყო სწორედ ის პირველი საჯარო ნამუშევარი, რომელმაც ნოგუჩის შემოქმედებას და მრავალფეროვან ნამუშევრებს მსოფლიოსთვის გასაცნობად გაუხსნა გზა. 

პირველი სტუდია ნოგუჩიმ ნიუ-იორკში დააარსა, სადაც ქმნიდა ქვის ქანდაკებებს და ატარებდა კვლევებს ახალ მასალებსა და მეთოდებზე. 1940-იან წლებში მან შექმნა ბიომორფული სკულპტურების სერია, რომლებიც დამზადებულია ერთმანეთზე გადაბმული ფილებისგან. ამ სერიიდან ყველაზე ცნობილი ნამუშევრი - Kouros პირველად 1946 წლის სექტემბერში გამოფენაზე წარმოადგინეს, რამაც ხელი შეუწყო ნოგუჩის ადგილის დამკვიდრებას სახელოვნებო სცენაზე. 

1947 წელს მან დაიწყო თანამშრომლობა ჰერმან მილერთან, რომლის შედეგადაც შეიქმნა ნოგუჩის რამდენიმე მოდერნისტული სტილის სიმბოლოდ ქცეული დიზაინი, მათ შორის -  საკულტო მაგიდა - Noguchi table, რომლიც დღემდე რჩება წარმოებაში. 

ნოგუჩის სხვა მნიშვნელოვან და ცნობილ ნამუშევრებს შორისაა Black Sun, 1969 წლის სკულპტურა, რომელიც მდებარეობს სიეტლში, ვაშინგტონის მოხალისეთა პარკში, 29 ტონის მასიური, კარარას მარმარილოს სკუპტურა -  Slide Mantra, რომელიც დამთვალიერებელს მაიამის ბეიფრონის პარკში მასპინძლობს, ასევე Red Cube, White Cube, Momo Taro და მრავალი სხვა. 

ისამუ ნოგუჩის შემოქმედება ასახავს  მოქანდაკის ინტერესს მატერიალური და სივრცითი კვლევების მიმართ, თავის ნამუშევრებში მან შეძლო იაპონური ესთეტიკისა და დასავლური მოდერნიზმის ინტეგრაცია, გადალახა საზღვრები ხელოვნებას, დიზაინს, თეატრსა და არქიტექტურას შორის. 

გარდა საჯარო სივრცეების, პარკებისა და ბაღებისა, ნოგუჩის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის, გუგენჰაიმის მუზეუმის, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმისა და ოსაკას ხელოვნების ეროვნული მუზეუმის საჯარო კოლექციებში.


ფოტოს წყარო: WikiArt, The Noguchi Museum, Artsy, AnOther Magazine