ჩოგბურთი შეგვიძლია განვიხილოთ არა როგორც მხოლოდ სპორტი, არამედ როგორც სხეულის ენა, ხელოვნება, საკუთარი თავისა და ემოციების გამოხატვის საშუალება, რასაც ადასტურებს მსოფლიო კინემატოგრაფიაში ჩოგბურთის მოედნებზე გადაღებული არაერთი გამორჩეული სცენა. გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომლის სიუჟეტი ამ საინტერესო სპორტის ირგვლივ ვითარდება ან გამოირჩევა დასამახსოვრებელი, ჩოგბურთთან დაკავშირებული სცენით.
Blow-Up
1966 წლის ფსიქოლოგიური დრამა - Blow-Up რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია, რომელშიც მთავარი გმირი ფოტოგრაფი მამაკაცია. იგი პარკში მყოფ შეყვარებულ წყვილს ფოტოებს გადაუღებს, რის შემდეგაც ირკვევა, რომ სწორედ ამ პარკში მკვლელობა მოხდა, ფოტოგრაფმა კი მომხდარის ბუნდოვანი დეტალები სრულიად შემთხვევით თავის ერთი შეხედვით უწყინარ სურათებში აღბეჭდა. ფილმში ერთ-ერთ ყველაზე დამაფიქრებელ და საინტერესო სცენას სწორედ ჩოგბურთის მოედანზე ვხვდებით, სადაც პანტომიმის თეატრის მსახიობები ჩოგბურთს ჩოგნებისა და ბურთის გარეშე თამაშობენ, ფოტოგრაფი კი ამ წარმოსახვითი თამაშის თანამონაწილე ხდება. ეპიზოდის აღქმა საკმაოდ ინდივიდუალურია, თუმცა აღნიშნავს იმას, რომ ადამიანის წარმოსახვა, რაც თითქოს არარეალური ჩანს, სინამდვილეში შესაძლებელია ძალიან რეალური და ცხადი იყოს.
Belle de Jour
ჩოგბურთის კორტებზე გადაღებულ სცენას მსახიობ კატრინ დენევის შესრულებით 1967 წლის Luis Buñuel-ის ფრანგულ დრამაში - Belle de Jour-ში შეხვდებით, რომელიც 1928 წლის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. Belle de Jour არის Buñuel-ის პირველი ფერადი ფილმი და მის ყველაზე დახვეწილ ვიზუალურ ნამუშევრად ითვლება, რომელიც სავსეა სიმბოლიზმით და ბურჟუაზიის წარმომადგენელი ფრანგი დიასახლისის - სევერინის ეტაპობრივ, ამოუხსნელ ცვლილებას ასახავს. ფილმში დიდ როლს თამაშობს ლეგენდარული დიზაინერის - ივ სენ ლორანის შექმნილი მრავალფეროვანი და ელეგანტური კოსტიუმების სერია.
Claire's Knee
ფრანგმა კინორეჟისორმა - ერიკ რომერმა 1970 წლის დრამაში, სახელწოდებით - Claire's Knee, მოედანზე გადაღებული სცენით შესანიშნავად ასახა ჩოგბურთი და მასთან დაკავშირებული ესთეტიკა. ფილმში მთავარ როლებს ჟან-კლოდ ბრაილი, ავრორა კორნუ, ბეატრის რომანდი და ლორანს დე მონაგანი ასრულებენ. Claire's Knee მეგობრობაზე, სიყვარულზე, სურვილებზე, ფანტაზიებსა და მათ შეუთავსებლობაზე მოგვითხრობს.
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე
ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის 1978 წლის ფილმში - "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" - წარმოდგენილია ჩოგბურთის შეჯიბრი მაყურებლებით სავსე მოედანზე. ფილმში არაერთი ლეგენდარული ქართველი მსახიობი მონაწილეობს, მათ შორის მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებს. სიუჟეტი ჟურნალისტი ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელიც მრავალი ადამიანის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავს, თუმცა თავად საკუთარი ოჯახისთვის და პირადი პრობლემებისთვის დრო აღარ რჩება. ქართულ ფილმს მიღებული აქვს საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოები.
A Room With a View
გასული საუკუნის კიდევ ერთი გამორჩეული ფილმი, ჩოგბურთის მოედნითა და მასთან დაკავშირებული დასამახსოვრებელი სცენით, რეჟისორ ჯეიმს ეივორის მიერ გადაღებული 1985 წლის რომანტიკული დრამა A Room With a View-ია, რომელშიც მსახიობ ჰელენა ბონემ კარტერის წარმატებული დებიუტი შედგა. ფილმი სხვადასხვა ცხოვრებისეული, ყოველდღიური დილემების შესახებ კითხვებს სვამს და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანულ საზოგადოებას წარმოადგენს. A Room With a View ეფუძნება კლასიკოსი ბრიტანელი ავტორის - ე.მ. ფორსტერის ნოველას.
The Royal Tenenbaums
ჩოგბურთის სცენებს შეხვდებით უეს ანდერსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ფილმში - The Royal Tenenbaums, რომელიც 2001 წელს გამოვიდა. კომედიური დრამა, რომელიც გასართობთან ერთად საკმაოდ სევდიანი და დამაფიქრებელია, ტენენბაუმების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს და თითოეული წევრის, საინტერესო პერსონაჟების თავგადასავლებსა და პრობლემებზე, მათ ექსცენტრიკულ და კომპლექსურ ურთიერთობებზე გვიყვება. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: დენი გლოვერი, ჯინ ჰეკმენი, ანჯელიკა ჰიუსტონი, ბილ მიურეი, გვინეტ პელტროუ, ბენ სტილერი, ლუკ და ოუენ უილსონები.
Wimbledon
Wimbledon რიჩარდ ლონკრეინის მიერ გადაღებული 2004 წლის რომანტიკული კომედიაა, რომელიც მიზანდასახული ჩოგბურთელის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მას უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვების შანსი ეძლევა, ამავდროულად კი სასიყვარულო ურთიერთობის განვითარების გზას ადგას. გარდა იმისა, რომ ფილმში ბევრ რომანტიკასა და სახალისო, გასართობ სცენას ვხვდებით, Wimbledon ჩოგბურთის ერთ-ერთი უმთავრესი მსოფლიო ტურნირის შესახებ საინტერესო ფაქტებს, მოვლენებს და ტურნირის შიდა სამზარეულოს გვიზიარებს. ფილმში მთავარ როლებს პოლ ბეტანი და კრისტენ დანსტი ასრულებენ.
Battle of the Sexes
2017 წელს გადაღებული ბიოგრაფიული დრამა უიმბლდონის ჩემპიონის, ბობი რიქსისა და ახალგაზრდა ჩოგბურთელი ქალის, ბილი ჯინ კინგის დაპირისპირების ისტორიას და 1973 წელს ჩატარებული ლეგენდარული მატჩის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აალაპარაკა. Valerie Faris-ისა და Jonathan Dayton-ის ფილმში მთავარ როლებს ემა სტოუნი და სტივ კარელი ასრულებენ.
King Richard
კიდევ ერთი ბიოგრაფიული სპორტული დრამა 2021 წლის King Richard-ია, რომლის გადაღებაც რეჟისორ რეინალდო მარკუს გრინს უკავშირდება. ფილმი რეალურ ისტორიას მოგვითხრობს რიჩარდ უილიამსის და მისი ორი ქალიშვილის - სერენა და ვინუს უილიამსების შესახებ, რომელთაც მამამ ჩოგბურთის თამაში ასწავლა, ავარჯიშა და გოგონები მსოფლიოში უდიდეს და წარმატებულ ჩოგბურთელებად აქცია. მამა, რომელსაც თავად არასდროს უთამაშია ჩოგბურთი, თავის ქალიშვილებს კალიფორნიის შტატის ქალაქ კომპტონში მდებარე კორტებზე ავარჯიშებდა და შთააგონებდა სპორტისადმი სიყვარულს, რამაც ძალიან წარმატებული შედეგი გამოიღო. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები - უილ სმიტი, ჯონ ბერნთალი, დილან მაკდერმოტი, ტონი გოლდვინი და სუზი აბრომეტი.
Challengers
ლუკა გუადანინოს უახლესი ფილმი - Challengers 2024 წელს გამოვიდა, მასში მთავარ როლებს ზენდაია, მაკ ფესტი და ჯოშ ო კონორი ასრულებენ. რომანტიული ფილმი, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედის და უერთიერთობების შესახებ გვიყვება, კარგად ასახავს ჩოგბურთთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც. ფილმში სპორტთან დაკავშირებულ არაერთ სცენას შეხვდებით.
დაწერე კომენტარი