ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში 1831 წლით დათარიღებული ნაგებობა - Wuorio House მდებარეობს, სადაც ამჟამად ქართული სტუდიის - DODO Designs-ის დიზაინით შექმნილი ღვინის ბარია განთავსებული. საუკუნოვანი შენობა, რომელიც თითქმის 200 წლის ისტორიას ინახავს, სტუმრებს ქართული ტრადიციული და ორიგინალური ელემენტებით გაფორმებული ღვინის ბარით მასპინძლობს, სადაც მრავალფეროვანი ევროპული და ქართული ღვინო იყიდება და სასმელთან მისაყოლებელი სტარტერები და კერძები მზადდება.

დოდოშკა ჩხეიძე, დიზაინერი:


,,შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს და მისი მოხატული ჭერი, ჭერის სანათი და იატაკის ფილები ჩვენთვის მთავარი დიზაინ ელემენტები იყო, რაზეც დავაშენეთ უკვე ჩვენი დიზაინის კონცეფცია, რომელიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ღვინის და ქართული კულტურის ხასიათზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული. ინტერიერში გამოსაყენებლად მხოლოდ ორი ფერი შევარჩიეთ - მწვანე, რომელიც ყურძნის ფერია და აგურისფერი, რომელიც ღვინის ტრადიციული ჭურჭლისა და ქვევრის ფერია, სივრცის ზონირება ამ ორი ფერის კედლებით მოხერხდა.

სახასიათო ვიზუალისთვის ერთამეთისგან განსხვავებულ, მეორად სკამებს გავუკეთეთ რესტავრაცია. 60-დან 80-იანებამდე პერიოდის სკამები ჩემთვის მრავალფეროვნების, არასტანდარტულობისა და ისტორიის ასოციაციას ქმნის. ყველა მაგიდასთან ძველი, ქართული ფარდაგებია დაფენილი და ხის თაროებზე ღვინის ბოთლებთან ერთად, ქართული, თიხის ჭურჭელი დევს, რაც სივრცის შინაარსს და ხასიათს ხაზს უსვამს.

ქართული ელემენტებიდან დამწერლობის შემოტანაც გვინდოდა და თემატურად, ქართული სუფრის ტრადიციული სიტყვა - “გაგიმარჯოს!” ლითონის ასოებით დავამონტაჟეთ ერთ-ერთ კედელზე.’’

Wuorio House-ის ისტორიული შენობა თავდაპირველად საცხოვრებელ სახლად აშენდა, შენობის მოდერნიზაციაზე ხელოვანმა Salomo Wuorio-მ და არქიტექტორმა Herman Gesellius-მა იმუშავეს. 1913 წელს დასრულებული რემონტის შემდეგ, ნაგებობა ცნობილი გახდა, როგორც “Wuorio business palace”. შენობაში თითქმის 70 წლის განმავლობაში განთავსებული იყო Salomo Wuorio-ს მაღაზია, 1930-იანი წლებიდან კი შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა ინგლისური
ესთეტიკის ჩაის სახლი - The English Tearoom.
House წლების განმავლობაში რამდენჯერმე გადაკეთდა და ადაპტირდა, და ახლა მოდერნიზებულია, როგორც ბიზნეს და საოფისე შენობად, საინტერესო სივრცებიითა და მრავალწლიანი ისტორიის პატივისცემით.