სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და აქტივიზმით გამორჩეულ თავის მოვლისა და სილამაზის ბრენდ The Body Shop-ს თავისი მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთი ისეთი კამპანია განუხორციელებია, რომლითაც მილიონობით ადამიანის ყურადღება თანამედროვე სამყაროს ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებზე გაუმახვილებია და ამით ამ პრობლემების მოგვარების გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიური ცვლილებები შეუტანია.

Save The Whale

პირველი ასეთი კამპანია, რომელიც ვეშაპების გადარჩენისკენ იყო მიმართული The Body Shop-მა 1986 წელს Greenpeac-თან თანამშრომლობით განახორციელა. The Body Shop პირველი იყო, ვინც სამყაროს ვეშაპებზე ნადირობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და სილამაზის ინდუსტრიას კაშალოტის ზეთის ნაცვლად საუკეთესო ალტერნატივად ჟოჟობას ზეთი შესთავაზა.

Stop the Burning


პირველი გარემოსდაცვითი კამპანია კი The Body Shop-მა ბრაზილიაში ტყეების ხანძრის შესაჩერებლად წამოიწყო, რომლის ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერებიც შემდგომში ბრაზილიის პრეზიდენტს წარედგინა.

The Body Shop Foundation

1990 წელს კომპანია The Body Shop-მა დააარსა ფონდი, რომლითაც ადამიანის უფლებადამცველი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომი გახადა.

Plight Of the Ogoni People


1993 წელს "ბოდიშოპმა" საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით და ნიგერიული ტომის მხარდასაჭერად კამპანია წამოიწყო. ტომი ნიგერიის დელტაში გარემოს ნავთობით დაბინძურების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის გამო იდევნებოდა, მათი ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტი კი ამ პროტესტის გამო ნიგერიელმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს. ბოდიშოპის ეს ცნობილი კამპანია ხუთი წლის განმავლობაში, 1998 წლამდე გრძელდებოდა.

Against Animal Testing


"ბოდიშოპი" თავის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიაში ალბათ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საკუთარი პროდუქციის ცხოველებზე ტესტირებაზე უარი თქვა და მთელ მსოფლიოსაც  ამას მოუწოდებდა. 1996 წლის პეტიციით, რომელზეც 4 მილიონმა ადამიანმა მოაწერი ხელი, The Body Shop-მა მოახერხა, რომ ორი წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირება კანონით აკრძალულიყო.

Self Esteem


1997 წელს "ბოდიშოპმა" სილამაზის ინდუსტრიაში არსებული სტანდარტების წინააღმდეგაც გაილაშქრა. კამპანიის ფარგლებში ბრენდმა შექმნა თოჯინა, სახელად რუბი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებს საკუთარი სხეულისა და თავის პატივისცემისკენ მოუწოდებდა.

Make Your Mark

1998 წელს დალაი ლამას დახმარებით და Amnesty International-თან თანამშრომლობით ბოდიშოპმა ადამიანის უფლებების დაცვისთვის კამპანია Make Your mark წამოიწყო, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 50-ე წლისთავს მიეძღვნა. კამპანიაში  მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი ჩაერთო.

Choose Positive Energy

Greenpeace-თან თანამშრომლობით დაწყებულ კამპანიაში, რომლის პეტიციასაც ექვს მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, "ბოდიშოპმა" საზოგადოებას მდგრადი და განახლებადი ენერგიის მოხმარებისკენ მოუწოდა.

Stop Violence In the Home

2003 წელს "ბოდიშოპმა" MTV-სთან ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცდილობდა, მეორე მხრივ კი, ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებდა მათ, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

Get Lippy


MTV international-თან ერთად "ბოდიშოპმა" მორიგი კამპანია - HIV და AIDS ვირუსების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მიმართა. კამპანიამ მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო და საერთო ჯამში დაახლოებით 2 მლნ დოლარი გამოიმუშავა, რომელიც მთლიანად  ამ პრობლემის წინააღმდეგ საგანმანათლებლო აქტივობებს მოხმარდა.

Stop Sex Trafficing


2009 წლის სექტემბერში "ბოდიშოპმა" საკუთარი წვლილი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაშიც შეიტანა. ღონისძიებები ცნობიერების ასამაღლებლად, ფულადი დახმარება, პრობლემის წინააღმდეგ მიმართული პეტიცია და მარში -  ის აქტივობებია, რომლებიც კომპანიამ ახალგაზრდებსა და ბავშვებში ტრეფიკინგის პრობლემის დასაძლევად განახორციელა.