ქართველი მხატვარი ვანო ენუქიძე, რომელიც 1907 წელს ქუთაისში დაიბადა, სიცოცხლის ბოლომდე საფრანგეთში, პარიზში მოღვაწეობდა, მეგობრობდა ვერა ფაღავასთან, რომელთან ერთადაც ფრანგულ გალერეებში არაერთხელ გაუმართავს გამოფენებიც. 1929 წელს საქართველოში მძიმე პოლიტიკური და სოციალური პრობლემების ფონზე ვანო ენუქიძემ, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქართველმა ხელოვანმა და საზოგადო მოღვაწემ საფრანგეთში ემიგრაცია გადაწყვიტა. პარიზში ჩასვლამდე ის ვერა ფაღავას და მის ოჯახს დაუმეგობრდა, რომელმაც ვანო პარიზის სახელოვნებო წრეებთან დააახლოვა, გააცნო იმ დროის ისეთი ხელოვანები, როგორებიც იყვნენ: ალფრედ მანსიეღი, ჟან ბერტოლი, როჯერ ჰილტონი და სხვ. 1937 წლიდან ის რენსონის აკადემიაში სწავლობდა, მისი ხელმძღვანელი კი რობერტ ბისიეღი იყო.

26-e1697553175271.jpg 419.32 KB

ვანო ენუქიძემ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც და საფრანგეთშიც განათლება იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებებს დაუკავშირა, სიცოცხლის უმეტესი წლები ხელოვნებას მიუძღვნა. მისი მთავარი გატაცება 1966-59 წლებში ექსპრესიონიზმი იყო,  მისი სადებიუტო გამოფენა კი 1958 წელს პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა, ერთი წლის შემდეგ გამართული გამოფენა კი გალერეა Charpentier-ში გარდამტეხი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის უფრო მეტმა ფრანგმა და საერთაშორისო ხელოვანმა და გალერისტმა გაიცნო. შედეგად, მომდევნო ორი ათწლეული ვანო ენუქიძე წამყვან პარიზულ გალერეებთან - Charpentier-თან, Craven-თან, Salone des independants-თან - თანამშრომლობდა, ამასთანავე ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა შვეიცარიაში, შვედეთში, გერმანიასა და იტალიაშიც.

მნიშვნელოვანი იყო ვანო ენუქიძის თანამშრომლობა გალერეა დარიალთან, სადაც ის ვერა ფაღავასთან ერთად მუშაობდა. ზოგადად, გარდა ხელოვნებისა და პროფესიული საქმიანობისა, ცნობილია, რომ ისინი ძალიან ახლო მეგობრებიც იყვნენ, რომლებმაც ემიგრაციის გზა ერთად გაიარეს და მუდმივად ზრუნავდნენ ერთმანეთზე, განსაკუთრებით ვერა, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებულ ვანო ენუქიძეს სიცოცხლის ბოლომდე ედგა მხარში.

ვანო ენუქიძის მიერ შექმნილ აბსტრაქტულ ნამუშევრებს ბევრი აქვს საერთო ვერა ფაღავას სტილთანაც, ბევრი მსგავსება შეინიშნება როგორც ფერთა პალიტრის, ისე ნამუშევრებში გეომეტრიული ფორმების გამოყენებაშიც. როგორც 1959 წელს მის შესახებ Le Monde-მა დაწერა, ვანო ენუქიძის ნახატები კოდირებული წერის სტილს გვახსენებს, კომპოზიციები კი, რომლებიც მოციმციმე ქსელებს მოგვაგონებს, სავსეა ელეგანტურობის ელფერითაც. ვანო ენუქიძის ეს უნიკალური ნამუშევრები დღეს პრესტიჟულ კოლექციებსა და მუზეუმებში ინახება, მათ შორის - პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მისი ნამუშევრების უმეტესობა დღეს AC/VP-ში, ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციაში და გალერეა “შარდენში” ინახება. ვანო ენუქიძის სრული, პერსონალური რეტროსპექტივა საქართველოში ჯერჯერობით არ გამართულა, თუმცა ქართველმა დამთვალიერებელმა მისი რამდენიმე ნამუშევარი  გალერეა “შარდენში” გამართულ  თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე იხილა ვერა ფაღავას ნამუშერებთან ერთად. 


ფოტოების წყარო : გალერეა შარდენი და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია