სტენლი კუბრიკის 2001: კოსმოსური ოდისეას/ 2001: Space Odyssey (1968) დაკავშირება დანტე ალიგიერის ღვთაებრივ კომედიასთან (1472), შეიძლება უცნაურ წამოწყებას ჰგავდეს. მართლაც, რა შეიძლება ჰქონდეს საერთო მე-20-ე საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკას მე-14 საუკუნის ნარატიულ პოემასთან?
საქმე ჰალ 9000-შია, პატარა, მრგვალ, დემონურ, წითელ, ხელოვნურ ინტელექტში, რომელიც კოსმოსურ ხომალდს აკონტროლებს და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს ეკიპაჟის ყველა წევრი გაანადგუროს.
ჰალი მართლაც დემონურია, მითუმეტეს, თუ მის პერსონაჟს დანტეს ჯოჯოხეთის ჭრილში განვიხილავთ.
პირველ რიგში, ყურადღებას ჰალ-ის სახელზე გავამახვილებთ, რომლის შერჩევაც ინგლისურენოვანი რეჟისორის ცნობიერ გადაწყვეტილებას ჰგავს. სახელი ჰალ, თავისი ჟღერადობით, ძალიან ჰგავს ინგლისურ სიტყვა Hell-ს, რომელიც ჯოჯოხეთს ნიშნავს. ამით, კუბრიკი დემონურ მანქანას პირდაპირ ეშმაკებით მართულ ქვესკნელთან აიგივებს/აკავშირებს.
მეორე თვალშისაცემი ელემენტი, რომელიც ზემოთ ხსენებულ თეზისს უფრო დამაჯერებელს ხდის, ჰალის სერიული ნომერი 9000-ია. დანტე ჯოჯოხეთს სწორედ ცხა წრედ ჰყოფს. ისიც კი დასაშვებია, რომ ნულები ჰალის სერიული ნომრიდან სწორედ ამ წრეების სიმბოლოს იძენს.
მესამე, თუ ჰალ 9000-ს კარგად დააკვირდებით, ის თვალს ჰგავს; დანტეს მიერ წარმოდგენილ ჯოჯოხეთს კი ძაბრის ფორმა აქვს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დანტეს ჯოჯოხეთს “ღმერთის პერსპექტივიდან” უყურებთ (მაგალითად, დრონით იღებთ). ასეთ შემთხვევაში ისიც აუცილებლად თვალს მოგაგონებთ, რასაც აღორძინების პერიოდის ილუსტრატორები კარგად ხვდებოდნენ (იხილეთ მეორე გამოსახულება).
და ბოლოს, მოცემულობას კონტექსტუალურად თუ შევხედავთ, როგორც ჯოჯოხეთი, ასევე ჰალ 9000 ადამიანებს, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად ეპყრობა, ან როგორც დანტე იტყოდა: “თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა!” (ჯოჯოხეთი, ქება III).
დაწერე კომენტარი