კახეთი მისი უამრავი საინტერესო ადგილითა და ღირსშესანიშნაობებით ქმნის გამორჩეულ გარემოს ოჯახთან ერთად უქმე დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად. ჩვენი რესპონდენტი ირინა თოდუა კახეთს ბავშვობიდან ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრობს, მათთან ერთად არაერთ მოგონებას აგროვებს და საყვარელ ადგილებს გვიზიარებს. ირინას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი წინანდლის მამულის სასტუმრო “რადისონ ქოლექშენშია”, სადაც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება დაგხვდებათ და 17-დან 20 ივნისის ჩათვლით ნომრის დაჯავშნისას 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
მთავარი ადგილი კახეთში, ოჯახთან ერთად დროის გასატარებლად...
კახეთი ჩემთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით კახეთიდან არ ვარ, ბავშვობაში ზაფხულის დიდი ნაწილი თელავში მაქვს გატარებული, რადგან ჩემი ბებია და ბაბუა გარემოს დაცვას ემსახურებოდნენ მეცნიერული თვალსაზრისით და ხშირად უწევდათ იქ ყოფნა.
ალბათ ჩემი საყვარელი ადგილი ჩვენი სახლია, ეზო და ვენახები, საიდანაც იშლება ალაზნის ველი კავკასიონის მთების ფონზე.
სასტუმრო, სადაც ყველაზე ხშირად ჩერდები ან სადაც ყველაზე მეტი დრო გაქვს გატარებული…
ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ახლა უკვე ჩემს შვილებთან ერთად ხშირად მიწევს კახეთში სტუმრობა. ჩემი ოჯახის საყვარელი ადგილია წინანდალი და შეუდარებელი სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“, რომელიც უკვე წლებია ჩამოყალიბდა საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, ისტორიულ და ტურისტულ ცენტრად.
ბოლო დროს აღმოჩენილი საყვარელი ადგილი კახეთში...
,,რუისპირის ბიოდინამიკური მეურნეობა”, რომელიც მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტ სოფელ რუისპირში. მეურნეობა არ იყენებს სინთეტიკურ პესტიციდებს და სასუქებს, იყენებენ მხოლოდ ფერმენტირებულ მცენარეებს, მინერალებს და ბიოსასუქებს. იქ არაჩვეულებრივად უმასპინძლდებიან სტუმრებს და აცნობენ თავიანთ საქმიანობას. ეს მეურნეობა არის ნათელი მაგალითი, რომ აუცილებელია იმ უდიდესი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ რეგიონს ბუნებრივად აქვს.
საყვარელი საოჯახო აქტივობები კახეთში…
შემოდგომა განსაკუთრებულად გამორჩეული სეზონია კახეთისთვის. „ჯაზისა და ღვინის ფესტივალზე“ ჯაზბენდები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცდილობენ შექმნან საოცარი გარემო, რომელიც ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ. ფესტივალზე მსმენელს საშუალება ეძლევა დააგემოვნოს სხვადასხვა წარმოების ქართული ღვინო.
გამორჩეული მუსიკალური ფესტივალი წინანდალში...
განსაკუთრებით გამოვარჩევდი კლასიკური მუსიკის ფესტივალს, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებით გვანებივრებს, ასევე ხელს უწყობს ქართველი ახალგაზრდა ვირტუოზების აღმოჩენას და პოპულარიზაციას.
ღონისძიება, რომელსაც წელს დაესწარით…
წელს პირველად, 1-ელ მაისს წინანდლის მამულის ამფითეატრში გაიმართა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი ლეგენდარული მაესტრო დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა.
საუკეთესო კვების ობიექტები ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად…
კახეთში უამრავი ახალი სასტუმრო და რესტორანია, სადაც ადგილობრივი წარმოების პროდუქტით გამასპინძლება უკვე ტრადიციად იქცა და ამ კუთხით ძალიან განვითარდა რეგიონი. შესაბამისად, კონკურენციაც დიდია. განსაკუთრებით შუამთის ტყეში არსებული რესტორნები მიყვარს, გომბორის გზის გავლა და უკან დაბრუნება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს იმ პერიოდში, როდესაც ბუნება განსაკუთრებულად ლამაზია.
და კერძი, რომელსაც აქ ყოველთვის აგემოვნებ…
ჩემი საყვარელი კახური კერძი ღანძილი და კახური ხის სოკოა, რომლის დაგემოვნებას გაზაფხულის პერიოდში და ნამდვილი გაზაფხულის შეგრძნებას არაფერი ჯობს.
ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად გახსენებს ბავშვობას…
ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად მახსენებს ბავშვობას კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის „სეტყვასთან ბრძოლის სამსახურია“, საიდანაც ხდებოდა სეტყვასაშიში ღრუბლების დამუშავება და გაფანტვა სპეციალური რაკეტებით, რათა დაეცვათ ვენახები და სხვა მოსავალი განადგურებისგან. ამ ადგილზე კარგად რომ მოგიყვეთ, ძალიან შორს წაგვიყვანს, უბრალოდ გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო იყო ბებია-ბაბუასთან კაბინეტში და მთლიანად ექსპედიციაში გატარებული პერიოდი.
საუკეთესო, ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება კახეთიდან…
წინანდალს განსაკუთრებულს ხდის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ის უნიკალური ბაღი, რომელიც მან თავად გააშენა. იქ ყველა ხეს თავისი ისტორია აქვს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მამის მოყოლილი ისტორიები თითოეულ ხეზე, რომელსაც ახლა ჩემს შვილებს ვუზიარებ.
სამი დანიშნულების წერტილი ან ღირსშესანიშნაობა კახეთში, რომელსაც აქ სტუმრობისას ოჯახთან ერთად უნდა ვეწვიოთ…
ალავერდის ტაძარი - ვცდილობ, ყოველ ჩასვლაზე ვეწვიო. თელავის პარკი ნადიკვარი, რომელიც პატარა გორაკზეა გაშენებული, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. პარკში იდგა სრულიად განსაკუთრებული, საოცარი ხელოვნებით შესრულებული ხის საზაფხულო თეატრი, რომელიც 90-იან წლებში ხანძარს ემსხვერპლა, იმ ადგილას ახლა ამფითეატრი გაკეთდა. ასევე აღადგინეს პარკის ღია ტერასებითა და წვეტიანი სახურავით გამორჩეული კაფე, საბავშვო ატრაქციონები და სხვა გასართობები. და, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი წინანდლის ბაღი!
დაწერე კომენტარი