ბელა ჰადიდმა საკუთარი პარფიუმერული ბრენდის - Orebella-ს სუნამოები წარადგინა, რომელთა ფორმულაც ისეთ ეთერზეთებს ეფუძნება, როგორებიცაა ვარდი, გერანიუმი, კამელია, ჟოჟობასა და ნუშის ტკბილი ზეთი. სუნამოები არ შეიცავს ალკოჰოლს და არა მხოლოდ დასამახოვრებელ სურნელს ტოვებს, არამედ ატენიანებს და კვებავს კანს. 

ბუნების სამკურნალო ძალით შთაგონებული Orebella-ს ორფაზიანი ფორმულის სუნამოები ცნობილ პარფიმერიულ სახლებთან - Firmenich-სა და Robertet-თან თანამშრომლობით შეიქმნა. სუნამოების ბოთლები სამი ფერისაა და შეფუთვა ბელა ჰადიდის ვინტაჟური პარფიუმერიისადმი გატაცებას გამოხატავს.

Orebella სამ სუნამოს აერთიანებს, თითოეული მათგანი კი ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი. ყვავილოვანი Window2Soul დამასკის ვარდისა და ჟასმინის სურნელს ატარებს, რომელსაც პიტნის, ლიმონისა და გერანიუმის ნოტები დაჰყვება. მეორე სუნამო, ტროპიკული და ყვავილოვანი Blooming Fire მონოის ყვავილისა და ეგზოტიკური პაჩულის სურნელს აერთიანებს. მის შემადგენლობაშია ბერგამოტი, კარდამონი, კედარი, მიხაკის ფოთოლი, მონოის ზეთი, ჟასმინი და პაჩული.

რაც შეეხება, მესამე სუნამოს, რომლის სახელწოდებაა Salted Muse, ის ძირითადად ხის სურნელს ატარებს. სუნამოს ზედა ნოტებია ზღვის მარილი და ვარდისფერი წიწაკა, შუა - ზეთისხილის ხე, ლავანდა და ლეღვი, ხოლო საბაზისო ნოტებია სანდლის ხე, კედარი და ქარვა.

‘’ეს სურნელები ერწყმის ჩემს წარსულს, აწყმოსა და მომავალს - ეს არის სამყარო, რომელიც ამაღლებს განწყობას, ენერგიასა და აურას.’’ - ამბობს ბელა ჰადიდი, რომლის ცხოვრებისა და პირადი გამოცდილების შთაგონებით შეიქმნა თითოეული სურნელი.


ფოტოს წყარო: Orebella