წლევანდელი ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც Hammock Magazine Visa-სთან და თიბისი კონცეპტთან ერთად გააშუქებს, 21-23 ივნისს გაიმართება. დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები, შემეცნებით ტურები და არაფორმალური ღონისძიებები არაერთ ინდუსტრიას და პროფესიონალ სპიკერს აერთიანებს, შესაბამისად, ფესტივალი სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს უმასპინძლებს, რომლებიც უამრავ საინტერესო და შთამაგონებელ ისტორიას მოისმენენ და პროფესიონალების ცოდნასა და გამოცდილებას გაიზიარებენ. გთავაზობთ 5 სესიას ZEG ფესტივალიდან, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
WHAT DO WE NEED TO TEACH AI BEFORE IT TEACHES US? - სესია 21 ივნისს, 13 საათზე გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე გამომგონებელი, მეწარმე და კომპიუტერული თამაშების დეველოპერი აარონ რასმუსენი, სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განმანათლებელი, პაკისტანელი მასწავლებელი და ადამიანთა უფლებების დამცველი ზიაუდინ იუსაფზაი და ჟურნალისტი Eliza Anyangwe წარდგებიან, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს, მის მიღწევებსა და დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავენ.
WHERE ARE WE HEADED IN ENTERTAINMENT? - შემდეგი სესია, რომელიც ფესტივალის პირველ დღეს, 17 საათზე დაიწყება, გასართობ ბიზნესს შეეხება. სესიას ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები გაუძღვებიან - პროდიუსერი და კრეატიული აღმასრულებელი დირექტორი ადამ პინკუსი, Vogue-ს ცნობილი რუბრიკის, 73 Questions-ის შემქმნელი ჯო საბია, მწერალი და კურატორი ეკოვ ეშუნი და ფრენ ში, ამჟამად მედია-კონსულტანტი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იყო E! Entertainment Television-ის დირექტორი.FUTURE OF FASHION: THE BEEN STORY - თიბისი კონცეპტის სივრცე 22 ივნისს მოდის ინდუსტრიით დაინტერესებულ მსმენელს უმასპინძლებს, რომელთა წინაშე წარდგებიან და თიბისი კონცეპტის სცენას დაიკავებენ - Genia Mineeva, მრავალი ჯილდოს მფლობელი, მდგრადი აქსესუარების, ინოვაციური ბრენდის - BEEN London-ის დამფუძნებელი და ნინუცა ნანიტაშვილი - ტექნოლოგიების ევანგელისტი, რომელსაც აქვს 12 წელზე მეტი გამოცდილება მენეჯმენტისა და საკონსულტაციო სფეროს განხრით, ტექნიკურ და სტარტაპ ინდუსტრიაში.
LESSONS FROM DANCE - 23 ივნისს, 13 საათიდან სესიას გამართავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული, VMA-ზე ნომინირებული ქორეოგრაფი Galen Hooks, რომელსაც აქვს მუშაობის გამოცდილება 70-ზე მეტ მსოფლიო ვარსკვლავთან, მათ შორის - ბრიტნი სპირსთან, მაილი საირუსთან, აშერთან, რიანასთან, ჯანეტ ჯექსონსა და ჯასტინ ბიბერთან. Galen Hooks მსმენელის წინაშე განიხილავს, თუ რისი სწავლა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ცეკვისგან, მასთან ერთად სცენაზე წარდგება ჯეიკ ფრიდმენი - მენეჯერი და პროდიუსერი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უამრავ ალბომში, აღიარებულ მუსიკალურ, თეატრალურ და კინოს ნამუშევარში.
THE DOCUMENTARY MAGIC - ფესტივალის მესამე დღეს, 16 საათიდან შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ სესიას, რომელიც დოკუმენტურ ფილმებსა და დღევანდელ რეალობაში მათ როლს შეეხება. სესიას გაუძღვება Emmy-ზე ნომინირებული კინორეჟისორი ბაო ნგუენი, რომლის ნამუშევრებს შეხვდებით HBO-ზე, Netflix-ზე, New York Times-სა და ESPN-ზე და მეთიუ ჯენი -
ლონდონში მოღვაწე, ბრიტანელ-ქართველი მწერალი და ჟურნალ TANK-ის ყოფილი რედაქტორი, რომლის ნამუშევრები გამოქვეყნებულია Guardian-ში, Financial Times-ში, New Statesman-ში, Coda Story-სა და Times-ის ლიტერატურულ დანართში.
დაწერე კომენტარი