ხოაკინ ფენიქსი პირველად ეკრანზე 1982 წელს გამოჩნდა.1982-1983 წლებში მისი ძმა, რივერი ტელესერიალში - Seven Brides for Seven Brothers თამაშობდა. ხოაკინი სერიალში გამოჩნდა, როგორც საპატიო სტუმარი, თუმცა მას შემდეგ არაერთ შოუსა თუ ტელესერიალში მიიწვიეს, მაგალითად, The Fall Guy, Hill Street Blues და Murder,She Wrote. გარდა ამისა, 8 წლის მსახიობი რივერთან ერთად ABC Afterschool Special about dyslexia-ში მონაწილეობდა. იმ პერიოდში ხოაკინს არჩეული ჰქონდა სახელი ლიფ, რომელიც 6 წლის ასაკში თავად დაირქვა. მოგვიანებით, 16 წლის მსახიობმა კვლავ თავისი ნამდვილი სახელი დაიბრუნდა.
SpaceCamp (1986)
ფილმის დებიუტი 1986 წელს შედგა. საბავშვო სათავგადასავლო ფილმში SpaceCamp არტისტი ასტრონავტის მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა. აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო Morningstar/Eveningstar-ში, სადაც ამბავი უსახლკარო ბავშვებზე მოგვითხრობდა. სამწუხაროდ, სერიალი მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდისგან შედგებოდა, რადგან მალევე დაიხურა.
Parenthood (1989)
ჰოლივუდის დატოვებისას მსახიობმა დიდი პაუზა აიღო. საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა, სადაც რონ ჰოვარდის კომედიაში - Parenthood მიიღო მონაწილეობა. ფილმში დაიან ვისტის ვაჟის როლი საუცხოოდ შეასრულა. 15 წლის ასაკში ლათინურ ამერიკაში მარტომ გადაწყვიტა მოგზაურობა. მოგზაურობის პერიოდში მისი ძმა, რივერი ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი გახდა.
To Die For (1995); Inventing the Abbotts (1997); U-Turn (1997)
მსახიობი ძმის გარდაცვალების შემდეგ ხოაკინი კარიერას კვლავ დაუბრუნდა. გან ვან სენტის ფილმში - To Die For წარუმატებელი თინეიჯერის როლი ითამაშა ნიკოლ კიდმანთან ერთად. რომანტიკულ დრამაში - Inventing the Abbotts ეკრანზე ლივ ტაილერთან ერთად გამოჩნდა. წყვილს ურთიერთობა ეკრანს მიღმაც ჰქონდა. შემდეგ კი ხოაკინმა თრილერში - U-Turn რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ითანამშრომლა.
Gladiator(2000); The Yards(2000);
2000 წელს მსახიობმა ფილმისთვის Gladiator საუბარი ბრიტანული აქცენტით ისწავლა. ის ეჭვიანი იმპერატორი კომოდიუსის როლს ასრულებდა. რიდლი სკოტის სუპერმებრძოლის როლმა მსახიობს ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებებზე წარმატება მოუტანა, მათ შორის ოსკარზეც იყო ნომინირებული. იმავე წელს არტისტმა გააგრძელა შემოქმედებითი წინსვლა და The Yards -ში მარჯვე ქირურგის როლი არაჩვეულებრივად შეასრულა, ასევე ითამაშა The Quills-ში ქეით უინსლეტთან ერთად.
Signs(2002); The Village (2004)
რეჟისორ მ.ნაით შიამალანთან მუშაობისას საშიშ თრილერში - Signs ფენიქსი მეორეხარისხოვან როლში მელ გიბსონის ახალგაზრდა ძმას განასახიერებდა. კინო წარმატებით გაიყიდა და $227 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. შემდეგი თანამშრომლობა The Village-ში შედგა, სადაც მსახიობი ახალგაზრდა კაცის როლს თამაშობდა, რომელმაც ქალაქის გარშემო არსებული მისტიკური ტყის კვლევისას თავისი თემი რისკის ქვეშ დააყენა. ამ პერიოდში მსახიობი სახელგანთქმული გახდა მისივე პერსონაჟების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით, რადგან პერსონაჟების გაცნობისას და მათი ხასიათის შესწავლისას ის ბოლომდე იძირებოდა მათში და ემსგავსებოდა მათ.
“ის სხვა განზომილებაში თამაშობს. თითქმის ზეკაცია”, - თქვა ბრაის დალას ჰაუარდმა.
Hotel Rwanda (2004)
ოსკარზე ნომინირებულ ბიოგრაფიულ დრამაში - Hotel Rwanda ხოაკინმა ჟურნალისტის, ჯეკ დაგლიშის როლი შეასრულა, სადაც მსახიობი გრძელ წვერს ატარებს.
Ladder 49 (2004)
2004 წელს ფენიქსი Ladder 49-ში გამოჩნდა ჯონ ტრავოლტასთან, რობერტ პატრიკთან და ბალტაზარ გეტისთან ერთად. ფენიქსი მეხანძრეობის პროფესიულ ტრენინგებს გადიოდა. შედეგად, მის მიერ ნათამაშებმა როლმა და დაუღალავმა შრომამ მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმმა პირველივე კვირას $22 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
Walk the Line (2005)
Walk the Line-ში ხოაკინმა ჯონი კეშის მთავარი როლი შეასრულა, სადაც მან ფაქტობრივად, გადააჭარბა თავის შესაძლებლობებს. ექვსი თვის განმავლობაში ფენიქსი გიტარაზე დაკვრასა და სიმღერას სწავლობდა, რათა ისე ეთამაშა, როგორც ნამდვილ ჯონი კეშს შეეფერებოდა. მისი პარტნიორი რიზ უიზერსპუნიც დადიოდა ტრენინგებზე, რათა ჯონის ცოლი, ჯუნ კარტერ კეში იდეალურად განესახიერებინა.
ფილმის გადასაღებ მოედანზე მსახიობი ყველას აფრთხილებდა, რომ მისთვის J.R. (ჯონ რეი კეში) დაეძახათ, რათა როლის ეშხში უფრო მეტად შესულიყო და გაეთავისებინა. ხოაკინი პირველად იყო ოსკარზე ნომინირეული, როგორც კაცის საუკეთესო როლის შემსრულებელი კომედიაში, ან მიუზიკლში და ოქროს გლობუსის პირველი ჯილდო იმავე ნომინაციაში მიიღო. გარდა ამისა, ფილმის საუნდტრეკმა, სადაც ფენიქსი და უიზერსპუნი მღეროდნენ, გრემის ჯილდო ალბომის საუკეთესო კრებულისთვის დაიმსახურა.
კინოს გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობმა დაიწყო რეაბილიტაცია, რაც ალკოჰოლით იყო გამოწვეული.
“ვსვამდი, რადგან ეს იყო რელაქსაციის საშუალება მაშინ, როცა არ ვმუშაობდი”, - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.
We Own the Night (2007); Two Lovers (2009)
2007 წელს არტისტი შეუერთდა უალბერგს კინოში - We Own the Night, სადაც ისინი კანონის მოწინააღმდეგე ძმების როლს თამაშობდნენ. Reservation Road-ში ის მამის როლს განასახიერებდა, რომელსაც შვილი ავტოავარიის შედეგად დაეღუპება. ასევე, მას მთავარი როლი ჰქონდა ჯეიმს გრეის დრამაში - Two Lovers, სადაც პარტნიორობას გვინეტ პელტროუს უწევდა.
I'm Still Here Doc (2010)
2009 წლის თებერვალში ფენიქსმა უცნაური განცხადება გააკეთა, რომელიც დევიდ ლეტერმანის შოუში გამოჩენას უკავშირდებოდა. ფანები ფიქრობდნენ, რომ მსახიობს მენტალური პრობლემები ჰქონდა. ინტერვიუც არაორდინარულობით გამოირჩეოდა - ხოაკინის დიდი პაუზებით საუბარი მაყურებლისთვის უცხო და დამაბნეველი იყო, თუმცა ლეტერმანი თითქოს თავისი იუმორით ამხნევებდა და ანეიტრალებდა მსახიობის “ბოდვას”. ინტერვიუს დროს ფენიქსს გვინეტ პელტროუს სახელი და გვარი დაავიწყდა. სწორედ იმ პერიოდში მან გამოაცხადა, რომ სამსახიობო კარიერა უნდა მიეტოვებინა, რათა რეპ ალბომი გამოეცა.
ლას-ვეგასში მყოფი მსახიობის ვიდეომ ვირუსულად დაიწყო ტრიალი, მაგრამ კლიპის ცუდმა ხარისხმა გააძლიერა თეორია იმის შესახებ, რომ არტისტი იტყუებოდა. მისი გადაწყვეტილება ჰიპ-ჰოპ არტისტი გამხდარიყო, ქეის აფლეკის 2010 წლის დოკუმენტურ კინოში - I'm Still Here-შია შეტანილი. ფილმის გამოსვლისთანავე რეჟისორმა “ნიუ-იორკ თაიმსს” უთხრა, რომ დოკუმენტური ფილმის მთავარი ამბავი გამოგონილი იყო.
The Master (2012); Her (2013)
The Master-ში ხოაკინი ომში მებრძოლი ვეტერანის, ფრედის როლს თამაშობს. პოლ თომას ანდერსონის ფილმმა ფართო აღიარება დაიმსახურა, ხოლო მსახიობს კვლავ ოსკარზე ნომინირება მოუტანა.
ახალ და საინტერესო პროექტებთან ერთად ხოაკინ ფენიქსმა სკარლეტ იოჰანსონთან ერთად ითანამშრომლა სპაიკ ჯონსის ფილმში - Her. კინო მარტოსული კაცის ძლიერ და ვნებით სავსე ურთიერთობას ასახავს, სადაც იოჰანსონის მიერ გახმოვანებული ოპერატიული სისტემა - A.I. უყვარდება.
იმავე წელს ის გამოჩნდა ფილმში The Immigrant (2013) ჯერემი რენერთან და მარიონ კოტიართან ერთად.
ასევე, ითანამშრომლა ვუდი ალენთან ფილმში - Irrational Man (2015), თრილერში - You Were Never Really Here (2017) და ბიბლიურ Mary Magdalene-ში, იესო ქრისტეს როლში.
Joker (2019)
ფილმში Joker ხოაკინ ფენიქსი არტურ ფლეკის როლს ასრულებს, რის გამოც მსახიობმა 23 კილოგრამი დაიკლო. 2019 წლის ვენეციის კინოფესტივალზე მას დიეტასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვეს, რაზეც მსახიობმა უპასუხა: “როგორც ჩანს, დიეტა ჩვენს ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს და გგონია, რომ გაგიჟდები. ამდენი კილოგრამის დაკლება მოკლე პერიოდში ძალიან რთულია”.
ფენიქსის მიერ შესრულებული ჯოკერის როლი ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული აღმოჩნდა. მაყურებლისთვის და ნიუ-იორკში ჩასული ტურისტებისთვის განსაკუთრებულად სანახაობრივი ერთ-ერთი ადგილი შექსპირისა და ანდერსონის ქუჩის კვეთაზე არსებული კიბეებია, სადაც პერსონაჟი საკულტო ცეკვას ასრულებს. კიბეებს Joker Stairs-საც უწოდებენ.
2020 წლის თებერვალში ხოაკინ ფენიქსმა მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლისთვის ყველაზე საპატიო ჯილდო, ოსკარი დაიმსახურა.
დაწერე კომენტარი